თავი - 14
Previous1უფლის, თქვენი ღმერთის შვილები ხართ თქვენ. ტანს ნუ დაიკაწრავთ და ნუ მოიპარსავთ თმას შუბლს ზემოთ მკვდარზე გლოვის ნიშნად,
2რადგან უფლის, შენი ღმერთის წმიდა ერი ხარ, შენ აგირჩია უფალმა, რომ ჰყოლოდი საკუთარ ერად ყველა ხალხს შორის დედამიწის ზურგზე.
3უსურმაგი არაფერი შეჭამო,
4ეს ცხოველებია, რომელთა ჭამა შეგიძლია: ხარი, ცხვარი და თხა.
5ირემი, ქურციკი, კამეჩი, ჯიხვი, გარეთხა, არჩვი და შველი.
6ჩლიქგაპობილი ყოველი პირუტყვი, რომელსაც გაჭრილი აქვს ორივე ჩლიქი, პირუტყვი, რომელიც იცოხნება, შეგიძლია ჭამოთ.
7ოღონდ მცოხნელთა და ჩლიქგაპობილთა შორის, რომელთაც გაჭრილი აქვთ ჩლიქი, ამათ ნუ შეჭამთ: აქლემს, კურდღელს და ბოცვერს; რადგან, თუმცა მცოხნელები არიან, მაგრამ ჩლიქი გაპობილი არა აქვთ. უსურმაგებია თქვენთვის ისინი.
8ღორი თუმცა ჩლიქგაპობილია, მაგრამ არ იცოხნება. უსურმაგია იგი თქვენთვის. ნუ შეჭამთ მათ ხორცს და მათ ლეშსაც ნუ მიეკარებით.
9წყალში მყოფი ყველაფერი ჭამეთ, რომელსაც ფარფლები და ქერცლი აქვს. ეს ჭამეთ.
10ხოლო რომელსაც ფარფლები და ქერცლი არა აქვს, ნუ შეჭამთ, უსურმაგია იგი თქვენთვის.
11ყოველი წმიდა ფრინველი ჭამეთ.
12აი, რა არ უნდა ჭამოთ: არწივი, სვავი და ფსოვი,
13ძერა, შევარდენი და ქორი და მისნაირი,
14არანაირი სახის ყორანი,
15სირაქლემა, ბუ, თოლია, მიმინო და მისნაირი,
16ჭოტი, გედი და ბუკიოტი,
17ვარხვი, კოდალა და ჩვამა,
18ყარყატი, ყანჩა და მისნაირი, ოფოფი და ღამურა.
19ყოველი მფრინავი მწერი უსურმაგია თქვენთვის, არ უნდა ჭამოთ.
20ყოველი წმიდა ფრინველი ჭამეთ.
21არა ჭამოთ არავითარი ლეში. შენს სახლში მცხოვრებ მდგმურს მიეცი იგი, მან შეჭამოს, ან უცხოელს მიჰყიდე, რადგან უფლის, თქვენი ღმერთის წმიდა ერი ხართ თქვენ. ციკანს თავისი დედის რძეში ნუ მოხარშავთ.
22აიღე მეათედი მთელი შენი მოსავლიდან, რომელიც ყოველწლიურად მოდის ყანაში,
23და ჭამე უფლის, შენი ღმერთის წინაშე იმ ადგილას, რომელიც აირჩია მან თავისი სახელის დასავანებლად, ხორბლის, ღვინის და ზეთის მეათედი, შენი საქონლისა და ცხვრის პირველმოგებული, რათა ისწავლო უფლის, შენი ღმერთის, შიში სამუდამოდ.
24თუ შორი იქნა გზა და ვერ შესძელი ყოველივე ამის წაღება იმ ადგილამდე, რომელიც ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, თავისი სახელის დასადებად, რათა გაკურთხოს შენ უფალმა, შენმა ღმერთმა,
25გადაცვალე ვერცხლზე, დაიჭირე ხელში ვერცხლი და წადი იმ ადგილას, რომელიც ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა.
26იყიდე ამ ვერცხლით ყველაფერი, რაც შენს სულს სურს: საქონელი, ცხვარი, ღვინო, სასმელი, ყველაფერი, რასაც სული მოგთხოვს, და ჭამე იქ უფლის, შენი ღმერთის წინაშე და გაიხარე შენს სახლთან ერთად.
27არ დაივიწყო შენს ქალაქში მცხოვრები ლევიანი, რადგან არა აქვს მას წილი და სამკვიდრო შენთან.
28სამი წლის თავზე აიღე მეათედი იმ წლის მოსავლიდან და დააბინავე შენს ქალაქში.
29მოვიდეს ლევიანი, რომელსაც არა აქვს წილი და სამკვიდრო შენთან, მოვიდნენ მდგმური და ქვრივ-ობლები, რომლებიც შენს ქალაქში არიან, შეჭამონ და გაძღენ, რათა გაკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, ყოველ საქმეში, რასაც გააკეთებ.
Next