თავი - 12
Previous1ეს არის წესები და სამართალი, რომელსაც უნდა ასრულებდეთ მთელი სიცოცხლე იმ ქვეყანაში, უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა რომ მოგცათ.
2გაანადგურეთ ყოველი ადგილი, სადაც კი თქვენს მიერ აყრილ ხალხებს უმსახურიათ თავიანთი ღმერთებისთვის: მაღალ მთებზე და გორაკებზე, ყოველი ხემხვივანის ძირას.
3დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები და დალეწეთ მათი სვეტები, გადაწვით მათი აშერები, დაამსხვრიეთ მათი ღმერთების გამოსახულებანი და მოსპეთ მათი სახსენებელი იმ ადგილიდან.
4ასე არ მოექცეთ უფალს, თქვენს ღმერთს.
5არამედ ის ადგილი ეძებეთ და იქ მიდით, რომელსაც ყველა თქვენს შტოთა შორის ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის დასადებად, თავის სავანედ.
6იქ მიიტანეთ თქვენი აღსავლენი მსხვერპლი და საკლავი. თქვენი მეათედი, თქვენი ხელის ძღვენი, თქვენი აღთქმული, თქვენი შესაწირავი, საქონლისა და ცხვრის პირველმოგებული.
7ჭამეთ და გაიხარეთ თქვენი ნაამაგარით თქვენს სახლთან ერთად, რომელიც დაგილოცა უფალმა, შენმა ღმერთმა.
8ნუ მოიქცევით ისე, როგორც ახლა აქ ვიქცევით თითოეული ჩვენგანი, ვისაც როგორ მოსწონს.
9რადგან ჯერ კიდევ არ მივსულვართ განსასვენებელში და სამკვიდრებელში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს.
10გახვალთ იორდანეს გაღმა და დასახლდებით ქვეყანაში, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გიმტკიცებთ სამკვიდროდ. მოგასვენებთ გარეშემო მტრებისაგან და იცხოვრებთ მშვიდად.
11რომელ ადგილსაც აირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად, იქ მიიტანეთ ყველაფერი, რაც გამოგიცხადეთ: თქვენი აღსავლენი და საკლავი, თქვენი მეათედი, თქვენი ხელის ძღვენი და ყოველივე ნარჩევი თქვენი აღთქმულიდან, რაც კი აღგითქვამთ უფლისათვის.
12გაიხარეთ უფლის წინაშე თქვენ და თქვენმა ვაჟებმა, თქვენმა ასულებმა, თქვენმა ყმებმა და ყმაქალებმა, და ლევიანმა, რომელიც თქვენს ქალაქებში ცხოვრობს, რადგან არა აქვს მას წილი და სამკვიდრო თქვენს შორის.
13ფრთხილად იყავი, არ აღავლინო ყველგან, სადაც გაიხედავ, შენი აღსავლენი მსხვერპლი,
14არამედ მხოლოდ იმ ადგილზე, რომელსაც აირჩევს უფალი შენს ერთ-ერთ შტოში. იქ აღავლინე შენი აღსავლენი მსხვერპლი, იქ გააკეთე ყველაფერი, რაც გამოგიცხადე.
15ოღონდ ყოველთვის, როცა მოისურვებ, შეგეძლება საკლავის დაკვლა და უფლის, შენი ღმერთის კურთხევით, ხორცის ჭამა, რომელიც მოგცა მან შენს ქალაქებში. გაუწმიდურებულსაც და გაწმიდავებულსაც შეუძლიათ ეს ჭამონ, როგორც ქურციკი და როგორც ირემი.
16ოღონდ სისხლს ნუ შეჭამთ: წყალივით დაღვარეთ მიწაზე.
17არა გაქვს უფლება, რომ ჭამდე შენს ქალაქებში შენი ხორბლის, ღვინისა და ზეთის მეათედს, შენი საქონლისა და ცხვრის პირველმოგებულს, აღთქმულ შესაწირავს, რომელიც აღთქმული გაქვს, შენს შესაწევარს, და შენს ხელის ძღვენს.
18მხოლოდ და მხოლოდ უფლის, შენი ღმერთის წინაშე ჭამე ეს იმ ადგილზე, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, შენ და შენმა ვაჟმა, შენმა ასულმა, შენმა ყმამ და ყმაქალმა, ლევიანმა, რომელიც შენს ქალაქებში ცხოვრობს. გაიხარე უფლის, შენი ღმერთის წინაშე ყოველი შენი ნაამაგარით.
19იცოდე, არ მიატოვო ლევიანი, რამდენ ხანსაც იცხოვრებ შენს მიწაზე.
20როდესაც გაგიფართოვებს უფალი, შენი ღმერთი, საზღვრებს, როგორც ნათქვამი აქვს შენთვის, და იტყვი: მოდი, ხორცს შევჭამო, რადგან გული მიგივა ხორცის საჭმელად, ჭამე ხორცი შენი გულის სურვილით.
21თუ შენგან შორს იქნა ის ადგილი, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის დასადებად, დაკალი უფლის მოცემული საქონელი და ცხვარი, როგორც დაგარიგე, და ჭამე შენს ქალაქებში შენი გულის სურვილით.
22ოღონდ, როგორც ქურციკი და ირემი იჭმევა, ისე ჭამე იგი. გაუწმიდურებულმა და გაწმიდავებულმა ერთად ჭამონ.
23მხოლოდ გაფრთხილდი, სისხლი არ შეგეჭამოს, რადგან სისხლი სულია და სული ხორცთან ერთად არ უნდა ჭამო.
24არ შეჭამო იგი, წყალივით დაღვარე მიწაზე.
25არ შეჭამო იგი, რათა კარგად იყოთ შენ და შენი შვილები შენს შემდეგ, თუ სწორად მოიქცევი, უფლის თვალში.
26ოღონდ აიღე წმიდა შესაწირავი, რაც გექნება, და აღთქმული მსხვერპლი და მიდი იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი.
27მიიტანე შენი აღსავლენები - ხორცი და სისხლი, უფლის, შენი ღმერთის, სამსხვერპლოზე. საკლავის სისხლი დაღვარე უფლის, შენი ღმერთის სამსხვერპლოზე, ხორცი კი შეჭამე.
28დაიმარხე და შეიგონე ყველა ეს სიტყვა, რასაც გიცხადებ, რათა კარგად იყოთ შენ და შენი შვილები შენს შემდეგ, უკუნისამდე, თუ კარგად და სწორად მოიქცევი, უფლის, შენი ღმერთის თვალში.
29როცა მოსპობს უფალი, შენი ღმერთი, იმ ხალხებს, რომლებთანაც მიდიხარ, რომ აჰყარო ისინი შენგან, და შენც აჰყრი მათ და დასახლდები მათ ქვეყანაში,
30ფრთხილად იყავი, არ გაეხვიო მათ ბადეში მას შემდეგ, რაც გადაშენებული იქნებიან შენგან, არ დაუწყო ძებნა მათ ღმერთებს: როგორც ეს ხალხი ემსახურებოდა თავის ღმერთებს, მეც ასე მოვიქცევიო,
31ნუ მოექცევი ასე უფალს, შენს ღმერთს, რადგან უფლის საძაგელს და საძულველს აკეთებენ ისინი თავიანთი ღმერთებისთვის; რადგან საკუთარ ვაჟებსა და ასულებსაც კი უწვავენ ცეცხლში თავიანთ ღმერთებს.
32ეცადეთ, ყველაფერი შეასრულოთ, რასაც გიცხადებთ: ნურაფერს დაუმატებთ და ნურც მოაკლებთ.
Next