Eleos

Contents

თავი - 8

Previous
1იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ნათქვამი.
2ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდი შურითა და დიდი რისხვით ვარ აღძრული მის მიმართ.
3ასე ამბობს უფალი: დავბრუნდები სიონში და დავივანებ შუაგულ იერუსალიმში; დაერქმევა იერუსალიმს რწმენის ქალაქი და ცაბაოთ უფლის მთას - მთაწმიდა.
4ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კვლავ ისხდებიან ბერიკაცები და დედაბრები იერუსალიმის ქუჩებში, ყველას არგანი ეჭირება ხელში დღეთა სიმრავლის გამო.
5ქალაქის მოედნები სავსე იქნება ბიჭებით და გოგონებით, ითამაშებენ მის მოედნებზე.
6ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ეს შეუძლებელია ხალხის ნატამალის თვალში იმ დღეებში, განა ჩემს თვალშიც შეუძლებელია? ამბობს ცაბაოთ უფალი.
7ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მე დავიხსნი ჩემს ერს აღმოსავლეთის ქვეყნიდან და მზის დასავლეთის ქვეყნიდან;
8მივიყვან მათ და დავასადგურებ შუაგულ იერუსალიმში; ჩემი ერი იქნებიან ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები რწმენაში და სიმართლეში.
9ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: უფლის ტაძრის ასაშენებლად გაიმაგრეთ ხელები, ვინც ისმენდით იმ დღეებში იმ წინასწარმეტყველთა ნათქვამ სიტყვებს, რომლებიც იყვნენ ცაბაოთ უფლის სახლის დაფუძნების ჟამს.
10რადგან ამ დღეებამდე არ არსებობდა გასამრჯელო არც კაცისთვის და არც პირუტყვისთვის; არ ჰქონდა მშვიდობა მიმსვლელ-მომსვლელს მტრის შიშით და ერთი-მეორეზე მყავდა მისეული ადამიანები.
11ახლა ისეთი აღარ ვარ, როგორიც იმ დღეებში, ამ ერის ნატამალისთვის, ამბობს ცაბაოთ უფალი.
12რადგან იქნება მშვიდობის თესლი: ვაზი გამოიღებს თავის ნაყოფს, მიწა მოიტანს თავის მოსავალს და ცა მოსცემს თავის ცვარს; და ამ ერის ნატამალს დავუმკვიდრებ ყველაფერს ამას.
13და როგორც საწყევარად იყავით ხალხებში, იუდას სახლო და ისრაელის სახლო, ასე გიხსნით და საკურთხეველად იქნებით. ნუ გეშინიათ, გაიმაგრეთ ხელი.
14ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: როგორც ბოროტის ქმნა განვიზრახე თქვენთვის, როცა გამარისხა თქვენმა მამა-პაპამ, ამბობს ცაბაოთ უფალი, და არ შევინანე,
15კვლავ განვიზრახავ ამ ხანებში სიკეთის ქმნას იერუსალიმისთვის და იუდას სახლისთვის; ნუ გეშინიათ!
16აი, რა უნდა შეასრულოთ: ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს, ჭეშმარიტება და სამშვიდობო სამართალი გააჩინეთ თქვენს კარიბჭეებთან,
17ავი არ იზრახოთ ერთმანეთზე თქვენს გულში და ნუ გიყვართ ცრუ ფიცილი, რადგან მძულს ეს ყველაფერი, ამბობს უფალი.
18იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
19ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მეოთხე თვის მარხვა, მეხუთე თვის მარხვა, მეშვიდე თვის მარხვა და მეათე თვის მარხვა იყოს იუდას სახლისთვის შვებად და სიხარულად, და კეთილ დღესასწაულებად; ოღონდ ჭეშმარიტება და მშვიდობა გიყვარდეთ.
20ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ის მოხდება, რომ მოვლენ ხალხები და უამრავ ქალაქთა მცხოვრებნი.
21ერთი ქალაქის მცხოვრებნი მეორეში წავლენ, იტყვიან: წამო, წავიდეთ სამხვეწროდ უფლის წინაშე და ცაბაოთ უფლის საძიებლადო. მაშინ მეც წავალ.
22მოვლენ მრავალრიცხოვანი ხალხები და ძლიერი ერები ცაბაოთ უფლის საძიებლად იერუსალიმში და სამხვეწრად უფლის წინაშე.
23ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: იმ ხანებში იქნება, რომ მოეჭიდება ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან, მოეჭიდება იუდაელის კალთებს და ეტყვიან: თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი.
Next