Eleos

Contents

თავი - 2

Previous
1ამ დღეებში გამოქვეყნდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება, აღწერა ჩაეტარებინათ მთელს ქვეყანაში.
2ეს იყო პირველი აღწერა სირიაში კვირინუსის გამგებლობისას.
3და ყველამ თავ-თავის ქალაქს მიაშურა ჩასაწერად.
4წავიდა იოსებიც გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან, იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ჰქვია ბეთლემი, ვინაიდან დავითის სახლისა და გვარისა იყო,
5რათა ჩაწერილიყო მარიამთან, თავის დანიშნულთან ერთად, რომელიც ფეხმძიმედ იყო.
6და იქ ყოფნისას მოაწია მისი მშობიარობის ჟამმა.
7და შობა ძე, თავისი პირმშო, ჩვრებში შეახვია და ბაგაში ჩააწვინა, ვინაიდან ფუნდუკში ადგილი არ იყო მათთვის.
8იყვნენ იმ მხარეში მწყემსები, რომლებიც ველად იდგნენ და თავიანთ ფარას დარაჯობდნენ ღამით.
9და აჰა, უფლის ანგელოზი წარუდგა მათ, გამოუბრწყინდათ დიდება უფლისა და შეშინდნენ დიდი შიშით.
10ანგელოზმა უთხრა მათ: ნუ გეშინიათ; აჰა, მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი.
11რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი.
12და აი, თქვენი ნიშანი: იპოვით ყრმას შეხვეულს და მწოლარეს ბაგაში.
13ანაზდად გაჩნდა ანგელოზთან ციურ მოლაშქრეთა სიმრავლე, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ:
14დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და სათნოება კაცთა შორის.
15და როცა ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ, რა მოხდა, როგორც გვაუწყა უფალმა.
16სასწრაფოდ მივიდნენ და იხილეს მარიამი, იოსები და ბაგაში მწოლარე ყრმა.
17და ხილვისთანავე გაანდეს სიტყვა, ყრმისთვის რომ ეუწყა მათ.
18და ყველა მსმენელს უკვირდა მწყემსების ნაამბობი.
19ხოლო მარიამი იმახსოვრებდა თითოეულ მათ სიტყვას და გულში იმარხავდა.
20გაბრუნდნენ მწყემსები და ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს ყოველივე იმის გამო, რაც იხილეს და ისმინეს, როგორც ეუწყა მათ.
21და როცა გასრულდა რვა დღე ყრმის წინადასაცვეთად, უწოდეს მას სახელად იესო, ჩასახვამდე დარქმეული ანგელოზის მიერ.
22ხოლო, როცა გასრულდა მათი განწმენდის დღენი, თანახმად მოსეს რჯულისა, იერუსალიმში წაიყვანეს იგი, რათა წარედგინათ უფლის წინაშე,
23(როგორც დაწერილია უფლის რჯულში: საშოს ამხსნელი ყოველი წული უფლის წმიდად იწოდებაო;)
24და რათა მიერთმიათ შესაწირავი, როგორც ნათქვამია უფლის რჯულში: ორი გვრიტი, ანდა ორი ხუნდი მტრედისა.
25და აჰა, იყო ერთი კაცი იერუსალიმში, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღვთისმოსავი, რომელიც მოელოდა ნუგეშისცემას ისრაელისას, და სულა წმიდა იყო მასზე.
26ნაუწყები ჰქონდა სულის წმიდის მიერ, რომ არ იხილავდა სიკვდილს, ვიდრე არ იხილავდა ქრისტეს უფლისას.
27სულით აღძრული მივიდა ტაძრად; და როცა მშობლებმა მიიყვანეს ყრმა იესო, რათა აღესრულებინათ მის მიმართ ყველაფერი, რაც დაწესებული იყო რჯულით,
28ხელში აიყვანა იგი, აკურთხა ღმერთი და თქვა:
29აწ განუტევებ მონას შენსას, მეუფეო, თანახმად შენი სიტყვისა, მშვიდობით.
30რადგანაც იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარი შენი,
31რომელიც განამზადე ყველა ხალხის წინაშე,
32ნათელი წარმართთა გასანათლებლად და შენი ხალხის, ისრაელის სადიდებლად.
33ხოლო იოსები და იესოს დედა განცვიფრებულნი იყვნენ ყრმის მიმართ ნათქვამი სიტყვით.
34აკურთხა ისინი სიმონმა და უთხრა მარიამს, იესოს დედას: აჰა, წევს იგი მრავალთა დამამხობლად და აღმადგინებლად ისრაელში, და განხეთქილების ნიშნად.
35და თვით შენც სულში გაგივლის მახვილი, რათა გამჟღავნდეს მრავალი გულის ზრახვანი.
36იყო იქ, აგრეთვე, წინასწარმეტყველი ანა, ფანუელის ასული, ტომით ასერი; ძალზე მოხუცებულს შვიდი წელი ეცხოვრა ქმართან, რომელსაც გაჰყოლოდა სიქალწულეში;
37ოთხმოცდა ოთხი წლის ქვრივი, რომელიც ტაძარს არ შორდებოდა და დღე და ღამ მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს.
38სწორედ იმ ხანად მოვიდა, ადიდებდა ღმერთს და ყრმაზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც ხსნას ელოდა იერუსალიმში.
39და როცა უფლის სჯულისამებრ აღასრულეს ყველაფერი, გალილეას დაბრუნდნენ, თავიანთ ქალაქ ნაზარეთში.
40ხოლო ყრმა იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით, ივსებოდა სიბრძნით და იყო მადლი ღმრთისა მასზე.
41ხოლო მისი მშობლები ყოველ წელიწადს პასექის დღესასწაულზე მიდიოდნენ იერუსალიმში.
42და როცა თორმეტი წლისა გახდა, ჩვეულებისამებრ, იერუსალიმში დღესასწაულზე ავიდნენ ისინი.
43ხოლო დღესასწაულის შემდეგ, უკან რომ გამობრუნდნენ, ყრმა იესო იერუსალიმში დარჩა; და ვერ შენიშნეს იოსებმა და დედამისმა;
44არამედ ეგონათ სხვებთან ერთად მოდისო, მაგრამ ერთი დღის სავალი გზა რომ გალიეს, ძებნა დაუწყეს ნათესავებსა და ნაცნობებს შორის;
45და რაკი ვერსად იპოვეს, იერუსალიმში დაბრუნდნენ მის საძებნელად.
46სამი დღის შემდეგ ტაძარში იპოვეს იგი; მოძღვრებს შორის ჩამჯდარიყო, უსმენდა და კითხვებს აძლევდა მათ.
47ყველა მსმენელს უკვირდა მისი გონიერება და სიტყვა-პასუხი.
48როცა დაინახეს, განცვიფრდნენ და დედამისმა უთხრა მას: შვილო, ეს რა გვიყავი? აჰა, მე და მამაშენი დავდივართ და გულშემოყრილნი დაგეძებთ.
49და უთხრა მათ: მერედა რას მეძებთ? ნუთუ არ იცით, რომ მე მმართებს იქ ყოფნა, სადაც ყველაფერი ეკუთვნის მამაჩემს?
50მაგრამ მათ ვერ გაიგეს მისი სიტყვები.
51წაჰყვა მათ და მივიდა ნაზარეთს: და იყო მათი მორჩილი; დედამისი კი გულში იმარხავდა ყველა ამ სიტყვას.
52ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ასაკი და მადლი ღმრთისა და კაცთა წინაშე.
Next