Eleos

Contents

თავი - 13

Previous
1იმ დღეს სახლიდან გამოვიდა იესო და ზღვის პირას დაჯდა.
2და შემოკრბა მის ირგვლივ დიდძალი ხალხი, ისე, რომ ნავში შევიდა და დაჯდა, ხოლო მთელი ხალნი ნაპირზე იდგა.
3ბევრ რასმე ასწავლიდა მათ იგავებით და ამბობდა: აჰა, გამოვიდა მთესავი თესვად.
4ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, და მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს ისინი.
5ზოგიც ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბლომად არ იყო მრწა, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგი არ იყო ღრმა.
6მაგრამ ამოვიდა თუ არა მზე, დაჭკნა, და რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა.
7ზოგი კი ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; იზარდა ეკალი და ერთიანად მოაშთო ყველა.
8ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა და ნაყოფიც გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმაც ოცდაათი.
9ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!
10მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?
11ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: იმიტომ, რომ თქვენ მოგეცათ ცათა სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო ამათ არ მისცემია.
12რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა და მიემატება, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.
13იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ მხედველნი ვერას ხედავენ, მსმენელნი ვერას ისმენენ, და არც არა გაეგებათ რა.
14და მართლდება მათ მიმართ წინასწარმეტყველება ესაიასი, რომელიც ამბობს: სმენით მოისმინეთ და ვერას გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ.
15რადგან გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა არ იხილონ თვალით, არ ისმინონ ყურით, არ იგრძნონ გულით, და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.
16ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალნი იმიტომ, რომ ხედავენ, და თქვენი ყურნი იმიტომ, რომ ისმენენ.
17ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდათ ეხილათ ის, რასაც ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც ისმენთ, და ვერ ისმინეს.
18მაშ, ისმინეთ მთესავის იგავი:
19ყველას, ვინც ისმენს სასუფევლის სიტყვას, მაგრამ არ ესმის იგი, მიადგება უკეთური და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის თესლი, გზის პირას რომ დაითესა.
20ხოლო ქვიან ადგილას დათესილი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას და მაშინვე სიხარულით იღებს მას.
21მაგრამ ფესვი არა აქვს მასში, და ამიტომ უდღეურია; და როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდუნდება.
22ხოლო ეკალ-ბარდებში დათესილი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას, მაგრამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და უნაყოფოს ხდიან მას.
23პოხიერ ნიადაგზე დათესილი კი ის არის, ვინც ისმენს და კიდეც შეიგნებს სიტყვას, და ამიტომაც გამოაქვს ნაყოფი; ერთი ასად, ერთი სამოცად თუ ერთი ოცდაათად.
24სხვა იგავიც შესთავაზა და უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია კაცისა, საღი თესლი რომ დათესა თავის ყანაში.
25ხოლო როდესაც ეძინა ხალხს, მოვიდა მისი მტერი, ღვარძლი ჩათესა ყანაში და წავიდა.
26როდესაც აღმოცენდა ჯეჯილი და თავთავი დაისხა, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი.
27მივიდნენ მონები ყანის პატრონთან და უთხრეს: ბატონო, შენ ხომ საღი თესლი დათესე ყანაში: საიდანღა აქვს ღვარძლი?
28ხოლო მან უთხრა მათ: მტერმა ქნა ეს. მონებმა კი უთხრეს: თუ გნებავს, მივალთ და გავმარგლავთ ყანას.
29მაგრამ მან თქვა: არა, რათა მარგვლისას ღვარძლს ჯეჯილიც არ მიაყოლოთ.
30აცადეთ, ერთად იზარდონ მკამდე; ხოლო მკისას ვუბრძანებ მომკალთ: თავდაპირველად შეკრიბეთ ღვარძლი, ძნებად შეკარით და ცეცხლი წაუკიდეთ, ხორბალი კი შეინახეთ ჩემს ბეღელში.
31სხვა იგავიც შესთავაზა მათ და უთხრა: ცათა სასუფეველი მსგავსია მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში;
32ეს მარცვალი ყოველნაირ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა ამოვა, ყველა მწვანილზე დიდი ხდება და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინავენ ცის ფრინველები და მის ტოტებზე იბუდებენ.
33მერე სხვა იგავიც უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია საფუარისა, რომელიც აიღო ქალმა და მოზილა იმით სამი საწყაო ფქვილი, ვიდრე მთელი ცომი არ აფუვდა.
34ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა ხალხს იესო და გარდა იგავისა არაფერს ეტყოდა მათ.
35რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც ამბობს: გავხსნი ჩემს ბაგეს იგავთ სათქმელად, და ვიტყვი, რაც დაფარულია ქვეყნის დასაბამიდან.
36მაშინ გაუშვა იესომ ხალხი და სახლში დაბრუნდა. მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: განგვიმარტე ღვარძლისა და ყანის იგავი.
37ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: საღი თესლის მთესავი ძეა კაცისა.
38ყანა არის ქვეყანა; საღი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - უკეთურის ძენი.
39ღვარძლის მთესავი მტერი ეშმაკია: მკა - ქვეყნის დასასრული, და მომკალნი - ანგელოზები.
40როგორც შეკრებენ ღვარძლს და ცეცხლს მისცემენ, ასევე იქნება ქვეყნის დასასრულს.
41რადგან მოავლინებს ძე კაცისა თავის ანგელოზებს, და შეკრებენ მის სასუფეველში ყოველი საცდურისა და ურჯულოების მოქმედთ.
42და ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში: და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.
43მაშინ მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!
44და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ყანაში დაფლული განძისა, რომელიც იპოვა კაცმა, დამალა და გახარებული წავიდა; გაყიდა ყველაფერი, რაც ებადა, და იყიდა ის ყანა.
45და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ვაჭარი კაცისა, რომელიც ეძებს ლამაზ მარგალიტს.
46და როცა იპოვის ძვირფას მარგალიტს, წავა, გაჰყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და იყიდის მას.
47და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ბადისა, რომელსაც ისვრიან ზღვაში, და იჭერს ყოველნაირ თევზს;
48ხოლო როცა გაივსება, ნაპირზე გამოათრევენ, დასხდებიან და ვარგისით გოდრებს დაავსებენ, ხოლო უვარგისთ გადაჰყრიან.
49ასე იქნება ქვეყნის დასასრულსაც: მოვლენ ანგელოზები და მართალთაგან განაშორებენ უკეთურთ;
50და ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.
51ჰკითხა მათ იესომ: გესმით თუ არა ყოველივე ეს? და მათ მიუგეს: დიახ, უფალო.
52ხოლო იესომ უთხრა მათ: ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, მსგავსია სახლის პატრონისა, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ახალიცა და ძველიც.
53და როცა დაასრულა იესომ ეს იგავნი, იქაურობას გაეცალა.
54მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა?
55განა ხუროს შვილი არ არის? განა დედამისს მარიამი არა ჰქვია, ხოლო მის ძმებს - იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა?
56და განა ჩვენს შორის არ არიან მისი დები? ვინ მისცა ყოველივე ეს?
57და ცდებოდნენ მასში. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არის წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში და თავის სახლში.
58და არა მოუხდენია იქ მრავალი სასწაული მათი ურწმუნოების გამო.
Next