თავი - 1
Previous1დარიოს მეფის მეორე წელს, მეექვსე თვის პირველ დღეს იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით იუდას განმგებლის ზერუბაბელ შალათიელის ძის, და მღვდელმთავრის იესო - იეჰოცადაკის ძის მიმართ.
2ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ეს ხალხი ამბობს, ჯერ არ დამდგარაო ჟამი, უფლის სახლის აშენების ჟამი.
3იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით:
4იმის ჟამი კი არის, რომ გადახურულ სახლებში ისხდეთ, ეს სახლი კი მიგდებული იყოს?
5ახლა ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით თქვენს საქციელს.
6ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტასა მკით; ჭამთ, მაგრამ ვერ ძღებით; სვამთ, მაგრამ ვერ იკლავთ წყურვილს; იცვამთ, მაგრამ ვერ თბებით; გახვრეტილი ქისისთვის იდებს მშრომელი შრომის საზღაურს.
7ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით თქვენს საქციელს.
8ადით მთაზე, აიტანეთ ხე-ტყე და ტაძარი ააშენეთ. მოვიწონებ ამას და დიდებით გამოვჩნდები, ამბობს უფალი.
9ბევრის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ მცირედი გისრულდებათ; რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც ვანიავებ, რატომ? ამბობს ცაბაოთ უფალი. იმიტომ, რომ მიგდებულია ჩემი სახლი, თქვენ კი ყველანი თქვენს სახლებზე ზრუნავთ.
10ამიტომ არის, რომ დაგიკავათ ცამ ცვარი და მიწამ დაგიკავათ მოსავალი.
11გამოვიხმე გვალვა მიწაზე, მთებზე, პურზე, ღვინოზე, ზეთისხილზე და ყველაფერზე, რასაც მიწა აღმოაცენებს; ადამიანზე, პირუტყვზე და ყოველივე ნაჭირნახულევზე.
12ისმინეს ზერუბაბელ შალათიელის ძემ, იესო იეჰოცადაკის ძემ, მღვდელმთავარმა, და მთელმა დანარჩენმა ხალხმა უფლის, მათი ღმერთის ხმა და ანგია წინასწარმეტყველის სიტყვები, რამდენადაც იგი უფლის, მათი ღმერთის მოვლინებული იყო, და შეეშინდა ხალხს უფლისა.
13უთხრა ანგიამ, უფლის მაცნემ, ხალხს უფლის მაცნეობის ძალით: მე თქვენთანა ვარ, ამბობს უფალი.
14გააღვიძა უფალმა იუდას განმგებლის, ზერუბაბელ შალათიელის ძის სული, მღვდელმთავრის, იესო იეჰოცადაკის ძის სული და მთელი დანარჩენი ხალხის სული. მივიდნენ და დაიწყეს მუშაობა ცაბაოთ უფლის, მათი ღმერთის სახლში,
15მეექვსე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოს მეფის მეორე წელს.
Next