Eleos

Contents

თავი - 9

Previous
1ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წელს, პირველ თვეში, უთხრა:
2მოამზადონ ისრაელიანებმა პასექი დათქმულ დროს.
3ამ თვის მეთოთხმეტე დღეს, დაღამებისას, მოამზადეთ იგი დათქმულ დროს; ყველა წესისა და რიგის დაცვით მოამზადეთ იგი.
4ელაპარაკა მოსე ისრაელიანებს, რომ დაემზადებინათ პასექი.
5დაამზადეს პასექი პირველ თვეში, თვის მეთოთხმეტე დღეს, დაღამებისას, სინაის უდაბნოში; ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანებმა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
6იყვნენ ისეთები, რომლებიც გაუწმიდურდნენ მკვდრის შეხებით და ვერ შეძლეს პასექის დამზადება იმ დღეს. მივიდნენ ისინი მოსესთან და აარონთან იმ დღეს.
7უთხრა ამ ხალხმა მას: გაუწმიდურებული ვართ მკვდრის შეხებით. რისთვის უნდა აგვეკრძალოს საუფლო შესაწირავის მიტანა დათქმულ დროს ისრაელიანებთან ერთად?
8უთხრა მათ მოსემ: მოითმინეთ, მოვისმენ, რას მამცნობს თქვენზე უფალი.
9ელაპარაკა უფალი მოსეს:
10ელაპარაკე ისრაელიანებს: თუ ვინმე გაუწმიდურდება მკვდრის შეხებით ან შორ გზაზე იქნება წასული თქვენს შორის ან თქვენს შთამომავლობაში, მანაც უნდა დაამზადოს უფლის პასექი.
11მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს დაღამებისას დაამზადონ იგი, უფუარი პური და მწარა ბალახები შეატანონ.
12ნუ მოირჩენენ დილისათვის, ძვლებს ნუ დაამტვრევენ, პასექის ყველა წესის დაცვით შეასრულონ იგი.
13თუ კაცი გაწმიდავებულია და არც გზაშია, მაგრამ მაინც არ დაამზადებს პასექს, უნდა მოიკვეთოს იგი თავისი ხალხისგან, რადგან საუფლო შესაწირავი არ მიიტანა დათქმულ დროს. ცოდვა დაედება იმ კაცს.
14თუ მდგმური გყავთ, მანაც უნდა დაამზადოს უფლის პასექი პასექის წესისა და რიგის მიხედვით. ერთი წესი უნდა გქონდეთ მდგმურსაც და ქვეყნის მკვიდრსაც.
15სავანის აღმართვის დღეს ღრუბელმა დაფარა მოწმობის კარვის სავანე და საღამოდან დილამდე, თითქოს ცეცხლი ჩანდა სავანეზე.
16ასე იყო მუდამ: ღრუბელი ფარავდა მას და ცეცხლი ჩანდა ღამით.
17როგორც კი ასცილდებოდა ღრუბელი კარავს, დაიძრებოდნენ ისრაელიანებიც; ხოლო სადაც დადგებოდა ღრუბელი, იქ დაიბანაკებდნენ ხოლმე ისრაელიანები.
18უფლის ბრძანებაზე დაიძრებოდნენ და უფლის ბრძანებაზე დაიბანაკებდნენ ხოლმე ისრაელიანები. მთელი იმ ხანის მანძილზე, რაც ღრუბელი ეფინა სავანეს, იდგნენ ისინი.
19თუ დიდხანს დაყოვნდებოდა ღრუბელი სავანეზე, ასრულებდნენ ისრაელიანები უფლის სამსახურს და არ იძროდნენ.
20ხდებოდა ხოლმე, რომ მცირე ხანს ეფინა ღრუბელი სავანეს, უფლის ბრძანებაზე დაიბანაკებდნენ და უფლის ბრძანებაზე დაიძრებოდნენ.
21ხდებოდა ხოლმე, რომ საღამოდან დილამდე იდგა ღრუბელი, დილას ასცილდებოდა ღრუბელი და ისინიც დაიძრებოდნენ, ან ერთი დღე-ღამე იდგა და, როცა ასცილდებოდა ღრუბელი, დაიძრებოდნენ.
22ან ორი დღე იდგა ან ერთი თვე, ან რამდენიმე დღე; თუ დიდხანს იდგა ღრუბელი სავანეზე, იდგნენ ისრაელიანებიც და არ იძროდნენ; ასცილდებოდა და ისინიც დაიძრებოდნენ.
23უფლის ბრძანებაზე დაიბანაკებდნენ და უფლის ბრძანებაზე დაიძრებოდნენ ხოლმე. უფლის სამსახურს ასრულებდნენ და დადიოდნენ უფლის ბრძანებით, მოსეს პირით რომ იყო გამოცხადებული.
Next