თავი - 17
Previous1ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და მაღალ მთაზე აიყვანა ისინი განმარტოებით.
2და იცვალა მათ წინაშე ფერი, და გაბრწყინდა მისი სახე, როგორც მზე, და გათეთრდა მისი სამოსი, როგორც ნათელი.
3და, აჰა, მოევლინენ მათ მოსე და ელია, იესოსთან მოსაუბრენი.
4და უთხრა პეტრემ იესოს: უფალო, რა გვიჯობს აქ ყოფნას? თუ გნებავს, გაგიკეთებთ სამ კარავს: ერთს შენ, ერთს მოსეს და ერთსაც ელიას.
5სიტყვის დასრულება ვერც კი მოასწრო, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა ჩრდილით დაბურა ისინი. და გაისმა ხმა ღრუბლით რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. მას უსმინეთ.
6ეს რომ ჩაესმათ მოწაფეებს შეძრწუნებულნი პირქვე დაემხნენ.
7მაგრამ მივიდა იესო, ხელი შეახო მათ და უთხრა: ადექით, ნუ გეშინიათ.
8და როცა ზე აიხედეს, ვერავინ დაინახეს, იესოს გარდა.
9ხოლო მთიდან ჩამოსვლისას იესომ უბრძანა და უთხრა მათ: ნურავის გაანდობთ ამ ხილვას, ვიდრე ძე კაცისა არ აღდგება მკვდრეთით.
10ჰკითხეს მას მოწაფეებმა და უთხრეს: რატომ ამბობენ მწიგნობარნი, პირველად ელია უნდა მოვიდესო?
11ხოლო მან პასუხად თქვა: ელია მართლაც პირველად მოვა და აღადგენს ყოველს;
12მაგრამ გეუბნებით თქვენ: ელია უკვე მოვიდა, და ვერ იცნეს იგი, არამედ როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ. იგივე ტანჯვა ელის მათგან კაცის ძესაც.
13მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა მათ.
14როდესაც ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა, მუხლი მოიყარა მის წინაშე
15და უთხრა: უფალო! შეიწყალე ჩემი ძე: მთვარეულია და საშინლად იტანჯება, ვინაიდან ხშირად ცეცხლში და ხშირად კიდევ წყალში ვარდება.
16მივუყვანე შენს მოწაფეებს, მაგრამ ვერ განკურნეს იგი.
17ხოლო იესომ პასუხად თქვა: ო, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ: როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ.
18შერისხა იგი იესომ და გავიდა ეშმაკი მისგან: და განიკურნა ყმაწვილი იმავე წამს.
19მაშინ მოწაფეებმა დაიმარტოხელეს იესო და ჰკითხეს: რატომ ჩვენ ვერ შევძელით მისი განდევნა?
20ხოლო იესომ მიუგო მათ: თქვენი მცირე რწმენის გამო: თუ გექნებათ მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა, უბრძანეთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის.
21ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება.
22გალილეაში ყოფნისას უთხრა მათ იესომ: ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში.
23მოკლავენ მას, და მესამე დღეს აღდგება. და დიდად დამწუხრდნენ ისინი.
24ხოლო როდესაც მიადგნენ კაპერნაუმს, მივიდნენ პეტრესთან დიდრაქმის ამკრებნი და უთხრეს: თქვენი მოძღვარი არ გადაიხდის დიდრაქმას?
25მან მიუგო: დიახ. და როდესაც შევიდა სახლში, იესომ დაასწრო და ჰკითხა: როგორ გგონია, სიმონ? ვისგან კრებენ მიწიერი მეფენი ხარკს და ბეგარას: თავიანთ შვილთაგან თუ უცხოთაგან?
26პეტრემ მიუგო: უცხოთაგან. ხოლო იესომ უთხრა მას: ასე რომ, შვილები თავისუფალნი არიან.
27მაგრამ რათა არ ვაცდუნოთ ისინი, წადი ზღვის პირას, ჩააგდე ანკესი, აიღე პირველივე თევზი, რომელსაც დაიჭერ, გაუღე პირი, და შიგ ჰპოვებ სტატირს: მიიტანე და მიეცი მათ ჩემი და შენი სახელით.
Next