თავი - 9
Previous1განაჩენი, სიტყვა უფლისა ხადრაქის ქვეყანაზე და დამასკოზე, მის განსასვენებელზე (რადგან უფლის თვალი დაჰყურებს ადამიანებს და ისრაელის ყოველ შტოს),
2და ხამათზეც, მას რომ ესაზღვრება, ტვიროსზე და ციდონზე, რადგან მეტისმეტად გაბრძენდნენ.
3აიშენა ტიროსმა ციხე-სიმაგრე და ქვიშასავით დაახვავა ვერცხლი და ოქრო - ქუჩის ტალახივით.
4აჰა, უფალი ცარიელზე დასტოვებს მას და ზღვაში ჩაამხობს მის დოვლათს; თავად კი ცეცხლში შთაინთქმება.
5იხილავს აშკელონი და შეეშინდება, ღაზაც შეძრწუნდება მეტისმეტად და ყეკრონიც, რადგან გაწბილდება მისი იმედი; გადაიკარგება მეფე ღაზადან და აღარ დასახლდება აშკელონი.
6უცხოთესლი იცხოვრებს აშდოდში და აღმოვფხვრი ფილისტიმელთა ამპარტავნობას;
7პირიდან გამოვგლეჯ სისხლს და სისაძაგლეებს კბილებს შორიდან; ისიც ჩვენს ღმერთს დარჩება და იქნება როგორც ერთი ათასეული იუდაში, ყეკრონი კი ებუსეველის მსგავსად შეირაცხება.
8შემოვაკავებ ჩემს სახლს ლაშქრისგან დასაცავად, მიმსვლელ-მომსვლელისგან, და აღარ მიუვა მას მჩაგვრელი, რადგან ამიერიდან ჩემი თვალით ვხედავ მას.
9იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართლი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე.
10ამოვაგდებ ეტლებს ეფრემიდან და ცხენებს იერუსალიმიდან; შეიმუსრება საბრძოლო მშვილდი. მშვიდობას გამოუცხადებს უფალი ხალხებს და დამყარდება მისი ხელმწიფება ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან ქვეყნის ბოლომდე.
11შენ კი, შენი აღთქმის სისხლის გულისთვის გავათავისუფლებ შენს ტყვეებს ჭიდან, სადაც წყალი არა დგას.
12დაუბრუნდით ციხე-სიმაგრეებს, იმედის ტყვენო! რასაც დღეს გიცხადებთ, ორმაგად მოგაგებთ.
13რადგან მშვილდივით მოვიზიდავ იუდას და ისრებით ავავსებ ეფრემს; აღვძრავ შენს შვილებს, სიონო, შენი შვილების წინააღმდეგ, იავანო, და მეომრის მახვილად გაქცევ!
14უფალი გამოჩნდება მათ ზემოთ და ელვასავით გამოვარდება მისი ისარი; ჩაჰბერავს საყვირს უფალი ღმერთი და წამოვა შუადღის ქარიშხალში.
15ცაბაოთ უფალი დაიფარავს მათ; შთანთქავენ და გათელავენ შურდულის ქვებს; ღვინოსავით შესვამენ მათ სისხლს; აივსებიან სასხურებელ თასივით, სამსხვერპლოს ქიმებივით.
16იხსნის მათ იმ დღეს უფალი, მათი ღმერთი, როგორც თავისი ხალხის ფარას? რადგან გვირგვინის თვლები არიან ისინი და გაბრწყინდებიან მის მიწაზე.
17ოჰ, რაზომ დიდია მისი სიკეთე, რაზომ დიდია მისი მშვენება! ჭაბუკებს - ხორბალი, ქალწულებს მაჭარი ააღორძინებს.
Next