Eleos

Contents

თავი - 12

Previous
1კიცხავდნენ მოსეს მირიამი და აარონი ქუშელი ცოლის გამო, რომელიც ნათხოვი ჰყავდა, რადგან ქუშელი ქალი ითხოვა ცოლად.
2ამბობდნენ: ნუთუ მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა ჩვენც არ გველაპარაღებოდა? გაიგონა ეს უფალმა.
3მოსე უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე.
4უთხრა მოულოდნელად უფალმა მოსეს, აარონს და მირიამს: გამოდით სამივენი სადღესასწაულო კარავთან. და გამოვიდნენ სამივენი.
5ჩამოვიდა უფალი ღრუბლის სვეტში და გაჩერდა კარვის შესასვლელთან. უხმო აარონს და მირიამს, და წინ წადგნენ ორივენი.
6თქვა: ისმინეთ ჩემი სიტყვები. თუ ვინმე გყავთ უფლის ქადაგი, ხილვაში ვეცხადები, სიზმარში ვლაპარაკობ მასთან.
7ასეთი არ არის ჩემი მორჩილი მოსე. მთელი ჩემი ერის ერთგულია იგი.
8პირისპირ ველაპარაკები მას, ცხადლივ, და არა იგავურად. უფლის ხატებას ჭვრეტს იგი. რატომ არ გეშინიათ, ჩემს მორჩილს მოსეს რომ ჰკიცხავთ?
9აღინთო უფლის რისხვა მათ მიმართ. და წავიდა.
10აშორდა ღრუბელი კარავს, და, აჰა, მირიამი თოვლივით დაფარა კეთრმა. მიბრუნდა აარონი მირიამისკენ და, აჰა, კეთრი მოსდებია მას.
11უთხრა აარონმა მოსეს: გევედრები, ჩემო ბატონო, ცოდვად ნუ ჩაგვითვლი ჩვენს სიბრიყვეს და შეცოდებანს.
12ნუ გახდი მას მკვდარშობილივით, ნახევრად შეჭმული სხეულით რომ გამოდის დედის საშოდან.
13შეჰღაღადა მოსემ უფალს: ღმერთო, განკურნე, გევედრები.
14უთხრა უფალმა მოსეს: მამას რომ მიეფურთხებინა მისთვის სახეში, შვიდ დღეს ხომ ვერ გამოჩნდებოდა სირცხვილით? შვიდი დღე დაიმალოს ბანაკის გარეთ და მერე დაბრუნდეს.
15შვიდ დღეს იმალებოდა მირიამი ბანაკის გარეთ და არ დაძრულა ხალხი, ვიდრე მირიამი არ დაბრუნდა.
16მერე დაიძრა ხალხი ხაცოროთიდან და ფარანის უდაბნოში დაბანაკდა.
Next