თავი - 7
Previous1დარიოს მეფის მეოთხე წელს იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ მეცხრე თვის, ქისლესის, ოთხში.
2გაგზავნა ბეთელის ხალხმა შარეცერი და რეგემ-მელექი მათი კაცებითურთ სამხვეწროდ უფლის წინაშე
3და ცაბაოთ უფლის სახლის მღვდლებისთვის და წინასწარმეტყველთათვის შესაკითხავად: ვიტირო მეხუთე თვეს და ვიმარხულო, როგორც უკვე მრავალი წელია ვიქცევიო?
4იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
5უთხარი ქვეყნის მთელ ხალხს და მღვდლებს: როცა მარხულობდით და გლოვობდით მეხუთე და მეშვიდე თვეში ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, განა ჩემთვის მარხულობდით?
6როცა ჭამთ და როცა სვამთ, განა თქვენთვის არა ჭამთ და თქვენთვის არა სვამთ?
7განა ეს სიტყვები არ არის, უფალმა რომ გამოაცხადა წინანდელ წინასწარმეტყველთა პირით, როცა იერუსალიმი დასახლებული და უზრუნველი იყო, როცა მისი ქალაქები მის გარშემო, სამხრეთი (ნეგები) და დაბლობი (შეფელა) დასახლებული იყო?
8იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ ნათქვამი:
9ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ქმენით ჭეშმარიტი სამართალი, სიკეთით და მოწყალებით მოექეცით ერთმანეთს;
10ქვრივს, ობოლს, ხიზანს, ღარიბ-ღატაკს ნუ დაჩაგრავთ; ბოროტს ნუ იზრახავთ თქვენს გულში ერთმანეთისთვის.
11მაგრამ მათ არ ისურვეს ყურისგდება, წამოსწიეს ჯიუტი მხრები და ყურები დაიმძიმეს, რომ არ ესმინათ;
12გული გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, რომლებიც მოავლინა ცაბაოთ უფალმა თავისი სულით, წინანდელ წინასწარმეტყველთა პირით; ამიტომაც იყო დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან.
13და როგორც ის უხმობდა და არ უსმენდნენ, ასევე არ ისმინა მათი, როცა უხმობდნენ მას, ამბობს ცაბაოთ უფალი.
14გავფანტე ისინი ყველა ხალხს შორის, რომელსაც არ იცნობდნენ, და გატიალდა მიწა მათ შემდეგ; არავინ იყო მიმსვლელ-მომსვლელი და სანუკვარი ქვეყანა უდაბნოდ აქციეს.
Next