Eleos

Contents

თავი - 1

Previous
1განაჩენი, რომელიც იხილა აბაკუმ წინასწარმეტყველმა.
2როდემდის უნდა ვითხოვდე შველას, უფალო, და არ ისმენდე? შემოგჩიოდე ძალადობის გამო და არ მშველიდე?
3რისთვის მაყურებინებ სიცრუეს და მახილვინებ სიავეს? ძარცვა-გლეჯა და ძალადობაა ჩემს წინაშე, მტრობა და შუღლია ჩამოვარდნილი.
4ამიტომაც გაცუდდა რჯული და აღარ ჭრის სამართალი; რადგან უსამართლო ჯაბნის მართალს; ამიტომაც გამოდის უკუღმართი მსჯავრი.
5შეხედეთ ხალხებს, დააკვირდით და განცვიფრდით, რადგან ისეთ რასმე მოვიმოქმედებ თქვენს დროში, ამბად გაგონილსაც არ დაიჯერებთ.
6რადგან, აჰა, აღვძრავ ქალდეველებს, ხალხს სასტიკსა და ფიცხელს, და მოივლიან მთელს დედამიწას, რომ დაეპატრონონ საცხოვრებლებს, რომლებიც მათ არ ეკუთვნით.
7საშიშია და შემზარავი, მისგან გამოდის მსჯავრი და სასჯელი.
8ჯიქზე უსწრაფესია მისი ცხენები, ბინდის მგლებივით მზერამახვილნი; დაჯირითობენ მისი მხედრებ, მოგრიალდებიან მხედრები შორიდან, მოფრინდებიან მსხვერპლს დაღირებული არწივებივით.
9ერთიანად მოდის საალაფოდ, აღმოსავლეთისკენ პირმიქცეული, და ქვიშასავით მიხვეტავს ტყვეებს.
10ამასხრებს მეფეებს და მთავრებს საცინად იგდებს; დასცინის ყოველ ციხე-სიმაგრეს, მიწაყრილებს ახვავებს მათ ასაღებად.
11მაშინ მოიცემს გულს, საზღვარს გადავა და შესცოდვას. მისი ძალა კი მის ღმერთშია!
12შენ ხომ უკუნისიდან ხარ, უფალო, ჩემო ღმერთო, ჩემო წმიდავ! არ დავიხოცებით! უფალო, სამსჯავროდა გყავს დადგენილი იგი; საფარველო, სამხილებლად გყავს განწესებული!
13სუფთაა სახედველნი ბოროტების საყურებლად და არ ძალგიძს სიავის ჭვრეტა. რატომ უცქერ მუხანათებს და დუმხარ, როცა ბოროტეული ყლაპავს მართალს?
14ზღვის თევზებივით გაგიხდია ადამიანები, უპატრონო ქვეწარმავლებივით.
15ყველანი ანკესით ჰყავს ამოყვანილი, თავისი სათხევლით ამოთრეული და თავის ბადეში გამომწყვდეული. ამიტომ ხარობს და ზეიმობს.
16ამიტომ სწირავს მსხვერპლს თავის სათხეველს და უკმევს თავის ბადეს, რადგან მათგან აქვს მსუყე კერძი და ნოყიერი საჭმელი.
17ნუთუ ამისთვის უნდა ისროდეს თავის სათხეველს და უწყალოდ ხოცავდეს ხალხებს გამუდმებით?
Next