თავი - 3
Previous1ტიბერიუს კეისრის მმართველობის მეთხუთმეტე წელს, როცა პონტიუს პილატე იუდეის მთავარი იყო, ჰეროდე - გალილეის მეოთხედმთავარი, ფილიპე, მისი ძმა, - ატურეისა და ტრაქონიის მხარის მეოთხედმთავარი, ხოლო ლისანია - აბილენეს მეოთხედმთავარი;
2ანნასა და კაიაფას მღვდელმთავრობისას გაისმა სიტყვა ღმრთისა იოანეს, ზაქარიას ძის მიმართ, უდაბნოში.
3დადიოდა იგი იორდანეს მთელ შემოგარენში და ქადაგებდა ნათლის ღებას სინანულისას ცოდვათა მისატევებლად.
4როგორც დაწერილია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნში: ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი.
5ყოველი ხევი ამოივსება და ყოველი მთა და ბორცვი დამდაბლდება; მრუდე გასწორდება და ფლატე გავაკდება.
6და ყოველი ხორცი იხილავს მხსნელობას ღმრთისას.
7და ეუბნებოდა მის მიმართ ნათლის ღებად მიმავალ ხალხს: იქედნეს ნაშიერნო, ვინ გასწავლათ, გაექეცითო მომავალ რისხვას?
8მაშ, გამოიღეთ ნაყოფი ღირსი სინანულისა: და ნუ ეტყვით თქვენსავე თავს: მამად გვივისო აბრაამი; რადგანაც გეუბნებით თქვენ: ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს.
9ვინაიდან აწ უკვე ცული ხეების ფესვთან დევს. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.
10ეკითხებოდა ხალხი: მაშ, რაღა ვქნათო?
11მიუგო და უთხრა მათ: ვისაც ორი ხელი სამოსი აქვს, მისცეს არმქონეს: და ვისაც საჭმელი აქვს, ასევე მოიქცეს.
12მოვიდნენ მებაჟენიც ნათლის ღებად და უთხრეს მას: მოძღვარო, ჩვენ რაღა ვქნათ?
13მიუგო მათ: ნურაფერს აიღებთ თქვენთვის დაწესებულზე მეტს.
14მეომრებმაც ჰკითხეს: ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას.
15ხოლო როცა ხალხი მოლოდინში იყო და გულში ყველა ამას ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო,
16მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე უძლიერესი, და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევხსნა მისი ხამლის საკვრელი; და ის მოგნათლავთ სულით წმიდითა და ცეცხლით.
17მას ხელთ უპყრია თვისი არნადი და გაწმენდს თავის კალოს, და შეინახავს ხორბალს ბეღელში, ხოლო ბზეს მისცემს უშრეტ ცეცხლს.
18ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს.
19ხოლო ჰეროდემ, მეოთხედმთავარმა, რომელსაც ამხილებდა იოანე ჰეროდიადას, მისი ძმის, ფილიპეს ცოლისა და ყველა იმ ბოროტების გამო, რაც ჩაედინა,
20ყველაფერს ისიც მიუმატა, რომ საპყრობილეში ჩააგდო იოანე.
21როცა ნათელს იღებდა მთელი ხალხი და იესო, ნათელღებული, ლოცულობდა.
22გაიხსნენ ცანი, და სული წმიდა ხორციელი სახით გადმოვიდა მასზე, როგორც მტრედი, და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: შენა ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე.
23ხოლო იესო ამ დროისათვის იყო ოცდაათი წლისა, და იყო, როგორც ეგონათ, ძე იოსებისა, ელისა,
24მატთატისა, ლევისა, მელქისა, იანაისა, იოსებისა,
25მატათიასი, ამოსისა, ნაუმისა, ესლისა, ნაგესი,
26მაათისა, მატათიასი, სემეისა, იოსებისა, იუდასი,
27იოანასი, რესასი, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა,
28მელქისა, ადისა, კოსამისა, ელმოდამისა, ერისა,
29იოსესი, ელიეზერისა, იორეიმისა, მატთატასი, ლევისა,
30სიმეონისა, იუდასი, იოსებისა, იონანისა, ელიაკეიმისა,
31მელეასი, მაინანისა, მატათასი, ნათანისა, დავითისა,
32იესესი, იობედისა, ბოოსასა, სალმონისა, ნაასონისა,
33ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარესისა, იუდასი,
34იაკობისა, ისააკისა, აბრაამისა, თარასი, ნაქორისა,
35სარუქისა, რაგავისა, ფალეკისა, ებერისა, სალასი,
36კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა,
37მათუსალასი, ენოქისა, იარედისა, მადელეილისა, კაინანისა,
38ენოსისა, სეთისა, ადამისა, ღმრთისა.
Next