თავი - 2
Previous1აჰა, გაისმა მთებზე მახარობლის ფეხის ხმა მშვიდობის მაცნედ! გამართე დღესასწაულები, იუდა, აღთქმები შეასრულე, რადგან აღარ დაგეცემა თავს ბელიარი; საბოლოოდ განადგურდა.
2შემართულია შენს თავზე ურო, ნინევე! დაიცავი ციხე-სიმაგრე, გზისკენ იყურე, წელი გაიმაგრე, ძალა მოიკრიფე!
3რადგან დააბრუნა უფალმა იაკობის დიდება, როგორც დიდება ისრაელისა! რადგან გაძარცული ჰყავდათ ისინი მძარცველებს, აჩანაგებდნენ მათ ვენახებს.
4წითლად შეიღება გმირთა ფარები, მეწამული მოსავთ მეომრებს; ცეცხლს აკვესებს ეტლების ფოლადი, როცა მზადაა საბრძოლველად, და ირხევიან კვიპაროსის შუბები.
5დაქრიან ქუჩებში ეტლები, მოედნებზე დაგრიალებენ, ჩირაღდნის ალივით ლაპლაპებენ, ელვასავით ელავენ.
6გაიხსენებს თავის ძლიერებს, მაგრამ სრბოლისას წაიფორხილებენ, მიაწყდებიან კედლებს და საფარს მოაწყობენ.
7გაიღება მდინარეთა ჭიშკრები და აირ-დაირევა სასახლე.
8გადაწყდა: გასახლდება, გაიტაცებენ! მისი მხევლები მტრედის ხმაზე მოთქვამენ, გულში ხელს იცემენ.
9წყლისგან დაიცალა ნინევე - წყალსატევი; ისინი კი გარბიან. დადექით! დადექით! მაგრამ არავინ ბრუნდება უკან.
10დაიტაცეთ ოქრო, დაიტაცეთ ვერცხლი! არ დაილევა მდიდრული ნახელავი, ძვირფასი ნივთები.
11გატიალდა, გაოხრდა, გაპარტახდა! დადნა გული და კანკალებს მუხლები, მოწყდათ წელი, ფერი წაუვიდათ.
12სად არის ლომთა ბუნაგი და ბოკვერთა სანავარდო, სადაც დადიოდნენ ხვადი, ძუ ლომი და მათი ლეკვი, და არავინ იყო დამაფრთხობელი?
13ლომი გლეჯს თავისი ლეკვებისთვის და აღრჩობს თავისი ძუსთვის; ნატაცებით ავსებს თავის ბუნაგს და გამოქვაბულს - დაგლეჯილი ნადავლით.
14აჰა, მითქვამს შენთვის, ამბობს ცაბაოთ უფალი, ცეცხლში დავწვავ შენს ეტლს, მახვილი შეჭამს შენს ბოკვერებს; შენს მტაცებლობას აღვკვეთავ ქვეყანაზე და აღარ გაისმება შენს მოციქულთა ხმა.
Next