თავი - 11
Previous1როცა დაიწყო ხალხმა ბოროტად დრტვინვა უფლის გასაგონად, მოესმა უფალს და აინთო რისხვით. აღიგზნო მათში უფლის ცეცხლი და შთანთქა ბანაკის განაპირი.
2შეჰღაღადა ხალხმა მოსეს და შეევედრა მოსე უფალს და დაცხრა ცეცხლი.
3უწოდეს ამ ადგილს სახელად თაბყერა, რადგან იქ აღიგზნო უფლის ცეცხლი.
4ჭრელი ბრბო, მათ შორის რომ იყო, აჰყვა გულისთქმას. ატირდნენ ისრაელიანებიც და ამბობდნენ: ვინ გვაჭმევს ხორცს?
5გვაგონდება თევზი, მუქთად რომ ვჭამდით ეგვიპტეში, კიტრები, ნესვები, პრასა, ხახვი და ნიორი.
6ახლა კი სული გვძვრება, არაფერია მანანის გარდა ჩვენს თვალწინ.
7ხოლო მანანა ქინძის თესლივით იყო, ფისს ჰგავდა შესახედავად.
8გაიფანტებოდა ხალხი, აგროვებდა და ფქვავდა ხელსაფქვავით ან როდინში ნაყავდა. ხარშავდნენ ქვაბში და აცხობდნენ მისგან კვერებს; გემოთი ზეთიან ხავიწს ჰგავდა.
9როცა ცვარი დაეფინებოდა ბანაკს ღამღამობით, მანანაც ეფინებოდა მას.
10გაიგო მოსემ, რომ ტირის ხალხი, ყველა თავ-თავის საგვარეულოებში, თავ-თავის კარვის შესასვლელთან. რისხვით აინთო უფალი. არ მოეწონა ეს მოსეს.
11უთხრა მოსემ უფალს: რისთვის უბოროტე შენს მორჩილს? რით ვერ ვპოვე მადლი შენს თვალში, ამ ხალხის ტვირთი რომ ამკიდე?
12მე ხომ არ მიტარებია მთელი ეს ხალხი? მე ხომ არ გამიჩენია, რომ მეუბნები, ძიძასავით შენი უბით წაიყვანეო იმ ქვეყანაში, მის მამა-პაპას რომ აღუთქვი ფიცით?
13სადა მაქვს ხორცი მთელი ამ ხალხისთვის მისაცემად? რადგან შემომტირიან და ამბობენ: მოგვეცი ხორცი, რომ ვჭამოთ.
14მე ერთი ვერ წავიყვან მთელ ამ ხალხს, რადგან მემძიმება.
15რაკი ასე მექცევი, მომკალი ბარემ, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, რომ არ ვუყურო ჩემს გასაჭირს.
16უთხრა უფალმა მოსეს: შემოკრიბე სამოცდაათი კაცი ისრაელის უხუცესთაგან, რომელთაც ხალხის უხუცესებად და რჯულისკაცებად იცნობ. მოიყვანე ისინი სადღესასწაულო კარავთან, რომ შენთან ერთად იდგნენ იქ.
17ჩამოვალ და იქ დაგელაპარაკები; ავიღებ ნაწილს სულისაგან, შენზე რომ არის, და მათაც მოვაფენ, რომ შენთან ერთად ზიდონ ამ ხალხის ტვირთი და მარტო შენ რომ არ ატარო.
18ხალხს უთხარი: განიწმიდეთ ხვალისათვის და შეჭამთ ხორცს; რადგან უფლის გასაგონად ტიროდით, ვინ გვაჭმევს ხორცს, რა კარგად ვიყავითო ეგვიპტეში. მოგცემთ უფალი ხორცს და შეჭამთ.
19არა ერთ დღეს იქნებით მისი მჭამელი, არა ორ დღეს, არა ხუთ დღეს, არა ათ დღეს და არა ოც დღეს,
20არამედ მთელს ერთ თვეს, ვიდრე ცხვირიდან არ გადმოანთხევთ და არ შეგზიზღდებათ, რადგან შეიძულეთ უფალი, თქვენს შორის მყოფი, და მოთქვამდით მის წინაშე, რისთვის გამოვდიოდით ეგვიპტიდანო?
21თქვა მოსემ: ექვსასი ათასია ეს ხალხი, რომელთა შორისაც მე ვიმყოფები; შენ კი ამბობ, ხორცს მივცემ და ერთ თვეს ეყოფათო საჭმელად.
22იქნებ მთელი ცხვარ-ძროხა დავუკლათ, რომ ეყოთ? ან იქნებ ზღვის მთელი თევზი შევუგროვოთ, რომ ეყოთ?
23უთხრა უფალმა მოსეს: იქნებ მოკლეა უფლის ხელი? ახლა დაინახავ, აგიხდება თუ არა ჩემი ნათქვამი.
24გავიდა მოსე და უთხრა ხალხს უფლის ნათქვამი. შეჰყარა სამოცდაათი კაცი ერის უხუცესთაგან და კარვის ირგვლივ დააყენა ისინი.
25ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და ელაპარაკა მას. აიღო ნაწილი სულისაგან, მოსეზე რომ იყო, და გაუნაწილა სამოცდაათ უხუცესს. როცა დაადგა მათ სული, ქადაგად დაეცნენ ყოველანი, ოღონდ მცირე ხნით.
26ორი კაცი დარჩენილიყო ბანაკში, ერთს ერქვა ელდადი, მეორეს, - მედადი. მათაც დაადგრა სული (ისინი ჩაწერილთა შორის იყვნენ, მაგრამ არ გასულან კარავთან) და ისინიც დაეცნენ ქადაგად ბანაკში.
27მოირბინა ერთმა ყმაწვილმა და შეატყობინა მოსეს, ელდადი და მედადი ქადაგად დაეცნენო ბანაკში.
28მიუგო იესო ნავეს ძემ, მოსეს მსახურმა, თავისი გულუბრყვილობით, და თქვა: მოსე, ჩემო ბატონო! შეაწყვეტინე!
29უთხრა მოსემ: ხომ არ გშურს ჩემ მაგიერ? ნეტავ მთელი უფლის ერი დაეცემოდეს ქადაგად! ნეტავ მათაც მოჰფენდეს უფალი თავის სულს!
30წავიდა მოსე ბანაკში და გაჰყვნენ მას ისრაელის უხუცესები.
31ატყდა ქარი უფლისაგან და მორეკა ზღვიდან მწყრები და ერთი დღის სავალზე დაჰყარა ბანაკის ირგვლივ. თითქმის ორ წყრთაზე დაფარეს მიწა.
32ადგა ხალხი და აგროვა მწყერი მთელი ის დღე, მთელი ღამე, მთელი მეორე დღე; ყველაზე ცოტას შემგროვებელმა ათი ხომერი წაიღო. დაიწყვეს თავისთვის ბანაკის გარშემო.
33ჯერაც კბილებში ჰქონდათ ხორცი, შეჭმა ვერ მოასწრეს, რომ აღინთო უფლის რისხვა ხალხზე და მუსრი გაავლო უფალმა ხალხს.
34დაერქვა სახელად ამ ადგილს კიბროთ-ჰათაავა (სიხარბის სამარხები), რადგან აქ დამარხეს დახარბებული ხალხი.
35კიბროთ-ჰათაავადან ხაცეროთისკან დაიძრა ხალხი და მოადგნენ ხაცეროთს.
Next