თავი - 2
Previous1ჩემს სადარაჯოზე დავდგები და გავალ კოშკზე, დავაყურადებ, რომ ვნახო, რას მეტყვის და რა ვუპასუხო ჩემს მხილებაზე.
2მომიგო უფალმა და მითხრა: ჩაწერე ხილვა და ფიქალებზე ამოკვეთე, რომ სწრაფად წაიკითხოს მკითხველმა.
3რადგან უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება.
4აჰა, გაამაყდა, არ გასწორდა მასში სული, მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს.
5ამპარტავანი კაცი კი მატყუარა ღვინოსავითაა, არ მოისვენებს; ჯოჯოხეთივით აიბერება მისი სული და სიკვდილივით გაუმაძღარია: თავისკენ შემოიკრებს ყველა ხალხს და ყველა ერს თავისთან შემოხვეტავს.
6ხომ ყველანი საარაკოდ გახდიან მას და მასხრად აიგდებენ, იტყვიან: ვაი მას, ვინც სხვისას იგროვებს - როდემდისო? - და მონახვეჭით იმძიმებს თავს!
7ხომ უეცრად აღდგებიან შენი მკბენელნი და აღიძრებიან შენი დამაფრთხობელნი, რომ ათ კერძად იქცე?
8რაკი უამრავი ხალხი გყავს გაძარცული, შენც გაგძარცვავს ყველა დანარჩენი ერი დაღვრილი სისხლის წილ, ქვეყნის, ქალაქის და მის მკვიდრთა ჩაგვრის წილ.
9ვაი მას, ვინც უსამართლოდ იხვეჭს თავისი სახლისთვის და მაღალზე იბუდებს, რომ თავი დაიხსნას ბოროტის ხელიდან!
10სირცხვილი გადუწყვიტე შენს სახლს, რომ მოსპე უამრავი ხალხი, საკუთარ თავს შესცოდე.
11რადგან ქვები ღაღადებენ კედლებიდან და ხის კოჭები ეპასუხებიან.
12ვაი მას, ვინც სისხლზე აშენებს ქალაქს და უსამართლობაზე აფუძნებს დარბაზებს.
13განა ცაბაოთ უფლისგან არ არის, რომ ცეცხლისთვის იღვწიან ხალხები და არაფრისთვის დაშვრებიან ტომები?
14რომ უფლის დიდების ცოდნით აივსოს ქვეყანა, როგორც ზღვა არის წყლით დაფარული?
15ვაი მას, ვინც თავის თვისტომს ასმევს თავისი რისხვის თასს და ათრობს, რომ მათ სიშიშვლეს უყუროს!
16პატივის ნაცვლად დამცირებით გაძღები; შენც სვი და გაშიშვლდი; შენც შეგხვდება უფლის მარჯვენის თასი და შენი პატივის დამცირება.
17რადგან ლიბანის თრგუნვა შენს თავზე გადმოვა და პირუტყვთა აკლება შეგაშინებს, რადგან კაცის სისხლი გაქვს დაღვრილი და ქვეყანა, ქალაქი და მისი მცხოვრებნი დათრგუნული.
18რა სარგებლობა აქვს მოქანდაკის გამოკვეთილ კერპს, ტყუილის მოძღვარს, მაგრამ მოქანდაკე ესავს თავის ნაქანდაკევს, თუმცა მუნჯებია მისი შექმნილი ღმერთები.
19ვაი მას, ვინც ხეს ეუბნება: გაიღვიძეო, და მდუმარე ქვას: გამოფხიზლდიო. ეს არის მოძღვარი? აჰა, ოქრო-ვერცხლშია ჩასმული, სული კი არ უდგას.
20უფალი კი თავის წმიდა ტაძარშია; დადუმდეს მთელი ქვეყანა მის წინაშე!
Next