თავი - 9
Previous1და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით.
2ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, მარტო ისინი აიყვანა მაღაღ მთაზე და მათ წინაშე იცვალა ფერი.
3სამოსი მისი გახდა მოელვარე და ისეთი სპეტაკი, როგორც ვერცერთი მრეცხავი ვერაფერს გაასპეტაკებს ამ ქვეყნად.
4და მოევლინა მათ ელია და მოსე, იესოსთან მოსაუბრენი.
5და უთხრა პეტრემ იესოს: რაბი! რა გვიჯობს აქ ყოფნას? მოდი, გავაკეთოთ სამი კარავი: ერთი - შენ, ერთი - მოსეს და ერთიც - ელიას.
6რადგან არ იცოდა, რა ეთქვა, ვინაიდან შეშინებულნი იყვნენ.
7გამოჩნდა ღრუბელი და ჩრდილით დაბურა ისინი. და გაისმა ხმა ღრუბლით, რთმელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი: უსმინეთ მას.
8იმწამსვე მიმოიხედეს, მაგრამ ვერავინ დაინახეს იესოს გარდა.
9ხოლო მთიდან ჩამოსვლისას იესომ უბრძანა მათ, არავისთვის გაენდოთ ეს ხილვა, ვიდრე ძე კაცისა არ აღდგებთდა მკვდრეთით.
10მათ დაიხსომეს ეს სიტყვა და ერთმანეთს ეკითხებთდნენ: რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომა?
11და ჰკითხეს მას: რატომ ამბობენ მწიგნობარნი, პირველად ელია უნდა მოვიდესო?
12ხოლო მან პასუხად თქვა: მართალია, პირველად ელია უნდა მოვიდეს და აღადგინოს ყოველი. კაცის ძეს კი, როგორც დაიწერა მასზე, დიდი ტანჯვა და შეურაცხყოფა ელის.
13მაგრამ გეუბნებით: ელია უკვე მოვიდა და როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ; როგორც დაიწერა მისთვის.
14როცა მოწაფეებთან დაბრუნდა, იხილა მათ ირგვლივ შეკრებილი დიდძალი ხალხი და მათთან მოკამათე მწიგნობრები.
15მაშინვე შენიშნა მთელმა ხალხმა; განცვიფრებულნი გამოიქცნენ და მიესალმნენ.
16ჰკითხა მწიგნობრებს: რას ედავებით ამათ?
17ერთმა კაცმა ხალხიდან მიუგო მას: მოძღვარო, ჩემი ძე მოგგვარე, შეპყრობილი სიმუნჯის სულით.
18სადაც მოიხელთებს, ძირს დასცემს; დუჟი გადმოსდის, კბილებს აღრჭიალებს და შეშდება. ვთხოვე შენს მოწაფეებს, განდევნეთ-მეთქი, მაგრამ ვერ შესძლეს.
19ხოლო იესომ პასუხად თქვა: ო, ურწმუნო მოდგმავ, როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ!
20მიჰგვარეს იგი, და იხილა თუ არა იესო, სულმა შეარყია ბავშვი, მიწაზე დაეცა და გორავდა დუჟმორეული.
21ჰკითხა მამამისს: რამდენი ხანია ასე? ხოლო მან მიუგო: სიყრმითგანვე.
22მრავალჯერ ჩაუგდია სულს ცეცხლსა თუ წყალში, რათა დაეღუპა იგი. მაშ, თუ რამ შეგიძლია, შეგვიწყალე და შეგვეწიე.
23ხოლო იესომ უთხრა მას: თუ შეგიძლია გწამდეს, ყველაფერი შესაძლოა მორწმუნისათვის.
24ბავშვის მამამ მყისვე შეჰღაღადა ცრემლების ფრქვევით: მწამს, უფალო; შეეწიე ჩემს ურწმუნოებას.
25როდესაც დაინახა იესომ, რომ ხალხი ეხვევა გარშემო, შერისხა სული და უთხრა: ყრუ-მუნჯო სულო! გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან და აღარასოდეს შეხვიდე მასში!
26სულმა შეჰყვირა, საშინლად შეარყია იგი და გამოვიდა, ხოლო ბავშვი მკვდარს დაემსგავსა; ასე რომ, ბევრი ამბობდა კიდეც: მოკვდაო.
27მაგრამ იესომ ხელი მოჰკიდა, წამოაყენა და ისიც აღდგა.
28როდესაც სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა განცალკევებით ჰკითხეს: რატომ ჩვენ ვერ შევძელით მისი განდევნა?
29და უთხრა მათ: ამ მოდგმას ვერაფრით ვერ განდევნი, თუ არა ლოცვით და მარხვით.
30წამოვიდა იქიდან, გალილეა გადაიარა და არ უნდოდა ვინმეს გაეგო ეს.
31ვინაიდან ასწავლიდა თავის მიწაფეებს და ეუბნებოდა მათ, რომ ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში, მოკლავენ მას და, სიკვდილის შემდეგ, მესამე დღეს აღდგება მკვდრეთით.
32მაგრამ მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვები, კითხვა კი ვერ შეჰბედეს.
33მივიდა კაპერნაუმში; და სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: რაზე მსჯელობდით გზაში?
34ისინი კი დუმდნენ, ვინაიდან გზაში იმაზე ბჭობდნენ, ვინ უფრო დიდიაო.
35მაშინ დაჯდა, მოუხმო თორმეტს და უთხრა მათ: ვისაც სურს პირველი იყოს, ყველაზე უკანასკნელი იქნება და ყველას მსახური.
36მოიყვანა პატარა ბავშვი, მათ შორის ჩააყენა, ხელი მოხვია და უთხრა მათ:
37ვინც შეიწყნარებს ერთ ამნაირ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს, ხოლო ჩემი შემწყნარებელი მე კი არ შემიწყნარებს, არამედ ჩემს მომავლინებელს.
38მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება.
39ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს.
40რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა.
41იმას, ვინც ჭიქა წყალს მოგაწვდით ჩემი სახელით, ვინაიდან ქრისტესი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით: არ დაეკარგება თავისი საზღაური.
42და ვინც აცთუნებს თუნდაც ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში დანთქან.
43თუ შენი ხელი გაცთუნებს, მოიკვეთე იგი: გიჯობს სახიჩარი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელის მქონე ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ ცეცხლში,
44სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი.
45თუ შენი ფეხი გაცთუნებს, მოიკვეთე იგი: გიჯობს კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ფეხის მქონე ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ ცეცხლში,
46სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი.
47ხოლო თუ შენი თვალი გაცთუნებს, ამოითხარე იგი: გიჯობს ცალთვალა შეხვიდე ღმრთის სასუფეველში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე ცეცხლის გეენაში,
48სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი.
49რადგან ყველაფერი ცეცხლით დამარილდება და ყოველი შესაწირავი მარილით დამარილდება.
50კარგი რამ არის მარილი; მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდა, რაღათი შეანელებთ მას? გქონდეთ მარილი თქვენში და მშვიდობით იყავით ერთმანეთს შორის.
Next