თავი - 2
Previous1მეშვიდე თვეს, თვის ოცდამეერთე დღეს იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით:
2უთხარი ზერუბაბელ შალათიელის ძეს, იუდას განმგებელს, იესო იეჰოცადაკის ძეს, მღვდელმთავარს და მთელს დანარჩენ ხალხს.
3ვინ არის დარჩენილი თქვენს შორის, ვინც მოსწრებია ამ სახლის პირვანდელ დიდებას? რას ხედავთ ახლა? ხომ არარაობად ჩანს თქვენს თვალში!
4ახლა გამაგრდი, ზერუბაბელ! ამბობს უფალი. გამაგრდი იესო იეჰოცადაკის ძევ, მღვდელმთავარო! გამაგრდი, მთელო ქვეყნის ერო! ამბობს უფალი, და იშრომეთ, რადგან თქვენთანა ვარ, ამბობს ცაბაოთ უფალი.
5სიტყვა, ეგვიპტიდან გამოსვლისას რომ დაგიდევით, და ჩემი სული იმყოფებს თქვენს შორის. ნუ გეშინიათ.
6რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ცოტაც და შევარყევ ცას და მიწას, ზღვასა და ხმელეთს.
7შევარყევ ყველა ხალხს, და ასრულდება ყოველი ხალხის საწადელი: დიდებით ავავსებ ამ სახლს, ამბობს ცაბაოთ უფალი.
8ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო, ამბობს ცაბაოთ უფალი.
9პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ უკანასკნელი სახლის დიდება, ამბობს ცაბაოთ უფალი. ამ ადგილზე მოვაფენ მშვიდობას, ამბობს ცაბაოთ უფალი.
10მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოსის მეორე წელს, იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით:
11ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ჰკითხე მღვდლებს რჯული:
12აი, მიაქვს კაცს წმიდა ხორცი თვისი სამოსელის კალთით, შეეხო კალთით პურს, შეჭამადს, ღვინოს, ზეთს ან რაიმე საჭმელს. თუ გახდება წმიდა? მიუგეს მღვდლებმა და უთხრეს: არა.
13თქვა ანგიამ: თუ შეეხო ამას ყველაფერს გაუწმიდურებული კაცი, გაუწმიდურდება ეს ყველაფერი? მიუგეს მღვდლებმა და უთხრეს: გაუწმიდურდება.
14მიუგო ანგიამ და უთხრა: ასეთია ეს ერი, ასეთია ეს ხალხი ჩემს წინაშე, ამბობს უფალი. ასეთია მათი ხელების ნამოქმედარი. მათი მოტანილი ყველაფერი უწმიდურია.
15ახლა დააკვირდით რა ხდებოდა ძველად, ვიდრე ქვა ქვაზე დაიდებოდა უფლის ტაძარში.
16მივიდოდნენ ოცძნიან ზვინთან და აღმოჩნდებოდა ათი. მივიდოდნენ საწნახელთან ორმოცდაათი საწყაულის ამოსახაპავად და აღმოჩნდებოდა ოცი.
17გინადგურებდით მთელს ნამუშაკევს ხორშაკით, სიყვითლით და სეტყვით, და მაინც არ მოიქეცით ჩემკენ, ამბობს უფალი.
18დააკვირდით რა ხდებოდა ძველად მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღიდან, იმ დღიდან, რაც უფლის ტაძარი დაფუძნდა, დააკვირდით:
19თუღა დარჩა ბეღელში თესლი? აქამდე არ გამოუღია ნაყოფი ვენახს, ლეღვს, ბროწეულს და ზეთისხილს. ამიერიდან კი ვაკურთხებ.
20მეორედ იყო უფლის სიტყვა ანგიას მიმართ თვის ოცდამეოთხე დღეს.
21ასე უთხარი ზერუბაბელს, იუდას განმგებელს: შევარყევ ცას და მიწას;
22დავამხობ სამეფოთა ტახტებს, მოვსპობ ხალხების სამეფოთა ძლიერებას, დავამხობ ეტლებს მხედრებითურთ და დაეცემიან ცხენები და მხედრები ერთმანეთის მახვილით.
23იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, წაგიყვან შენ, ზერუბაბელ შელათიელის ძეო, ჩემო მორჩილო, ამბობს უფალი, და ბეჭედივით მეყოლები, რადგან ჩემი რჩეული ხარ, ამბობს ცაბაოთ უფალი.
Next