თავი - 8
Previous1იმ დღეებში, როცა კვლავ დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი და საჭმელი არა ჰქონდათ, იესომ უხმო თავის მოწაფეებს და უთხრა:
2მეცოდება ეს ხალხი, რადგან აგერ უკვე სამი დღეა ჩემთან არიან, და არაფერი აქვთ საჭმელი.
3მშივრები რომ გავუშვა შინ, გზაში დაუძლურდებიან, ვინაიდან ზოგი მათგანი შორიდანაა მოსული.
4მიუგეს მისმა მოწაფეებმა და უთხრეს: ვის შეუძლია აქ, ამ უდაბნოში, ამდენი ხალხის დაპურება?
5და ჰკითხა მათ: რამდენი პური გაქვთ? ხოლო მათ მიუგეს: შვიდი.
6მაშინ მიწაზე დასხდომა უბრძანა ხალხს. აიღო შვიდი პური, აკურთხა, დატეხა და ჩამოსარიგებლად მისცა თავის მოწაფეებს; და მათაც ჩამოურიგეს ხალხს.
7ცოტაოდენი თევზიც ჰქონდათ; ისიც აკურთხა და ბრძანა ჩამოერიგებინათ მათთვის.
8ჭამეს და გაძღნენ; და გაავსეს ნარჩენებით შვიდი კალათი.
9ხოლო იყო მჭამელი ოთხი ათასამდე კაცი; და გაისტუმრა ისინი.
10თავისი მოწაფეებითურთ მაშინვე ჩაჯდა ნავში და მივიდა დალმანუთის მხარეს.
11გამოვიდნენ ფარისევლები, დავა დაუწყეს და საცდუნებლად სასწაული მოსთხოვეს ზეცით.
12მაშინ მძიმედ ამოიოხრა და თქვა: რად ეძებს ეს მოდგმა სასწაულს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ მიეცემა სასწაული ამ მოდგმას.
13და მიატოვა ისინი, კვლავ ნავში ჩაჯდა და გაღმა გავიდა.
14მოწაფეებს კი დაავიწყდათ პურის წაღება, და ერთი პურის მეტი არ ჰქონდათ ნავში.
15უბრძანა მათ იესომ და უთხრა: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდეს საფუარს.
16ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: ალბათ, იმიტომ, პური რომ არ გვაქვსო.
17მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რასა ბჭობთ, პური რომ არა გვაქვსო? ვერც რასა სცნობთ და არც რა გესმით? ნუთუ გაქვავდა თქვენი გული?
18თვალი გაქვთ და ვერას ხედავთ, ყური გაქვთ და არა გესმით რა და არც რა გახსოვთ?
19როგორ დავუტეხე ხუთი პური ხუთი ათას კაცს, და ნარჩენებით რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? თქვეს: თორმეტი.
20ანდა შვიდი - ოთხი ათასს, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? მათ თქვეს: შვიდი.
21და უთხრა მათ: ახლაც არ გესმით?
22მივიდნენ ბეთსაიდას, მიჰგვარეს ბრმა და შეევედრნენ, ხელი შეეხო მისთვის.
23ხელი ჩაჰკიდა ბრმას, სოფლიდან გაიყვანა, თვალებზე მიაფურთხა, ხელი დაადო და ჰკითხა: ხედავ რასმე?
24მანაც გაიხედა და თქვა: ხალხს ვხედავ, თითქოს ხეები დადიანო.
25მაშინ კვლავ დაადო ხელი თვალებზე და გაახელინა; დაუბრუნდა თვალის ჩინი და ყველაფერი ცხადად დაინახა.
26გაგზავნა შინ და უთხრა: სოფელშიაც კი ნუ შეხვალ.
27წავიდნენ იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის სოფლებში, და გზაში ჰკითხა მათ: რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივარ მე?
28ხოლო მათ მიუგეს: იოანე ნათლისმცემელი, ზოგს - ელია და ზოგსაც - ერთ-ერთი წინასწარმეტყველი.
29კვლავ ჰკითხა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ? მიუგო პეტრემ და უთხრა მას: შენა ხარ ქრისტე.
30მაშინ უბრძანა მათ, არავისთან გაეთქვათ იგი.
31და დაუწყო მათ სწავლება, რომ ძეს კაცისას ელოდა მრავალი ტანჯვის დათმენა, შეურაცხყოფა უხუცესთაგან, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სიკვდილით დასჯა და მესამე დღეს აღდგომა.
32აშკარად ამბობდა ამას. მაგრამ პეტრემ განზე გაიხმო და კიცხვა დაუწყო.
33ხოლო ის მობრუნდა, გადახედა თავის მოწაფეებს, შერისხა პეტრე და უთხრა: გამშორდი, სატანა; ვინაიდან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას.
34მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.
35რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი და სახარების გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას.
36რას არგებს კაცს, თუ მოიგებს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს?
37ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?
38რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაში, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა მამის თვისის დიდებითა და წმიდა ანგელოზთა თანხლებით.
Next