Eleos

Contents

თავი - 6

Previous
1კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, ოთხი ეტლი, ორ მთას შორის გამომავალი; მთები კი სპილენძისა იყო.
2პირველ ეტლში წითელი ცხენები იყო, მეორე ეტლში შავი ცხენები;
3მესამე ეტლში თეთრი ცხენები, მეოთხე ეტლში ამლაყები, ნისლისფერნი.
4ხმა გავიღე და ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მლაპარაკობდა: რა არის-მეთქი ესენი, ჩემო ბატონო?
5მომიგო ანგელოზმა და მითხრა: ცის ოთხი სულია ესენი, იმ ადგილიდან გამომავალნი, სადაც მთელი ქვეყნის უფლის წინაშე დგანან.
6მათგან შავი ცხენები ჩრდილოეთის ქვეყნისკენ არიან გამოსულნი, თეთრები მათ უკან გამოვიდნენ და ამლაყები სამხრეთის ქვეყნისკენ მიდიან.
7ნისლისფერნი გამოვიდნენ და ქვეყნის შემოვლა მოინდომეს. უთხრა: წადით, მოიარეთ ქვეყანა! და მოიარეს ქვეყანა.
8დამიყვირა და ასე და ელაპარაკა: შეხედე, ჩრდილოეთის ქვეყნისკენ გასულებმა დააცხრეს ჩემი სული ჩრდილოეთის ქვეყანაში.
9იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
10აიღე ძღვენი გადასახლებულთაგან - ხელდაისგან, ტობიასგან, და იედაყიასგან და წადი დღესვე და შედი იოშია ცეფანიას ძის სახლში, სადაც ისინი მივიდნენ ბაბილონიდან.
11გამოართვი ვერცხლი და ოქრო, გააკეთე გვირგვინი და დაადგი თავზე იესო დეჰოცადაკის ძეს, მღვდელმთავარს.
12უთხარი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: აჰა, კაცი - მორჩია მისი სახელი; თავისი ადგილიდან აღმოცენდება და ააშენებს უფლის ტაძარს.
13ის ააშენებს უფლის ტაძარს და იტვირთავს დიდებას, დაჯდება და იხელმწიფებს თავის ტახტზე; ის იქნება მღვდელი თავის ტახტზე და თანხმობა იქნება ამ ორთა შორის.
14გვირგვინი ჰქონდეს ხელემს, გობიას, იედაყიას და ხენ ცეფენიას ძეს სამახსოვროდ უფლის ტაძარში.
15შორსმყოფნი მოვლენ და ააშენებენ უფლის ტაძარს, მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა თქვენთან. ეს მოხდება, თუ გაგონებით გაიგონებთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას.
Next