Eleos

Contents

თავი - 1

Previous
1რაკი მრავალმა მიჰყო ხელი იმ ამბების დალაგებით გადმოცემას, რომლებიც ჩვენში მოხდა,
2როგორც გადმოგვცეს მათ, ვინც იმთავითვე თვითმხილველნი იყვნენ და სიტყვის მსახურნი,
3მეც მართებულად მივიჩნიე, ყველაფრის თავიდანვე გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, თანმიმდევრულად აღმეწერა ისინი შენთვის, ღირსეულო თეოფილე,
4რათა შეიცნო იმ მოძღვრების უმცდარობა, რაც გისწავლია.
5იუდეის მეფის - ჰეროდეს დღეებში იყო ერთი მღვდელი, აბიას წყებისა, სახელად ზაქარია, და მისი ცოლი, აარონის ასულთაგანი, სახელად ელისაბედი.
6ორივენი მართალნი იყვნენ ღმერთის წინაშე და უმწიკვლოდ ასრულებდნენ უფლის ყვებლა მცნებასა და განაწესს.
7მაგრამ არ ჰყავდათ შვილი, ვინაიდან ელისაბედი უნაყოფო იყო, და ორივენი ხანშიშესულნი იყვნენ.
8ერთხელ, როცა თავისი წყების წესისამებრ, მღვდელმსახურებდა იგი ღმერთის წინაშე,
9მღვდელთა მსახურების ჩვეულებისამებრ, წილად ხვდა საკმევლის კმევა, და შევიდა უფლის ტაძარში.
10ხოლო ხალხის მთელი სიმრავლე გარეთ ლოცულობდა კმევისას.
11მაშინ მოევლინა მას უფლის ანგელოზი, სასაკმევლე საკურთხევლის მარჯვნივ მდგომარე.
12მისი ხილვისას შეძრწუნდა ზაქარია და თავზარი დაეცა.
13ხოლო ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილ იქნა შენი ვედრება, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად იოანეს.
14გეღირსება სიხარული და სიხალისე, და მრავალნი გაიხარებენ მისი შობით.
15ვინაიდან დიდი იქნება უფლის წინაშე, ღვინოსა და სიკერას არ დალევს, და სულით წმიდით აღივსება დედის საშოშივე.
16და მრავალ ძეს ისრაელისას მოაქცევს უფლის - მათი ღმერთის მიმართ.
17უწინამძღვრებს მათ ელიას სულით და ძალით, რათა მოაქციოს მამების გული შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი - მართალთა გონიერების მიმართ, და, ამრიგად, განუმზადოს უფალს მზადმყოფი ხალხი.
18უთხრა ზაქარიამ ანგელოზს: მერედა, რითი გავიგებ ამას? რადგან მე მოხუცი ვარ და ჩემი ცოლიც ხანშია შესული.
19მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: მე ვარ გაბრიელი, ღმრთის წინაშე მდგომელი, და მოვლინებუღი ვარ, რათა გითხრა და გახარო ეს.
20აჰა, დადუმდები და სიტყვას ვერ დასძრავ იმ დღემდე, როცა ახდება ეს, ვინაიდან არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც აღსრულდება თავის დროს.
21ხოლო ხალხი ელოდა ზაქარიას და უკვირდა მისი დაყოვნება ტაძარში.
22და როდესაც გამოვიდა, ვერ შესძლო ხმა გაეცა მათთვის. მიხვდნენ, რომ ხილვა ეხილა ტაძარში. მხოლოდ ანიშნა მათ და დარჩა უხმოდ.
23ხოლო როდესაც გავიდა მისი მღვდელმსახურების ყავლი, სახლში დაბრუნდა.
24იმ დღეთა შემდეგ მუცლად იღო ელისაბედმა, მისმა ცოლმა; ხუთი თვე იმალებოდა და ამბობდა:
25ასე მიყო უფალმა იმ დღეებში, როცა მომხედა, რათა წარეხოცა ჩემი სირცხვილი ხალხში.
26ხოლო მეექვსე თვეს მოვლინებულ იქნა გაბრიელ ანგელოზი ღმერთის მიერ გალილეის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ნაზარეთი,
27ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, და სახელი მისი - იოსები, დავითის მოდგმისა, ხოლო სახელი ქალწულისა - მარიამი.
28შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: გიხაროდეს მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის.
29ხოლო ის შეძრწუნდა მის სიტყვაზე და ჩაფიქრდა: ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო?
30ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, მარიამ, რადგანაც ჰპოვე მადლი ღმრთის წინაშე.
31აჰა, მუცლად იღებ და შობ ძეს, და უწოდებ სახელად იესოს.
32დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს.
33საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა.
34ხოლო მარიამმა უთხრა ანგელოზს: როგორ იქნება ეგ, მამაკაცი რომ არ ვიცი?
35მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: სული წმიდა გადმოვა შენზე, და უზენაესის ძალა მოგიჩრდილებს. ამიტომაც ღმრთის ძედ იწოდება წმიდა შობილი.
36აჰა, ელისაბედმაც, შენმა ნათესავმა, მუცლად იღო ძე სიბერის ჟამს, და ეს მეექვსე თვეა მისთვის, ვინც უნაყოფოდ იყო ხმობილი,
37რადგან ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი.
38ხოლო მარიამმა თქვა: აჰა, მხევალი უფლისა! მეყოს მე შენი სიტყვისამებრ! და განეშორა მას ანგელოზი.
39ადგა მარიამი იმ დღეებში და სასწრაფოდ მიაშურა მთიანეთს, იუდას ქალაქს.
40შევიდა ზაქარიას სახლში და მოიკითხა ელისაბედი.
41როგორც კი გაიგონა ელისაბედმა მარიამის მოკითხვა, ყრმა შეიძრა მის მუცელში, და აღივსო სულით წმიდით ელისაბედი.
42ხმამაღლა შეღაღადა და თქვა: კურთხეული ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი!
43ვინ გამხადა იმის ღირსი, რომ ჩემთან მოვიდა ჩემი უფლის დედა?
44ვინაიდან, როგორც კი ჩემს ყურს მოსწვდა შენი მოკითხვის ხმა, სიხარულით შეიძრა ყრმა ჩემს მუცელში.
45ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ.
46და თქვა მარიამმა: ადიდებს ჩემი სული უფალს,
47გაიხარა ჩემმა სულმა ღმერთის, ჩემი მაცხოვრის გამო.
48ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს: და, აჰა, ამიერიდან ნეტარად შემრაცხავს ყოველი მოდგმა;
49რადგანაც დიდი სიკეთე მიყო ყოვლადძლიერმა, და წმიდაა მისი სახელი.
50წყალობა მისი თაობებიდან თაობებამდე ღმრთისმოშიშთა მიმართ.
51მოავლინა თავისი მკლავის სიმტკიცე და გაჰფანტა ქედმაღალთა გულის ზრახვანი.
52დაამხო ტახტთაგან ძლიერნი და აამაღლა მდაბალნი.
53სიკეთით აავსო მშიერნი და ხელცარიელი გაისტუმრა მდიდარნი.
54შეეწია ისრაელს, მონას თვისას, და გაიხსენა წყალობა.
55როგორც აუწყა ჩვენს მამებს, აბრაამს და მის შთამომავალთ უკუნისამდე.
56სამი თვე დაჰყო მარიამმა ელისაბედთან და წავიდა თავის სახლში.
57ხოლო ელისაბედისთვის მოაწია შობის ჟამმა და შობა ძე.
58გაიგეს მეზობლებმა და ნათესავებმა, რომ უფალმა განადიდა თავისი წყალობა მის მიმართ და ხარობდნენ მასთან ერთად.
59მერვე დღეს მოვიდნენ ყრმის წინადასაცვეთად და უნდოდათ მამის სახელი დაერქმიათ მისთვის, ზაქარია.
60მაგრამ დედამისმა თქვა: არა, არამედ იოანე ერქმევა მას.
61უთხრეს: არავინა გვყავს გვარში ისეთი, რომ ეგ სახელი ერქვას.
62და ნიშნებით ეკითხებოდნენ მამამისს, რა სურდა დაერქმია მისთვის.
63ხოლო მან მოითხოვა ფიცარი და დაწერა: იოანეა მისი სახელი. და უკვირდა ყველას.
64მაშინვე ამოიდგა ენა, ხმა ამოიღო და აკურთხებდა ღმერთს.
65შიშმა მოიცვა ყველა მეზობელი, და იუდეას მთელს მთიანეთს მოედო ეს ამბავი.
66ყველამ, ვინც გაიგო, გულს ჩაიბეჭდა და ამბობდა: რა გამოვა ეს ბავშვი? და იყო ხელი უფლისა მასთან.
67ხოლო ზაქარია, მამამისი, აღივსო სულით წმიდით, წინასწარმეტყველებდა და ამბობდა:
68კურთხეულია უფალი ღმერთი ისრაელისა, ვინაიდან მოხედა და იხსნა თავისი ხალხი.
69აღგვიმართა რქა ხსნისა თავისი მონის, დავითის სახლში.
70როგორც გვაუწყა თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით, რომელნიც უკუნისიდან იყვნენ:
71რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისგან და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან;
72რომ მოწყალე იქნებოდა ჩვენი მამების მიმართ და გაიხსენებდა თავის წმიდა აღთქმას;
73თანახმად ფიცისა, რომლითაც შეჰფიცა მამას ჩვენსას აბრაამს, რომ მოგვცემდა ჩვენ,
74მის შემდეგ, რაც დაგვიხსნიდა ჩვენი მტრების ხელიდან, - მის მიმართ უშიშრად
75და მის წინაშე სიწმინდითა და სიწრფელით მსახურების ნებას მთელი ჩვენი სიცოცხლის მანძილზე.
76ხოლო შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველად იწოდები, რადგანაც წინ წარუძღვები უფალს, რათა გაამზადო მისი გზა.
77და მათი ცოდვების მიტევებით მისცე მის ხალხს ხსნის შემეცნება.
78ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, ვისი მეოხებითაც გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლით.
79რათა გაენათლებინა სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომნი და მშვიდობის გზით წარემართა ჩვენი ნაბიჯი.
80ხოლო ყრმა იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით, და იყო უდაბნოში იმ დღემდე, როცა გამოეცხადა ისრაელს.
Next