Eleos

Contents

თავი - 27

Previous
1როცა ინათა, მღვდელმთავრებმა და ხალხის უხუცესებმა ბჭობა გამართეს იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი.
2შეკრეს იგი, წაიყვანეს, და მისცეს პონტიუს პილატეს, მთავარს.
3მაშინ, რა იხილა იუდამ, მისმა გამცემმა, რომ მსჯავრი დასდეს, შეინანა და დაუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებსა და უხუცესთ,
4და თქვა: შევცოდე, რომ მოგეცით მართალი სისხლი. ხოლო მათ უთხრეს: ჩვენ რა? შენ იკითხე.
5დაყარა ვერცნლი ტაძარში და იქაურობას გაეცალა: წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.
6ხოლო მღვდელმთავრებმა აკრიფეს ვერცხლი და თქვეს: არ ეგება ტაძრის საგანძურში ამის დადება, ვინაიდან სისხლის საფასურია.
7ბჭობა გამართეს და, უცხოთა სასაფლაოდ, იყიდეს იმით მეთუნის მიწა.
8ამიტომაც ეწოდება ამ მიწას სისხლის მიწა დღევანდელ დღემდე.
9მაშინ აღსრულდა თქმული იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: და აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასური შეფასებულისა, რომელიც შეფასდა ისრაელის ძეთა მიერ;
10და მისცეს ის მეთუნის მიწაში, როგორც მიბრძანა მე უფალმა.
11ხოლო იესო წარდგა მთავრის წინაშე, და ჰკითხა მამთავარმა: შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო იესომ მიუგო: შენ ამბობ.
12და როდესაც მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა ბრალი დასდეს, არაფერი მიუგო მათ.
13მაშინ უთხრა მას პილატემ: არ გესმის, რამდენ რასმე გწამებენ?
14მაგრამ არცერთ სიტყვაზე არაფერი მიუგო მას; ასე რომ, დიდად უკვირდა მთავარს.
15ხოლო დღესასწაულზე ჩვევად ჰქონდა მთავარს, გაეთავისუფლებინა ხალხისთვის ერთი პატიმარი, რომელსაც მოისურვებდნენ.
16იმხანად ჰყავდათ ერთი ცნობილი პატიმარი, რომელსაც ერქვა ბარაბა.
17ამრიგად, როცა შეიკრიბნენ ისინი, უთხრა მათ პილატემ: ვინ გინდათ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე?
18რადგანაც იცოდა, რომ შურით გასცეს იგი.
19და როცა სამსჯავრო სავარძელზე იჯდა, ცოლმა კაცის პირით შემოუთვალა: ნურაფერს დაუშავებ მაგ მართალს, ვინაიდან წუხელ სიზმარში ბევრი ვიტანჯე მის გამო.
20მაგრამ მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა წააქეზეს ხალხი, გამოეთხოვათ ბარაბა, ხოლო იესო გაეწირათ.
21და როცა მთავარმა ჰკითხა მათ: ვინ გინდათ გაგითავისუფლოთ ამ ორთაგანო, ხალხმა მიუგო: ბარაბა.
22ჰკითხა მათ პილატემ: კი მაგრამ, რა ვუყო იესოს, რომელსაც ჰქვია ქრისტე? ყველამ მიუგო: ჯვარს ეცვას!
23ხოლო მთავარმა იკითხა: რა დააშავა? მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: ჯვარს ეცვას!
24და რაკი იხილა პილატემ, რომ ვერაფერს შველის, არამედ უფრო იზრდება შფოთი, მოითხოვა წყალი, ხალხის წინაშე დაიბანა ხელები და თქვა: მე უბრალო ვარ ამ მართლის სისხლში. თქვენ იკითხეთ.
25მიუგო მთელმა ხალხმა და უთხრა: ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე მაგისი სისხლი.
26მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა და ჯვარზე საცმელად მისცა მათ.
27მაშინ მთავრის ჯარისკაცებმა პრეტორიუმში წაიყვანეს იესო, და გარს შემოერტყა მთელი რაზმი.
28ტანთ გახადეს და შემოსეს მეწამული ქლამიდით.
29დაწნეს ეკლის გვირგვინი და თავზე დაადგეს, მარჯვენა ხელში კი ლერწამი მისცეს; მუხლს იყრიდნენ მის წინაშე, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, მეუფეო იუდეველთა!
30და აფურთხებდნენ, აიღეს ლერწამი და თავზე ამტვრევდნენ მას.
31ხოლო როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ქლამიდი, კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და წაიყვანეს, რათა ჯვარს ეცვათ.
32გზაში შემოხვდათ ერთი კირენელი კაცი, სახელად სიმონი; და აიძულეს წამოეღო იესოს ჯვარი.
33და როცა მიაღწიეს იმ ადგილს, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს,
34მისცეს მას სასმელად ნაღველნარევი ძმარი, და როცა გემო გაუსინჯა, აღარ მოუნდა დალევა.
35და როცა ჯვარს აცვეს, წილი ყარეს და გაიყვეს მისი სამოსი, რათა აღსრულდეს თქმული წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: ერთმანეთში გაიყვეს ჩემი სამოსი და ჩემს კვართზე იყარეს წილი.
36ისხნდნენ და იქ დარაჯობდნენ მას.
37და დაუდგეს თავთით დაწერილი ბრალდება: ეს არის იესო, იუდეველთა მეფე!
38მაშინ ჯვარს აცვეს მასთან ერთად ორი ავაზაკი, ერთი მარჯვნივ და მეორე მარცხნივ.
39ხოლო გამვლელნი აგინებღნენ, თავებს აქნევდნენ
40და ამბობდნენ: ტაძრის დამრღვევო და სამ დღეში აღმშენებელო, იხსენი შენი თავი; თუ ღმერთის ძე ხარ, ჩამოდი ჯვრიდან.
41ასევე მღვდელმთავრები მწიგნობრებთან, უხუცესებსა და ფარისევლებთან ერთად დასცინოდნენ და ამბობდნენ:
42სხვები იხსნა და თავის ხსნა კი არ შეუძლია; თუ ისრაელის მეუფეა, დე, ჩამოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას.
43ღმერთს იყო მინდობილი, და, თუ ნებავს, დე, იხსნას ახლა ღმერთმა, ვინაიდან თქვა: ძე ვარო ღმრთისა.
44მის გვერდით ჯვარცმული ავაზაკნი ასევე აგინებდნენ მას.
45ხოლო მეექვსე საათიდან მეცხრე საათამდე წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა.
46და ასე, მეცხრე საათს ხმამაღლა შეღაღადა იესომ: ელი, ელი, ლამა საბაქთანი? რაც ნიშნავს, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე მე?
47ზოგიერთმა იქ მდგომმა გაიგონა ეს და თქვა, ელიას უხმობსო.
48მყისვე გაიქცა ერთი მათგანი, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, ლერწამზე წამოაგო და მიაწოდა სასმელად.
49სხვები კი ამბობდნენ: მოიცათ, ვნახოთ, მოვა თუ არა ელია მის სახსნელად.
50ხოლო იესომ კვლავ შეღაღადა ხმამაღლა და განუტევა სული.
51და, აჰა, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა, იძრა მიწა და დასკდნენ კლდენი.
52განიხვნენ საფლავნი და წმიდა განსვენებულთა მრავალი გვამი აღდგა.
53საფლავებიდან გამოვიდნენ მისი აღდგომის შემდეგ, წმიდა ქალაქში შევიდნენ და გამოეცხადნენ მრავალს.
54ხოლო როდესაც იხილეს მიწისძვრა და ყოველივე ის, რაც მოხდა, ასისთავი და მასთან ერთად იესოს მოდარაჯენი, ძალიან შეშინდნენ და თქვეს: ჭეშმარიტად ღმრთის ძე იყო იგი.
55იყო იქ აგრეთვე შორიდან მაცქერალი მრავალი ქალი, რომლებიც გალილეიღან მოჰყვებოდნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას.
56მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალელი, მარიამი, დედა იაკობისა და იოსებისა, და ზებედეს ძეთა დედა.
57მწუხრის ჟამს მოვიდა მდიდარი არიმათიელი კაცი, სახელად იოსები, რომელიც აგრეთვე იესოს მოწაფე იყო.
58მივიდა იგი პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი; და მაშინ ბრძანა პილატემ, მიეცათ მისთვის.
59წამოიღო მისი გვამი იოსებმა, და შეახვია წმიდა ტილოში.
60და დაასვენა იგი ახალ სამარხში, რომელიც კლდეში გამოეკვეთა; დიდი ლოდი მიაყუდა სამარხის კარს და წავიდა.
61იყო იქ მარიამ მაგდალელი, და მეორე მარიამიც, რომლებიც სამარხის წინ ისხდნენ.
62ხოლო მეორე დღეს, რომელიც მოსდევს პარასკევს, შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ფარისეველნი პილატეს კარზე
63და თქვეს: ბატონო, გაგვახსენდა, რომ ამ მაცდურმა სიცოცხლეში თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო.
64მაშ, ბრძანე მესამე დღემდე უდარაჯონ სამარხს, რათა მისი მოწაფეები არ მივიდნენ ღამით, არ მოიპარონ იგი და უთხრან ხალხს: მკვდრეთით აღდგაო. და უკანასკნელი სიცრუე პირველზე უარესი იქნება.
65უთხრა მათ პილატემ: დარაჯნი თქვენა გყავთ, წადით და უდარაჯეთ, როგორც გჩვევიათ.
66ისინიც წავიდნენ, სამარხის დასაცავად დაბეჭდეს ლოდი და დარაჯი დაუყენეს.
Next