Eleos

Contents

თავი - 14

Previous
1ატეხა მოთქმა მთელმა საზოგადოებამ და ტიროდა ხალხი იმ ღამეს.
2აუდრტვინდა მოსეს და აარონს მთელი ისრაელობა და უთხრა მთელმა საზოგადოებამ: ნეტავ ეგვიპტის ქვეყანაში დავხოცილიყავით ან ამ უდაბნოში გავმწყდარიყავით!
3რისთვის მოგვიყვანა უფალმა ამ ქვეყანაში, სადაც მახვილი მოგვიღებს ბოლოს? და ჩვენი დედა-წული ტყვედ ჩავარდება? განა უმჯობესი არ იქნება, თუ ეგვიპტეში დავბრუნდებით?
4უთხრეს ერთმანეთს: დავიყენოთ მეთაურები და გავბრუნდეთ ეგვიპტეში.
5დაემხნენ მოსე და აარონი ისრაელიანთა მთელი საზოგადოების წინაშე.
6იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ, რომლებიც სხვებთან ერთად იყვნენ წასულნი ქვეყნის დასაზვერად, შემოიხიეს ტანისამოსი.
7უთხრეს ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას: ქვეყანა, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად, ძალზე კარგი ქვეყანაა.
8თუ ვუნდივართ უფალს, შეგვიყვანს მაგ ქვეყანაში და მოგვცემს მაგ ქვეყანას, სადაც რძე და თაფლი დის.
9ოღონდ ნუ აუჯანყდებით უფალს და მაგ ქვეყნის ხალხის ნუ შეგეშინდებათ, რადგან ჩვენი კერძია იგი, უმწეოდ არიან დარჩენილი, უფალი კი ჩვენთან არის. ნუ გეშინიათ!
10თქვა მთელმა საზოგადოებამ: ჩავქოლოთ! მაგრამ უფლის დიდება გამოჩნდა სადღესასწაულო კარავში მთელი ისრაელის წინაშე.
11უთხრა უფალმა მოსეს: როდემდის უნდა მგმობდეს ეს ხალხი, როდემდის არ უნდა სჯეროდეს ჩემი და იმ სასწაულებისა, რომლებიც მათ შორის მოვახდინე.
12გავუჩენ ჭირს და გადავაშენებ, შენგან კი დიდ ხალხს შევქმნი, მასზე ძლიერს.
13უთხრა მოსემ უფალს: შეიტყობს ეგვიპტე, საიდარც შენი ძლიერებით ამოიყვანე ეს ხალხი,
14და ეტყვიან მაგ ქვეყნის მკვიდრთ, რომელთაც შეიტყვეს, რომ შენ, უფალი, ამ ხალხს შორისა ხარ, რომ თვალდათვალ ეცხადები მათ შენ, უფალი; შენი ღრუბელი ადგას მათ, დღისით ღრუბლის სვეტში მიდიხარ მათ წინ და ღამით - ცეცხლის სვეტში.
15თუ ერთიანად ამოხოცავ ამ ხალხს, იტყვიან ხალები, რომელთაც სმენიათ შენი დიდება:
16ვერ შეძლო უფალმა ამ ხალხის შეყვანა აღთქმულ ქვეყნად და უდაბნოში დაკლა.
17აწ, იდიდოს უფლის ძალმა, როგორც ნათქვამი გაქვს.
18სულგრძელია უფალი და დიდმადლიანი, დანაშაულისა და ცოდვის მიმტევებელი, შურისმგებელი, მამათა ცოდვის მომკითხავი შვილებისგან მესამე და მეოთხე თაობაში.
19შეუნდე დანაშაული ამ ხალხს შენი დიდი მადლისამებრ, როგორც პატიობდი ცოდვას ამ ხალხს ეგვიპტიდან მოყოლებული აქამდე.
20თქვა უფალმა: შემინდვია, შენი სიტყვისამებრ.
21მაგრამ ცოცხალი ვარ მე და სავსეა უფლის დიდებით მთელი ქვეყანა.
22ვერცერთი იმათგანი, ვინც იხილა ჩემი დიდება და სასწაულები, ეგვიპტეში და უდაბნოში რომ მოვიმოქმედე, ათგზის რომ გამომცადა მე და მაინც არ დაიჯერა ჩემი სიტყვა,
23ვერ იხილავს იმ ქვეყანას, რომლის მოცემასაც შევპირდი მათ მამა-პაპას, ვერცერთი ჩემი მგმობელი ვერ იხილავს მას.
24მხოლოდ ქალებს, ჩემს მორჩილს, იმის გამო რომ სხვა სულით აღვსილმა ბოლომდე მიერთგულა მე, შევიყვან იმ ქვეყანაში, სადაც წასული იყო დასაზვერად, და მისი შთამომავლობა დაიმკვიდრებს მას.
25ყამალეკელები და ქანაანელები ცხოვრობენ ველზე. ხვალ გაბრუნდით და დაიძარით უდაბნოსაკენ მეწამული ზღვის გზით.
26ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა მათ:
27როდემდის უნდა მებუზღუნებოდეს ეს ბოროტი საზოგადოება? მესმის მე ისრაელიანთა ბუზღუნი, რომ მებუზღუნებიან.
28უთხარი მათ: ცოცხალი ვარ მე, ამბობს უფალი! როგორც ამბობდით ჩემს გასაგონად, ისე მოგექცევით.
29ამ უდაბნოში ეყრება თქვენი გვამები, ყველასი, ვინც აღრიცხული ხართ, ოცი წლიდან მოყოლებული, ვინც მებუზღუნებოდით.
30ვერავინ შეხვალთ ქვეყანაში, სადაც თქვენი დასადგურება დავიფიცე, ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძის გარდა.
31თქვენს ბავშვებს, რომლებზეც ამბობდით ტყვედ ჩავარდებიანო, შევიყვან იქ, რათა გაიცნონ თქვენგან შეძულებული ქვეყანა.
32თქვენი გვამები კი ამ უდაბნოში ეყრება.
33თქვენი შვილები იხეტიალებენ უდაბნოში ორმოც წელს, დასჯილნი თქვენი გარყვნილების გამო, ვიდრე არ გაქრება თქვენი გვამები უდაბნოში.
34იმ ორმოცი დღის მიხედვით, რამდენ ხანსაც ზვერავდით ქვეყანას (თითო დღე თითო წელიწადზე), ორმოცი წელი იქნებით დასჯილი თქვენი დანაშაულის გამო, რათა გამოსცადოთ ჩემი რისხვა.
35მე, უფალი, გეუბნებით: ნახავთ, თუ ამგვარად არ მოვექეცი მთელს ამ ბოროტ საზოგადოებას, რომელიც შეთქმულია ჩემს წინააღმდეგ. ამ უდაბნოში გათავდებიან და აქ დაიხოცებიან.
36დაიხოცნენ კაცები, რომელნიც გაგზავნა მოსემ ქვეყნის დასაზვერად და რომელთაც დაბრუნებისას ცუდი ხმები დაუყარეს იმ ქვეყანას და მთელი საზოგადოება აუჯანყეს მოსეს,
37ერთბაშად განადგურდნენ უფლის წინაშე ცუდი ხმის დამყრელი ეს კაცები.
38იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე იყვნენ იმათ შორის, ვინც ქვეყნის დასაზვერად იყვნენ წასული.
39უთხრა მოსემ ეს სიტყვები მთელს ისრაელობას და მეტისმეტად დაღონდა ხალხი.
40ადგნენ დილაადრიანად და მთის წვერისკენ გაემართნენ; თქვეს: აბა, - ავიდეთ იმ ადგილზე, უფალმა რომ გვითხრა, რადგან შევცოდეთ.
41თქვა მოსემ: რისთვის გადადიხართ უფლის ბრძანებას. არაფერი გამოვა სასიკეთო.
42ნუ ახვალთ, რადგან არ არის უფალი თქვენს შორის, და დაგამარცხებთ მტერი.
43რადგან იქ დაგხვდებიან ყამალეკები და ქანაანელები და მახვილით დაეცემით. რაკი ზურგი შეაქციეთ უფალს, აღარ იქნება თქვენთან უფალი.
44მაინც გაბედეს მთის წვერზე ასვლა, ხოლო საუფლო აღთქმის კიდობანი და მოსე არ გასულან ბანაკიდან.
45დაეშვნენ იმ მთის მცხოვრები ყამალეკები და ქანაანელები, სძლიეს მათ და ხორმამდე გარეკეს.
Next