თავი - 1
Previous1დარიოსის მეორე წლის მერვე თვეს იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ, ძისა ბერექიასი, ძისა ყიდოსი, წინასწარმეტყველისა.
2რისხვით განურისხდა უფალი თქვენს მამა-პაპას.
3უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: მოიქეცით ჩემკენ, ამბობს ცაბაოთ უფალი, და მეც მოვიქცევი თქვენკენ, ამბობს ცაბაოთ უფალი.
4ნუ იქნებით თქვენს მამა-პაპასავით, რომელთაც მოუწოდებდნენ წინანდელი წინასწარმეტყველნი, ასე ამბობსო ცაბაოთ უფალი: მიიქეცით თქვენი ბოროტი გზებიდან და ბოროტი საქმეებისგან! მაგრამ არ მისმენდნენ და არ მიგონებდნენ, ამბობს უფალი.
5სადღა არიან თქვენი მამა-პაპანი და განა წინასწარმეტყველნიც საუკუნოდ ცოცხლობენ?
6მაგრამ ჩემი სიტყვები და მცნებები, რომლებიც ვუანდერძე ჩემს მორჩილთ, წინასწარმეტყველთ, ხომ მისწვდა თქვენს მამა-პაპას? მოიქცნენ და თქვეს: როგორც განიზრახა ცაბაოთ უფალმა მოგვქცეოდა ჩვენი გზებისა და საქმეების გამო, ისე მოგვექცა ჩვენ.
7მეთერთმეტე თვის, ანუ შებატის თვის, ოცდამეოთხე დღეს იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ, ძისა ბერაქიასი, ძისა ყიდოსი, წინასწარმეტველისა.
8ვიხილე ღამით და აჰა, მხედარია წითელ ცხენზე და დგას იგი მურტის ხეთა შორის, ჩრდილში, მის უკან კი ცხენებია - წითლები, ზერდაგები და თეთრები.
9ვთქვი, რა არის-მეთქი ესენი, ჩემო ბატონო? მითხრა ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა: მე გაჩვენებ, რა არიან ესენი.
10ხმა გაიღო კაცმა, მდგარმა მურტის ხეთა შორის, და თქვა: ესენი არიან, რომლებიც მოავლინა უფალმა ქვეყნის შემოსავლელად.
11მიუგეს უფლის ანგელოზს, მურტის ხეთა შორის მდგარს, და უთხრეს: შემოვიარეთ ქვეყანა და, აჰა, მშვიდად განისვენებს მთელი ქვეყანა.
12მიუგო უფლის ანგელოზმა და თქვა: ცაბაოთ უფალო! როდემდის არ მოიღებ მოწყალებას იერუსალიმზე და იუდას ქალაქებზე, რომლებიც აგერ სამოცდაათი წელია შერისხული გყავს?
13მიუგო უფალმა ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა, კეთილი სიტყვები, ნუგეშის სიტყვები.
14მითხრა ანგელოზმა, რომელიც მე მელაპარაკებოდა: მოუწოდე და თქვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: დიდი შურით ვარ აღძრული იერუსალიმის და სიონის მიმართ;
15დიდი რისხვით ვმრისხანებ თავგასულ ხალხზე; რადგან ოდნავ განვრისხდი და შეეწივნენ ისინი ბოროტებას.
16ამიტომ ასე ამბობს უფალი: მოწყალებით მოვბრუნდი იერუსალიმისკენ; მასში აიგება ჩემი სახლი, ამბობს ცაბაოთ უფალი, და ლარი გადაიჭიმება იერუსალიმზე.
17კიდევ მოუწოდე და თქვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: კვლავ აივსება ჩემი ქალაქები დოვლათით და კვლავ შეიწყალებს უფალი სიონს და კვლავ აირჩევს იერუსალიმს.
18ავახილე თვალები და, აჰა, ოთხი რქაა.
19ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა: რა არის-მეთქი ესენი? მითხრა: ესენი რქებია, რომლებმაც გაფანტა იუდა, ისრაელი და იერუსალიმი.
20და დამანახვა უფალმა ოთხი მჭედელი.
21ვთქვი: რის გაკეთებას აპირებენ-მეთქი ესენი? ასე მითხრა: ესენი რქებია, რომლებმაც გაფანტა იუდა, ისე რომ არავის აუწევია თავი; ეს მჭედლები კი მოსულნი არიან მათ დასაშინებლად, იმ ხალხთა რქების დასახრელად, რომელთაც რქა აღუმართავთ იუდას ქვეყნის წინააღმდეგ მის გასაფანტავად.
Next