Eleos

Contents

თავი - 16

Previous
1მიუახლოვდნენ საცდუნებლად ფარისეველნი და სადუკეველნი და სთხოვეს, ზეცით სასწაული ეჩვენებინა მათთვის.
2ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: საღამოს ამბობთ: ხვალ დარი იქნება, ვინაიდან ცა წითელია.
3დილით კი ამბობთ: დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულია. თვალთმაქცნო, ცის ფერს არჩევთ, დროის ნიშანთა გარჩევა კი არ შეგიძლიათ.
4უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს: მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა. მიატოვა ისინი და წავიდა.
5ხოლო მის მოწაფეებს, გაღმა გასვლისას, დაავიწყდათ პურის წაღება.
6იესომ უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს.
7ისინი კი გულში ფიქრობდნენ: ალბათ, იმიტომ გვეუბნება, პურის წამოღება რომ დაგვავიწყდაო.
8მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რას ფიქრობთ, მცირედ მორწმუნენო: პურის წამოღება დაგვავიწყდაო?
9ნუთუ არ გესმით, ან არ გახსოვთ ხუთი პურით ხუთი ათასი კაცის პურობა, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ?
10არც შვიდი პურით ოთხი ათასი კაცის პურობა, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ?
11ნუთუ არ გესმით, რომ პურის გამო როდი მითქვამს: ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს-მეთქი?
12მაშინღა მიხვდნენ, რომ ის აფრთხილებდა მათ, მორიდებოდნენ არა ცომის საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას.
13ხოლო როდესაც ფილიპეს კესარიის მხარეს მივიდა, იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებს: რას ამბობს ხალხი, ვინ არისო ძე კაცისა?
14მათ მიუგეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს - ელია, ზოგს - იერემია თუ ერთ-ერთი წინასწარმეტყველი.
15კვლავ ჰკითხა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე?
16სიმონმა, იმავე პეტრემ, მიუგო: შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა.
17ხოლო იესომ პასუხად თქვა: ნეტარი ხარ შენ, სიმონ, იონას ძეო, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ ჩემმა ზეციერმა მამამ.
18და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას.
19მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს, და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც.
20მაშინ უბრძანა თავის მოწაფეებს, არავისთან გაეთქვათ, რომ ის არის იესო ქრისტე.
21მას აქეთ დაიწყო იესომ თავისი მოწაფეებისთვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს, დაეთმინა მრავალი ტანჯვა უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სასიკვდილოდ მიეცა თავი, და აღმდგარიყო მესამე დღეს.
22მაშინ გაიხმო იგი პეტრემ, კიცხვა დაუწყო და უთხრა: შორს შენგან, უფალო; ღმერთმა ნუ ქნას ეგ!
23ხოლო ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: გამშორდი, სატანა! ჩემი საცთური ხარ! რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას.
24მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე.
25რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას.
26რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?
27რადგან მოვა ძე კაცისა მამის თვისის დიდებითა და თავის ანგელოზთა თანხლებით, და მისი საქმისამებრ მიაგებს თვითეულს.
28ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას, მომავალს თავის სასუფეველში.
Next