Eleos

Contents

თავი - 26

Previous
1და როდესაც დაასრულა იესომ ეს სიტყვები, თავის მოწაფეებს უთხრა:
2თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ იქნება პასექი და ძე კაცისა მიეცემა ჯვარზე საცმელად.
3მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის კარზე.
4და მოითათბირეს, მზაკვრობით შეეპყროთ იესო და მოეკლათ იგი.
5მაგრამ ამბობდნენ: მხოლოდ არა დღესასწაულზე, რათა ხალხი არ ამბოხდესო.
6ხოლო როცა ბეთანიაში იყო იესო, სიმონ კეთროვანის სახლში,
7მიუახლოვდა ერთი ქალი, ალებასტრის ჭურჭლით რომ მოჰქონდა ძვირფასი ნელსაცხებელი, და თავზე დაასხა ინახად მჯდომს.
8ეს რომ დაინახეს, მისი მოწაფეები განრისხდნენ და თქვეს: რა საჭიროა ასეთი ფლანგვა?
9ვინაიდან შეიძლებოდა დიდ ფასად გაგვეყიდა ნელსაცხებელი და გლახაკთათვის მიგვეცა ფული.
10მაგრამ იესო მიუხვდა და უთხრა მათ: რას ერჩით ამ ქალს? მაგან ხომ კეთილი საქმე მიყო:
11ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით.
12ნელსაცხებელი რომ მცხო ტანზე, ამით დასამარხათ გამამზადა.
13ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს ქვეყანაზე, საღაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად.
14მაშინ წავიდა ერთი თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, მღვდელმთავრებთან
15და უთხრა მათ: რის მოცემას ინებებთ ჩემთვის, თუკი მას მოგცემთ? ხოლო მათ მიუწონეს ოცდაათი ვერცხლი.
16და მას მერე ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა მათთვის მიეცა იგი.
17ხოლო უფუარობის პირველ დღეს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს: სად გნებავს, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?
18მან კი თქვა: წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით: მოძღვარი ამბობს: მოაწია ჩემმა დრომ; შენთან ვყოფ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად.
19მოწაფეები ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა იესომ, და მოუმზადეს პასექი.
20და მწუნრის ჟამს ინახად დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად.
21ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე.
22ისინი დიდად დამწუხრდნენ და ყველამ ცალ-ცალკე დაუწყო კითხვა: მე ხომ არა, უფალო?
23ხოლო მან პასუხად თქვა: ვინც ჩემთან ერთად ჩაყოფს ხელს ჯამში, ის გამცემს მე.
24და მართლაც, მიდის ძე კაცისა, როგორც დაიწერა მისთვის: მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა; ერჩია, სულაც არ შობილიყო ის კაცი.
25მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი.
26და როცა ჭამდნენ ისინი, აიღო პური იესომ და აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი.
27აიღო სასმისი და აკურთხა, მისცა მათ და თქვა: ამით სვით ყველამ:
28ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული ცოდვათა მისატევებლად.
29ხოლო მე გეუბნებით თქვენ: აღარა ვსვამ ამიერიდან ვაზის ამ ნაყოფისაგან, ვიდრე იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სასუფეველში.
30იგალობეს, და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე.
31მაშინ უთხრა მათ იესომ: თქვენ ყველანი შეცდებით ამაღამ ჩემს გამო; ვინაიდან დაწერილია: დავცემ მწყემსს, და განიბნევიან ფარის ცხვრები.
32ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წინ წაგიძღვებით გალილეისკენ.
33მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები.
34უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.
35მიუგო მას პეტრემ: შენთან ერთადაც რომ მიწიოს სიკვდილმა, არასოდეს უარგყოფ შენ. და ასევე ამბობდა ყველა მოწაფე.
36მაშინ იესო მათთან ერთად მივიდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გეთსემანე, და უთხრა მათ: მანდ ისხედით, ვიდრე მივალ და ვილოცებ იქ.
37თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორი ძე, და იწყო მწუხარება და ურვა.
38მაშინ უთხრა მათ იესომ: მწუხარეა ჩემი სული, ვიდრე სიკვდილამდე; იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად.
39ცოტაზე გაშორდა მათ, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი; თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ - როგორც შენ.
40მივიდა თავის მოწაფეებთან და მძინარენი ჰპოვა ისინი, და უთხრა პეტრეს: ასე, ერთ საათსაც ვერ შესძელით გეფხიზლათ ჩემთან ერთად?
41იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში: სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური.
42მეორედაც გაშორდა მათ, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შეუძლებელია ამცდეს ეს სასმისი, რათა არ შევსვა იგი, დე, იყოს ნება შენი.
43მივიდა და კვლავ მძინარენი ჰპოვა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ.
44მიატოვა ისინი, მესამედაც გაშორდა მათ, და კვლავ იგივე სიტყვები წარმოთქვა.
45მერე მივიდა მოწაფეებთან და უთხრა მათ: კვლავინდებურად გძინავთ და განისვენებთ? აჰა, მოაწია დრომ, და ძე კაცისა მიეცემა ცოდვილთა ხელში.
46ადექით, წავიდეთ: აჰა, მოგვიახლოვდა ჩემი გამცემი.
47სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, იუდა, ერთი თორმეტთაგანი, მოვიდა და მასთან ერთად დიდძალი ხალხი მახვილებითა და წათებით, მღვდელმთავართა და ხალხის უხუცესთაგან.
48ხოლო მის გამცემს ნიშანი მიეცა მათთვის და ეთქვა: ვისაც მე ვეამბორები, ის არის: შეიპყარით იგი.
49მსწრაფლ მიეახლა იესოს და უთხრა: გიხაროდეს, რაბი! და ეამბორა.
50ხოლო იესომ უთხრა მას: მოყვასო, რისთვის მოსულხარ? მაშინ მისცვივდნენ, ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს იგი.
51და აჰა, იესოს ერთმა თანამდგომმა ხელი გაიწოდა, მახვილი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა.
52მაშინ იესომ უთხრა მას: ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება.
53ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამას ჩემსას, და წარმომიდგენს ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და უფრო მეტსაც.
54როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ასე უნდა მოხდეს?
55მაშინ იესომ უთხრა ხალხს: როგორც ავაზაკს, მახვილებითა და წათებით მომიხტით შესაპყრობად; დღენიადაგ ტაძარში მჯდომი გასწავლიდით და არ შეგიპყრივართ მე.
56ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს დაწერილი წინასწარმეტყველთა მიერ. მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა ის და გაიქცა.
57ხოლო მათ შეიპყრეს იესო და მიიყვანეს იგი კაიაფა მღვდელმთავრისას, სადაც შეკრებილიყვნენ მწიგნობარნი და უხუცესნი.
58პეტრე კი, მღვდელმთავრის ეზომდე შორიახლო მისდევდა მას: შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ეხილა დასასრული.
59ხოლო მღვდელმთავარნი, უხუცესნი და მთელი სინედრიონი ცრუ მოწმობას ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი,
60მაგრამ ვერ იპოვეს, თუმცა ბევრი ცრუმოწმე იყო მოსული. ბოლოს მოვიდა ორი ცრუმოწმე,
61რომლებმაც თქვეს: ეს ამბობდა: შემიძლია დავანგრიო ღმრთის ტაძარი და სამ დღეში კვლავ ავაშენოო.
62მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: რატომ არაფერს იტყვი იმის პასუხად, რასაც ესენი მოწმობენ შენს წინააღმდეგ?
63მაგრამ იესო დუმდა, და მღვღელმთავარმა უთხრა მას: გაფიცებ ცოცხალ ღმერთს, გვითხარი, შენ ხარ თუ არა ქრისტე, ძე ღმრთისა?
64უთხრა იესომ: შენ სთქვი. მე კი ამასაც გეტყვით: ამიერიდან მალე იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით.
65მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსი და თქვა: მან ღმერთი ჰგმო; მაშ, რაღად გვინდა მოწმენი? ხომ მოისმინეთ ღვთისგმობა მისი?
66რას იტყვით? ხოლო მათ პასუხად თქვეს: სიკვდილის ღირსია.
67მაშინ სახეში დაუწყეს ფურთხება და ცემა, სხვები კი სილას აწნავდნენ
68და ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე, ქრისტე, ვინ დაგარტყა შენ?
69პეტრე კი გარეთ იჯდა, ეზოში. მიადგა ერთი მხევალი და უთხრა: შენც ხომ იესო გალილეველთან იყავი?
70ხოლო მან ყველას წინაშე უარყო და თქვა: არ ვიცი, რას ამბობ.
71და როცა ჭიშკარში გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც იესო ნაზორეველთან იყო.
72ისევ უარყო პეტრემ ფიცით: არ ვიცნობ იმ კაცსო.
73ცოტა ხნის შემდეგ იქ მდგომნიც მივიდნენ და უთხრეს პეტრეს: ჭეშმარიტად შენც ერთი მათთაგანი ხარ, რადგანაც შენივე კილო გამხილებს.
74მაშინ ის მოჰყვა წყევლას და ფიცს, რომ არ იცნობს იმ კაცს, და სწორედ ამ დროს იყივლა მამალმა.
75გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო; გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.
Next