Eleos

Contents

თავი - 7

Previous
1შეგროვდნენ მასთან ფარისევლები და იერუსალიმიდან ჩამოსული ზოგიერთი მწიგნობარი.
2დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფე ჭუჭყიანი, ესე იგი, დაუბანელი ხელით ჭამდა პურს, და დაჰგმეს ისინი.
3(რადგან ფარისეველნი და, საერთოდ, იუდეველნი ისე არ ჭამენ პურს, თუ საგულდაგულოდ არ დაიბანეს ხელი, წინაპართა გადმოცემისამებრ.
4არც მოედნებიდან დაბრუნებულნი ჭამენ დაუბანლად, და მრავალ სხვა წესსაც იცავენ, როგორიცაა მაგალითად, თასების, ჯამების, ქვაბებისა და ვარცლების რეცხვა).
5მაშინ ჰკითხეს მას ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: რატომ არ იქცევიან შენი მოწაფეები წინაპართა გადმოცემისამებრ, არამედ ხელდაუბანლად ჭამენ პურს?
6ხოლო იესომ პასუხად მიუგო მათ: მართლად იწინასწარმეტყველა თქვენებრ თვალთმაქცთათვის ესაია წინასწარმეტყველმა, ვის მიერაც დაიწერა: ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან.
7ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანთა მოძღვრებებსა და მცნებებს.
8ვინაიდან მიგიტოვებიათ ღმერთის მცნება და იცავთ კაცთა გადმოცემას, ჯამ-ჭურჭლის რეცხვას და სხვა მისთანათ.
9და უთხრა მათ: მერედა, კარგია, რომ აუქმებთ ღმერთის მცნებას, რათა დაიცვათ თქვენი გადმოცემა?
10ვინაიდან მოსემ თქვა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას შენსას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს.
11ხოლო თქვენ ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ კორბანს, ანუ შესაწირავს, რაც ჩემგან უნდა მიგეღო, -
12ნებას რთავთ მას, აღარაფერი გააკეთოს თავისი დედ-მამისათვის.
13და ამრიგად, თქვენგანვე მომდინარე გადმოცემით აუქმებთ ღმერთის სიტყვას და მრავალ ამნაირ რასმე სჩადიხართ.
14მოუხმო ხალხს და უთხრა: მისმინეთ ყველამ და შეიმეცნეთ:
15არაფერი გარედან შემავალი არ ბილწავს კაცს, არამედ მისგან გამომავალია, რაც ბილწავს კაცს.
16ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს:
17ხოლო, როცა ხალხს გაეცალა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს იგავის აზრი.
18და უთხრა მათ: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა? ნუთუ არ გესმით, რომ არაფერს, გარედან შემავალს კაცში, არ შეუძლია მისი შებილწვა?
19ვინაიდან მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში, და გარეთ გამოდის, რითაც წმიდა იყოფა ყოველი საზრდო.
20და თქვა: კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს.
21ვინაიდან შიგნიდან, კაცის გულიდან გამოვლენ: ბოროტი ზრახვანი, მრუშობანი, პარვანი, კაცისკვლანი,
22სიძვანი, ანგარებანი, უკეთურებანი, მზაკვრობანი, გარყვნილება, თვალის სიავე, გმობა, ქედმაღლობა, უგუნურება.
23ყოველივე ეს შიგნიდან გამოდის და ბილწავს კაცს.
24წამოვიდა იქიდან და მივიდა ტიროსისა და სიდონის საზღვარს. შევიდა სახლში და არ უნდოდა ვინმეს გაეგო ეს, მაგრამ ვერ შესძლო დაფარვა.
25რადგან გაიგო ერთმა ქალმა, ვის ასულსაც უწმინდური სული ჰყავდა, მივიდა და ფეხქვეშ ჩაუვარდა მას.
26ხოლო ეს ქალი წარმართი იყო. ტომით ასუროფინიკიელი, და შეევედრა, გაეძევებინა ეშმაკი მისი ასულისაგან.
27მაგრამ იესომ უთხრა: მაცალე, ჯერ დავაძღო შვილები; სად გაგონილა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური.
28ქალმა პასუხად მიუგო: დიახ, უფალო; მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ტაბლის ქვეშ შვილების ნასუფრალს?
29და უთხრა მას: მაგ სიტყვისათვის წადი; გამოვიდა ეშმაკი შენი ასულისაგან.
30მივიდა ქალი თავის სახლში და ნახა, რომ მისი ასული სარეცელზე იწვა, ეშმაკი კი გამოსულიყო მისგან.
31მერე კვლავ წამოვიდა ტიროსისა და სიდონის საზღვრით და მოვიდა გალილეის ზღვის პირას, ათქალაქის საზღვართა შორის.
32მიჰგვარეს მას ყრუ და ენაბლუ და შეევედრნენ, ხელი დაედო მისთვის.
33ხალხს გააცალა, თითებით დაუცო ყური, გადააფურთხა და მის ენას შეეხო;
34ზეცად აღაპყრო თვალნი, ამოიოხრა და უთხრა მას: ეფფათა! რაც ნიშნავს: გაიხსენ!
35მაშინვე გაეხსნა სმენაცა და დაბმული ენაც და გამართულად ამეტყველდა.
36და უბრძანა მათ, არავისთან გამამხილოთო, მაგრამ რაც უფრო მეტს უბრძანებდა, მით უფრო მეტად ამხელდნენ;
37დიდად უკვირდათ და ამბობდნენ: ყოველივეს კეთილად იქმს: ყრუს სმენას უბრუნებს და უტყვს ამეტყველებსო.
Next