Eleos

Contents

თავი - 10

Previous
1ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
2გაიკეთე ორი ვერცხლის საყვირი, ჭედური გააკეთე ისინი, საზოგადოების შესაკრებად და ბანაკების ასაყრელად გქონდეს.
3დააყვირებენ და შენთან შეიყრება მთელი საზოგადოება, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
4როცა ერთხელ დააყვირებენ, შეიყრებიან შენთან თავკაცები - ისრაელიანთა ათასისთავები.
5დააყვირებენ საგანგაშოს და დაიძრებიან ბანაკები, აღმოსავლეთით დაბანაკებულნი.
6მეორედ დააყვირებენ საგანგაშოს და დაიძრებიან ბანაკები, სამხრეთით დაბანაკებულნი; მათი დაძვრისათვის საგანგაშო დააყვირონ.
7საზოგადოების შესაყრელადაც დააყვირე, ოღონდ არა საგანგაშო.
8აარონის შვილებმა, მღვდლებმა უნდა დააყვირონ საყვირებს. ეს იყოს სამარადისო წესი თქვენს თაობებში.
9როცა გახვალთ თქვენს ქვეყანაში მომხდურ მტერთან საბრძოლველად, ასტეხეთ განგაში საყვირებით და გახსენებული იქნებით უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე და გადაურჩებით თქვენს მტრებს.
10სიხარულის დღეებში, დღესასწაულებზე და ახალმთავრობისას, როცა აღსავლენ და სამადლობელ მსხვერპლს სწირავთ, დააყვირეთ საყვირებს. თქვენს გასახსენებლად იქნება ეს თქვენი ღმერთის წინაშე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
11მეორე წლის მეორე თვეს, თვის მეოცე დღეს ასცილდა ღრუბელი მოწმობის სავანეს.
12დაიძრნენ ისრაელიანები სამგზავროდ სინაის უდაბნოდან და დადგა ღრუბელი ფარანის უდაბნოში.
13დაიძრნენ პირველად უფლის ბრძანებისამებრ მოსეს წინამძღოლობით.
14იუდიანთა ბანაკის დროშა დაიძრა პირველად მათი ლაშქრებისდა მიხედვით. ლაშქარს სათავეში ედგა ნახშონ ყამინადაბის ძე.
15ისაქარიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ნათანიელ ცუყარის ძე.
16ზებულონიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ელიაბ ხელონის ძე.
17დაშალეს სავანე და დაიძრნენ გერშონიანები და მერარიანები, სავანის მზიდველნი.
18დაიძრა რეუბენის ბანაკის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით. მის ლაშქარს სათავეში ედგა ელიცურ შედეურის ძე.
19სიმონიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა შელუმიელ ცურაშადის ძე.
20გადიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ელიასაფ რეღუელის ძე.
21დაიძრნენ კეჰათელები, საწმიდარის მზიდველნი. სავანე მათ მოსვლამდე იყო აღმართული.
22დაიძრა ეფრემიანთა ბანაკის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით. ლაშქარს სათავეში ედგა ელიშამაყ აბიჰუდის ძე.
23მენაშეანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა გამალიელ ფედაცურის ძე.
24ბენიამინთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა აბიდან გედეონის ძე.
25დაიძრა დანიანთა ბანაკის დროშა ყველა ბანაკის ჩამკეტად მათი ლაშქრებისდა მიხედვით. ლაშქარს სათავეში ედგა ახიეზერ ყამიშადის ძე.
26აშერიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ფაგიელ ყაქრანის ძე.
27ნაფთალიანთა შტოს ლაშქარს სათავეში ედგა ახირაყ ყენანის ძე.
28ასეთი იყო ისრაელიანთა სვლის რიგი მათი ლაშქრებისდა მიხედვით. ასე დაიძრნენ ისინი.
29უთხრა მოსემ ხობაბს, რეღუელ მიდიანელის, მოსეს სიმამრის ძეს: მივემართებით იმ ადგილისკენ, რომელზედაც გვითხრა უფალმა, თქვენ გაძლევთო მას. წამოგვყევი და სიკეთეს გწევთ, რადგან სიკეთე უბრძანებია უფალს ისრაელზე.
30მიუგო: ვერ წამოვალ, რადგან ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში მივდივარ.
31უთხრა: ნუ დაგვტოვებ, რადგან შენ იცი ჩვენი ცხოვრება უდაბნოში და თვალი იქნები ჩვენთვის.
32თუ წამოგვყვები, თქვენც გაზიარებთ იმ სიკეთეს, რასაც მოგვმადლებს ღმერთი.
33იარეს უფლის მთიდან სამი დღის სავალზე და უფლის აღთქმის კიდობანი მათ წინ მიდიოდა სამი დღის სავალზე, რათა ეჩვენებინა მათთვის დასავანებელი ადგილი.
34უფლის ღრუბელი იყო მათზე დღისით, როცა ისინი ბანაკიდან დაიძრნენ.
35როცა დაიძრებოდა კიდობანი, იტყოდა მოსე: აღიმართე, უფალო, და გაიფანტებიან შენი მტრები, გაიქცევიან შენი პირისაგან შენი მოძულენი.
36დავანებისას იტყოდა: დაბრუნდი, უფალო, ისრაელის ბევრათასეულთან.
Next