თავი - 28
Previous1ხოლო შაბათის დამლევს, კვირის პირველი დღის განთიადისას, მოვიდა მარიამ მაგდალელი და მეორე მარიამიც სამარხის სანახავად.
2და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, ვინაიდან უფლის ანგელოზი ჩამოეშვა ზეცით, მივიდა, სამარხის კარიდან გადააგორა ლოდი და ზედ ჩამოჯდა.
3სახე მისი იყო როგორც ელვა და სამოსი მისი - სპეტაკი, როგორც თოვლი.
4მისი შიშით შეძრწუნდნენ საფლავის მცველნი და მკვდრებს დაემგვანენ.
5მიმართა ანგელოზმა ქალებს და უთხრა: ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ.
6აქ აღარ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა: მოდით და იხილეთ ის ადგილი, სადაც ესვენა.
7დაუყოვნებლივ წადით, და უთხარით მის მოწაფეებს, რომ მკვდრეთით აღდგა და წინ მიგიძღვით გალილეისკენ; იქ იხილავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ.
8ხოლო ისინი მსწრაფლ გამოვიდნენ სამარხიდან, შიშითა და დიდი სიხარულით მირბოდნენ, რათა ეუწყებინათ მისი მოწაფეებისათვის.
9და, აჰა, შემოხვდა მათ იესო და უთხრა: გიხაროდეთ! ხოლო ისინი მივიდნენ, მუხლებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას.
10მაშინ უთხრა მათ იესომ: ნუ გეშინიათ; წადით, აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ გალილეას წავიდნენ და იქ მიხილავენ.
11და როცა ისინი წავიდნენ, აჰა, ზოგიერთი დარაჯთაგანი ქალაქში შევიდა და მოახსენა მღვდელმთავრებს ყველაფერი, რაც მოხდა.
12ხოლო ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან ერთად, ბჭობა გამართეს, დიდძალი ფული მისცეს ჯარისკაცებს
13და უთხრეს: თქვით, რომ მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და, ვიდრე გეძინათ, მოიპარეს იგი.
14და თუ ეს ხმა მიაღწევს მთავრამდე, ჩვენ დავარწმუნებთ მას და უსიამოვნებისაგან გიხსნით.
15მათაც აიღეს ფული და ისე მოიქცნენ, როგორც დარიგებულნი იყვნენ. და გავრცელდა ეს ხმა იუდეველთა შორის დღევანდელ დღემდე.
16ხოლო თერთმეტი მოწაფე გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ.
17იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა.
18მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც.
19მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით;
20ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.
Next