Eleos

Contents

თავი - 18

Previous
1იმ ხანად მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველში?
2იესომ დაუძახა ბავშვს, მათ შორის ჩააყენა
3და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.
4ამრიგად, ვინც დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ბავშვი, ის არის უდიდესი ცათა სასუფეველში.
5და ვინც შეიწყნარებს ერთ ამნაირ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს.
6ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან.
7ვაი ამ ქვეყანას საცდურთაგან, ვინაიდან საცდური გარდუვალია: მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური.
8თუ შენი ხელი ანდა შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე: გიჯობს უხელოდ ან უფეხოდ შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელით ან ორივე ფეხით ჩავარდე საუკუნო ცეცხლში.
9თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე: გიჯობს ცალთვალა შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე ცეცხლის გეენაში.
10ეკრძალეთ, ნუ შეურაცხყოფთ ნურცერთ ამ მცირეთაგანს, რადგანაც გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ცაში თვალს არ აშორებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.
11რადგან ძე კაცისა მოვიდა, რათა იხსნას დაკარგულნი.
12როგორ გგონიათ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი მათგანი დაეკარგოს, განა არ მიატოვებს მთაში ოთხმოცდაცხრამეტს, და არ წავა დაკარგულის საძებნად?
13და თუ მოხდა ისე, რომ იპოვა, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას უფრო მეტად შეჰხარის, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტს, რომლებიც არ დაჰკარგვია.
14ასევე არ ნებავს ჩემს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი.
15ხოლო თუ შენი ძმა შესცოდავს შენს მიმართ, მიდი და ამხილე, როცა მარტო იქნებით ორივენი; თუ შეისმინა შენი, შეგიძენია ძმა შენი.
16ხოლო თუ არ შეისმინა, მიიყვანე ერთი ან ორი კაცი, რათა ორი თუ სამი მოწმის პირით დადასტურდეს ყოველი სიტყვა.
17და თუ არც მათსას შეისმენს, უთხარი ეკლესიას; ხოლო თუ არც ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი.
18ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც შეკრავთ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, და რასაც დახსნით მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც.
19კვლავ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ამ ქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე, მაშინ, რასაც უნდა ითხოვდნენ, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისგან.
20რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის.
21მაშინ მიუახლოვდა მას პეტრე და უთხრა: უფალო, რამდენჯერ მივუტევო ჩემს ძმას, რომელიც ჩემს წინააღმდეგ სცოდავს? შვიდჯერ?
22იესომ მიუგო: არ გეუბნები: შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ.
23ამითა ჰგავს ცათა სასუფეველი მეფეს, რომელმაც გადაწყვიტა ანგარიში გაესწორებინა თავისი მონებისათვის.
24და როცა ანგარიშსწორება დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა.
25და რაკი გადახდის თავი არ ჰქონდა, მისმა მეფემ ბრძანა, გაეყიდათ ისიც, მისი ცოლიც, მისი შვილებიც, მთელი მისი სარჩო-საბადებელიც და ვალი დაეფარათ.
26დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: შემიბრალე, მეფეო, და მთელ ვალს გადაგიხდი.
27შეიბრალა მეფემ თავისი მონა, გაუშვა და ვალიც აპატია.
28მაგრამ წავიდა ეს მონა და ერთ თავის ამხანაგს შეხვდა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა: ყელში სწვდა, დახრჩობა დაუპირა და შესძახა: ჩემი ვალი დამიბრუნეო.
29ამხანაგი ფეხებში ჩაუვარდა და შეევედრა: ცოტაც მაცალე და მთელ ვალს გაგისტუმრებო.
30მაგრამ მან ყური არ ათხოვა, არამედ წავიდა და, ვალის გადახდამდე, ციხეში ჩააგდებინა იგი.
31ეს რომ მისმა ამხანაგებმა დაინახეს, ძალიან შეწუხდნენ, წავიდნენ და მეფეს მოახსენეს ყველაფერი, რაც მოხდა.
32მაშინ მეფემ დაიბარა მონა და უთხრა: შე ბოროტო, მთელი ვალი გაპატიე, რაკიღა მთხოვე.
33ნუთუ არა გმართებდა, ისევე შეგებრალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიბრალე შენ?
34განრისხდა მეფე და მტანჯველებს მისცა ხელში, ვიდრე არ გადაიხდიდა მთელ თავის ვალს.
35ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ მთელი გულით არ მიუტევებთ თქვენს ძმას მის შეცოდებებს.
Next