თავი - 14
Previous1იმ ხანად ჰეროდე მეოთხედმთავრამდე მიაღწია იესოს ამბავმა;
2და უთხრა თავის მსახურთ: ეს არის იოანე ნათლისმცემელი; მკვდრეთით აღმდგარა და ამიტომ ძალნი მოქმედებენ მასში.
3ვინაიდან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, გათოკა და საპყრობილეში ჩააგდო ჰეროდიადას, თავისი ძმის - ფილიპეს ცოლის გამო.
4რადგანაც იოანე ეუბნებოდა: არ შეიძლება შენ გყავდესო იგი.
5და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.
6ხოლო ჰეროდეს დაბადების დღეს ჰეროდიადას ასულმა იცეკვა წვეულთა წინაშე და მოხიბლა ჰეროდე.
7ამიტომ ფიცით აღუთქვა მას, მოგცემ, რასაცა მთხოვო.
8ხოლო მან, დედამისისგან წინასწარ გაზრახებულმა, სთხოვა ლანგრით მიეცათ იოანე ნათლისმცემლის თავი.
9შეწუხდა მეფე, მაგრამ, ფიცისა და თანამეინახეთა რიდით, მიცემა ბრძანა.
10წარგზავნა მსახურნი, რათა იოანესთვის თავი მოეკვეთათ საპყრობილეში.
11მოართვეს თავი ლანგრით და მისცეს ყმაწვილ ქალს, ხოლო მან მიართვა დედამისს.
12იოანეს მოწაფეები მივიდნენ, გამოიტანეს მისი ნეშტი და დამარხეს: მერე კი წავიდნენ და აუწყეს იესოს.
13ეს რომ გაიგო, იესო ნავით გაეცალა იქაურობას და უდაბნოში განმარტოვდა, მაგრამ შეიტყო ხალხმა და ფეხდაფეხ მიჰყვა ქალაქებიდან.
14გამოვიდა იესო, იხილა დიდძალი ხალხი, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულნი.
15ხოლო შებინდებისას მივიდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: უდაბურია ეს ადგილი და თანაც გვიანია უკვე: გაუშვი ხალხი, რათა წავიდნენ სოფლებში საჭმლის საყიდლად.
16მაგრამ იესომ უთხრა მათ: არ დასჭირდებათ წასვლა; თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი.
17ხოლო მათ უთხრეს: რომ არაფერი გვაქვს, ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა?
18იესომ უთხრა მათ: აქ მომიტანეთ.
19და მოლზე დასხდომა უბრძანა ხალხს: აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა და დატეხა პურები და მისცა მოწაფეებს, ხოლო მათ ჩამოურიგეს ხალხს.
20ყველამ ჭამა და გაძღა; ნარჩენებით კი გაავსეს თორმეტი კალათი.
21ხოლო იყო მჭამელი ასე ხუთიათასამდე კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა.
22და მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს.
23ხალხი რომ გაისტუმრა, განმარტოებით ავიდა მთაზე სალოცავად; და მწუხრის ჟამს მარტო იყო იქ.
24ხოლო ნავი უკვე შუაგულ ზღვაში იყო, და ტალღები ეხეთქებოდნენ მას, ვინაიდან პირქარი ქროდა.
25და ღამის მეოთხე გუშაგობისას იესო ზღვაზე სვლით მივიდა მათთან.
26ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოწაფეები შეძრწუნდნენ და თქვეს: მოჩვენება არისო, და შიშით შეჰყვირეს.
27მყისვე შეეხმიანათ იესო: მხნედ იყავით; მე ვარ, ნუ გეშინიათ.
28მიუგო პეტრემ და უთხრა მას: უფალო, თუ მართლა შენა ხარ, მიბრძანე, რომ ზღვით მოვიდე შენთან.
29მანაც უბრძანა: მოდი! და გადმოვიდა პეტრე ნავიდან, რათა ზღვაზე სვლით მისულიყო იესოსთან.
30მაგრამ რა იხილა ძლიერი ქარი, შეშინდა, ჩაძირვა იწყო და შეჰღაღადა: უფალო, მიხსენ მე!
31მყისვე გაუწოდა ხელი იესომ, ჩასჭიდა მას და უთხრა: მცირედ მორწმუნეო, რამ შეგაეჭვა?
32და ავიდნენ თუ არა ნავზე, მაშინვე ჩადგა ქარი.
33ხოლო ნავში მყოფნი მიეახლნენ, თაყვანი სცეს და უთხრეს: ჭეშმარიტად ღმრთის ძე ხარ შენ.
34ასე გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის მხარეს.
35და იცნეს იგი იქაურებმა, ხალხი დაგზავნეს მთელს მხარეში და მიჰგვარეს ყველა სნეული.
36ევედრებოდნენ, ხელი შეგვახებინე შენი სამოსის კალთისთვისო; და ვინც შეახო, განიკურნა.
Next