Eleos

Contents

თავი - 13

Previous
1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2გაგზავნე კაცები, რომ დაზვერონ ქანაანის ქვეყანა, რომელიც მივეცი ისრაელიანებს; მამათა შტოდან თითო კაცი გაგზავნეთ, ყველა თავკაცი იყოს მათში.
3გაგზავნა მოსემ ისინი ფარანის უდაბნოდან უფლის სიტყვისამებრ; ყველანი ისრაელიანთა მთავრები იყვნენ.
4აი, მათი სახელები: რეუბენის შტოდან - შამუაყ ზაქურის ძე;
5სიმონის შტოდან - შაფატ ხორის ძე;
6იუდას შტოდან - ქალებ იეფუნეს ძე;
7ისაქარის შტოდან - იგალ იოსების ძე;
8ეფრემის შტოდან - ოსია ნუნის ძე;
9ბენიამინის შტოდან - ფალტი რაფუს ძე;
10ზებულონის შტოდან - გადიელ სოდის ძე;
11იოსების შტოდან, მენაშეს შტოდან - გადი სუსის ძე;
12დანის შტოდან - ყამიელ გემალის ძე;
13აშერის შტოდან - სეთურ მიქაელის ძე;
14ნაფთალის შტოდან - ნახში ვოფსის ძე;
15გადის შტოდან - გეუელ მაქის ძე.
16ესენია იმ კაცთა სახელები, რომლებიც გაგზავნა მოსემ ქვეყნის დასაზვერავად. დაარქვა მოსემ ოსია ნავეს ძეს იესო.
17გაგზავნა ისინი მოსემ ქანაანის ქვეყნის დასაზვერავად და უთხრა მათ: გაემართებით სამხრეთით და ახვალთ მთაზე.
18მიმოიხილავთ ქვეყანას, როგორია და რა ხალხი ცხოვრობს იქ, ძლიერი თუ სუსტი, ცოტანი თუ ბევრნი.
19როგორი ქვეყანაა, სადაც ისინი ცხოვრობენ კარგი თუ ცუდი; როგორი ქალაქებია, სადაც ისინი სახლობენ; ბანაკებია თუ ციხე-სიმაგრეები.
20როგორი მიწაა, ნოყიერი თუ მწირი, იზრდება თუ არა იქ ხე; იმარჯვეთ და წამოიღეთ მიწის ნაყოფები, სწორედ ის დრო იყო, ყურძენი რომ მწიფდა.
21წავიდნენ და დაზვერეს ქვეყანა ცინის უდაბნოდან რეხობამდე, ხამათის მისასვლელთან.
22გაემართნენ სამხრეთში და მიადგნენ ხებრონს. იქ მკვიდრობდნენ ახიმანი, შეშაი და თალმაი - ყანაკის ნაშიერნი. ხებრონი ეგვიპტის ცოყანზე შვიდი წლით ადრე იყო აშენებული.
23მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, მოჭრეს იქ ვაზი თავისი მტევნითურთ და კეტით წამოიღო ორმა; აგრეთვე ბროწეული და ლეღვის ნაყოფები.
24ამ ადგილს უწოდეს ეშქოლის (მტევნის ხევი) იმ მტევნის გამო, რომელიც იქ მოჭრეს ისრაელიანებმა.
25ორმოცი დღის შემდეგ, რომ დაზვერეს ქვეყანა, უკან დაბრუნდნენ.
26წამოვიდნენ და მოვიდნენ მოსესთან, აარონთან და ისრაელიანთა მთელს საზოგადოებასთან, ფარანის უდაბნოში, კადეშში, და მოუტანეს ამბავი მთელს საზოგადოებას, აჩვენეს იმ ქვეყნის ნაყოფები.
27უამბეს და უთხრეს: მივედით იმ ქვეყანაში, სადაც გაგვაგზავნე - მართლაც რძე და თაფლი დის იქ; აჰა, მისი ნაყოფებიც.
28ოღონდ ძლიერი ხალხი ცხოვრობს იმ ქვეყანაში, ქალაქებიც გამაგრებულია და ძალზე დიდი; ყანაკის ნაშიერნიც ვნახეთ იქ.
29ყამალეკი ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობს; ხეთელები, იებუსეველები და ამორეველები მთებში ცხოვრობენ; ქანაანელები კი - ზღვისპირეთში და იორდანეზე.
30ხალხი დაუშოშმინა ქალებმა მოსეს, თქვა: გავილაშქრებთ და დავისაკუთრებთ იმ ქვეყანას, რადგან შეგვიძლია მათი ძლევა.
31სხვებმა, კი ვინც მასთან ერთად იყვნენ წასულნი, თქვეს: ვერ შევძლებთ იმ ხალხის წინააღმდეგ გალაშქრებას, რადგან ჩვენზე ძლიერია.
32ცუდი ხმები გაავრცელეს ისრაელიანებში მათ მიერ დაზვერილ ქვეყანაზე. ერთმანეთს ჭამენო იმ ქვეანაში, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად; მთელი ხალხი, რომელიც იქ ვნახეთ, ბუმბერაზიაო.
33იქ ვნახეთ დევკაცები, ყანაკის ძენი, დევკაცთა შთამომავალნი. კალია გვეგონა ჩვენი თავი და ასეც ვჩანდითო მათ თვალში.
Next