Eleos

Contents

თავი - 12

Previous
1ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო; მოშივდათ მის მოწაფეებს და დაიწყეს თავთავების კრეფა და ჭამა.
2ეს რომ დაინახეს, ფარისევლებმა უთხრეს მას: აი, შენი მოწაფეები იმას სჩადიან, რაც ნებადართული არ არის შაბათს.
3ხოლო იესომ უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მოშივდა მასაც და მის მხლებლებსაც?
4როგორ მევიდა ღმერთის სახლში და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ქმნა არც მისთვის იყო ნებადართული და არც მისი მხლებლებისათვის, და რისი ნებაც მხოლოდ მღვდლებს ჰქონდათ?
5არც ის ამოგიკითხავთ რჯულში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს, და მაინც უცოდველნი არიან?
6ხოლო მე გეუბნებით თქვენ: აქ არის ის, ვინც ტაძარზეც უმეტესია.
7რომ იცოდეთ, რას ნიშნავს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, აღარასოდეს შეაჩვენებდით უცოდველთ.
8რადგან ძე კაცისა შაბათის უფალიც არის.
9წამოვიდა იქიდან იესო და შევიდა მათ სინაგოგაში.
10და, აჰა, იყო იქ ერთი ხელგამხმარი კაცი, და ჰკითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: თუ შეიძლება კაცი განკურნო შაბათს?
11ხოლო იესომ პასუხად უთხრა მათ: რომელიმე თქვენგანს ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათ დღეს ორმოში ჩაუვარდეს, ნუთუ ხელს არ ჩასჭიდებს და არ ამოიყვანს მას?
12ხოლო კაცი რამდენად უმჯობესია ცხვარზე? ამიტომაც შეიძლება შაბათ დღეს სიკეთის ქმნა.
13და უთხრა მაშინ კაცს: გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და ისევე გაუმრთელდა, როგორც მეორე.
14ხოლო ფარისევლები გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი.
15მაგრამ იესომ გაიგო ეს და გაეცალა იქაურობას; თან მისდევდა დიდძალი ხალხი და განკურნა ყველა.
16და უბრძანა მათ, არ გამთქვათო.
17რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
18აჰა, მსახური ჩემი, რომელიც ავირჩიე; საყვარელი ჩემი, რომელიც შევიტკბე სულით; დავსდებ მასზე ჩემს სულს, და აუწყებს სამართალს ხალხებს.
19არ იდავებს, არ იყვირებს და ვერც ვერავინ მოისმენს ქუჩებში მის ხმას.
20მოტეხილ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ დაშრეტს, ვიდრე არ მოუპოვებს ძლევას სამართალს.
21და მისი სახელი სასოებად ექნება ხალხებს.
22მაშინ მიჰგვარეს მას ბრმა და მუნჯი ეშმაკეული, და განკურნა იგი, ისე, რომ ამ ბრმასა და მუნჯს თვალი აეხილა და ამეტყველდა.
23უკვირდა ხალხს და ამბობდა: ეს ხომ არ არის დავითის ძეო?
24ხოლო ამის გამგონე ფარისევლები ამბობდნენ: ეს თუ ეშმაკებს აძევებს, მხოლოდ ეშმაკთა მთავრის, ბელზებულის შეწევნითო.
25მაგრამ იცოდა იესომ, რასაც ფიქრობდნენ ისინი, და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება: და ყოველი ქალაქი, გინდა სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა.
26თუკი სატანა აძევებს სატანას, მაშინ ის თავის თავს განეყოფა; როგორღა გაძლებს მასი სამეფო?
27და თუ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ვისი შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი.
28ხოლო თუ მე ღმერთის სულით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენამდე ღმრთის სასუფეველს.
29ან როგორ შეძლებს ვინმე შევიდეს ძლიერის სახლში და გაძარცვოს იგი, თუკი თავდაპირველად არ შებოჭავს ძლიერს? მხოლოდ ამის შემდეგ თუ შესძლებს მისი სახლის გაძარცვას.
30ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს.
31ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ.
32ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად.
33ან სცანით ხე ვარგისად და მისი ნაყოფიც ვარგისად; ან სცანით ხე უვარგისად და მისი ნაყოფიც უვარგისად; ვინაიდან ნაყოფით იცნობა ხე.
34იქედნეს ნაშიერნო, როგორ შეგიძლიათ, თავად უკეთურთ, კეთილი სიტყვის თქმა? ვინაიდან გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე.
35კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი.
36ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს.
37ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და მაშინვე სიტყვებით განიკითხები.
38მაშინ ზოგმა მწიგნობარმა და ფარისეველმა უთხრა მას: მოძღვარო, გვსურს სასწაული ვიხილოთ შენგან.
39ხოლო მან პასუხად თქვა: უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს; მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა.
40ვინაიდან როგორც იონამ დაყო ვეშაპის მუცელში სამი დღე და სამი ღამე, ასევე დაყოფს ძეც კაცისა ქვეყნის გულში სამ დღეს და სამ ღამეს.
41ნინეველნი აღსდგებიან განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებენ მას, ვინაიდან მათ შეინანეს იონას ქადაგებით, და, აჰა, აქ იონაზე უმეტესია.
42სამხრეთის დედოფალი აღსდგება განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებს მას, ვინაიდან ქვეყნის დასალიერიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის სასმენად, და, აჰა, აქ სოლომონზე უმეტესია.
43როდესაც უწმინდური სული გამოვა კაცისაგან, უწყალო ადგილებს დაეძებს განსასვენებლად, და ვერ ჰპოვებს მას.
44და მაშინ იტყვის: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი; და როცა მივა, ჰპოვებს მას ცარიელს, დაგვილსა და დამშვენებულს.
45მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე უბოროტესს; შევა და დაემკვიდრება იქ; და ამ კაცის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. იგივე დღე ელის ამ უკეთურ მოდგმასაც.
46და ვიდრე ასე ესაუბრებოდა ხალხს, მისი დედა და ძმები გარეთ იდგნენ და სიტყვის სათქმელად ეძებდნენ მას.
47მაშინ ვიღაცამ უთხრა მას: აჰა, დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და სიტყვის სათქმელად გეძებენ შენ.
48ხოლო იესომ პასუხად თქვა: ვინ არის დედაჩემი? ან ვინ არიან ჩემი ძმები?
49გაიშვირა ხელი თავისი მოწაფეებისაკენ და თქვა: აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები.
50რადგან ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას, იგია ძმაც, დაც და დედაც ჩემი.
Next