Eleos

Contents

თავი - 13

Previous
1თუ გამოჩნდა შენს შორის წინასწარმეტყველი ან სიზმართმხილველი და მოგცა რამე ნიშანი ან სასწაული,
2და ახდა ეს ნიშანი და სასწაული, რაც გამოგიცხადათ, და გეტყვით: მივმართოთ სხვა ღმერთებს, რომელთაც შენ არ იცნობ, და ვემსახუროთო,
3ყურს ნუ დაუგდებ ამ წინასწარმეტყველის ან სიზმართმხილველის ნათქვამს, რადგან გცდით უფალი, თქვენი ღმერთი, იმის გასაგებად, გიყვართ თუ არა უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი თქვენი გულითა და სულით.
4უფალს, თქვენს ღმერთს, მიჰყევით და მისი გეშინოდეთ, მისი მცნებები შეასრულეთ, მისი სიტყვა გაიგონეთ, მას ემსახურეთ, მას მიეწებეთ.
5ის წინასწარმეტყველი ან სიზმართმხილველი კი უნდა მოკვდეს, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანათ და მონობის სახლიდან დაგიხსნათ, დაჰგმო მან, რათა იმ გზიდან აეცდინე, რაზეც სიარული გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა. ასე აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
6თუ იდუმალ წაგაქეზებს შენი ძმა, დედაშენის შვილი, ან შენი ვაჟი, ან ასული, ან შენს გვერდით მწოლი ცოლი, ან მეგობარი, რომელიც საკუთართ სულივითა გყავს და გეტყვის: წამო, ვემსახუროთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ არც შენ და არც შენი მამა-პაპა,
7იმ ხალხთა ღმერთებს, თქვენს გარშემო რომ არიან, შენთან ახლოს მყოფთა თუ შენგან შორს მყოფთა, ქვეყნის კიდიდან კიდემდეო,
8ნუ დაჰყვები მას და ნუ გაუგონებ, ნუ დაგენანება იგი, ნუ შეიბრალებ, ხელს ნუ დააფარებ,
9არამედ მოჰკალი იგი. პირველად შენი ხელი უნდა აღიმართოს მის მოსაკლავად, მერე კი მთელი ერისა.
10ჩაქოლე იგი, რომ მოკვდეს, რადგან ცდილობდა მოეწყვიტე უფალს, შენს ღმერთს, რომელმაც გამიგიყვანა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.
11მთელი ისრაელი გაიგებს და შეშინდება და ბოროტ საქმეს აღარ ჩაიდენენ შენს წიაღში.
12თუ გაიგებ, რომ ერთ-ერთ ქალაქში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს საცხოვრებლად,
13გამოჩნდა უგვანი ხალხი შენი წრიდან და აცთუნებს თავისი ქალაქის მკვიდრთ, ეუბნება: წამო, ვემსახუროთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობდითო,
14ხოლო შენ გამოიძიე, გაარკვიე, კარგად გამოიკითხე და, აჰა, ყველაფერი სრული სიმართლე გამოდგა: ჩადენილია ასეთი საძაგლობა შენს წიაღში,
15მახვილით დახოცე იმ ქალაქის მცხოვრებნი, დაარისხე ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია. მისი საქონელიც მახვილით დახოცე.
16მთელი ნადავლი შუაგულ მოედანზე დაახვავე და მთლიანად დაუწვი უფალს, შენს ღმერთს, ქალაქი და მთელი ნადავლი; სამარადისო ნანგრევებად დარჩეს და აღარ აშენდეს არასოდეს.
17დარისხებულს არაფერს მიეწებოს შენი ხელი, რომ დაცხრეს უფლის რისხვა, წყალობა მოგცეს, შეგინდოს და გაგამრავლოს, როგორც შეჰფიცა შენს მამა-პაპას,
18თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას და შეასრულებ ყველა მცნებას, რომელსაც დღეს გიცხადებ, და წესიერად მოიქცევი უფლის, შენი ღვთის თვალში.
Next