თავი - 15
Previous1ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
2დაელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: როცა შეხვალთ თქვენს საცხოვრებელ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ,
3და დაამზადეთ საცეცხლო მსხვერპლის უფლისათვის - აღსავლენს ან აღთქმულ საკლავს, ან სამოწყალოს, თქვენი დღეობების დროს, უფლისათვის სურნელების საკმეველად - საქონელს შესწირავ ცხვარს,
4შესწიროს შემწირველმა თავისი შესაწირავი უფალს - საძღვნოდ მეოთხედ ჰინი ზეთში აზელილი ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი
5და ღვინო, უნდა დაამზადო საღვრელად აღსავლენისთვის ან საკლავისთვის, მეოთხედ, ჰინა თითო კრავზე,
6ვერძზე დაამზადე ძღვენი: მესამედ ჰინი ზეთში აზელილი ეფის ორი მეათედი გამტკიცული ფქვილი.
7და ღვინო უნდა მიიტანო საღვრელად, მესამედი ჰინი, უფლისათვის სურნელებად.
8როცა კურატს გაამზადებ აღსავლვნად ან აღთქმულ საკლავად ან სამადლობელად უფლისათვის,
9კურატს უნდა მიაყოლო ძღვენი: ნახევარ ჰინი ზეთში აზელილი მესამედი ეფა გამტკიცული ფქვილი,
10ნახევარი ჰინი საღვრელი ღვინო უნდა მიიტანო საცეცხლო მსხვერპლად, სურნელოვან საკმევლად უფლისათვის.
11ასე უნდა გაკეთდეს თითოეულ ხარზე ან ვერძზე კრავზე თუ თიკანზე.
12რაოდენობის მიხედვით, რამდენსაც ამზადებთ, თითოზე იმდენი მიიტანეთ მათი რაოდენობის მიხედვით.
13თითოეულმა მკვიდრმა ასე უნდა გააკეთოს ეს, როცა სწირავს საცეცხლო მსხვერპლს უფლისათვის სურნელოვან საკმეველად.
14თუ თქვენი მდგმური ან სხვა ვინმე, რომელიც თაობიდან თაობამდე ცხოვრობს თქვენს შორის, დაამზადებს საცეცხლო მსხვერპლს უფლისათვის სურნელოვან საკმეველად, თქვენსავით უნდა მოიქცეს ისიც.
15შენთვის, კრებულო, და მდგმურისთვის, რომელიც შენთან მდგმურობს, ერთი სამარადისო წესი უნდა იყოს თაობიდან თაობაში. თქვენი თანაბარია მდგმური უფლის წინაშე.
16ერთი რჯული და ერთი წესი უნდა გქონდეთ თქვენ და მდგმურს, რომელიც თქვენთან მდგმურობს.
17ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
18დაელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: როცა შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელშიც შეგიყვანთ მე,
19და როცა შეჭამთ იმ ქვეყნის პურს, ღალა უნდა აძლიოთ უფალს.
20პირველ გამომცხვარი კოკორიც მიეცით ღალად, კალოდან აღებულ ღალასავით მიეცით იგი.
21პირველგამომცხვარი მიეცით უფალს ღალად თაობიდან თაობებში.
22თუ შეცდებით და ვერ შეასრულებთ ამ ნაანდერძევს, რაც უფალმა გამოუცხადა მოსეს,
23ყველაფერს, რაც გიანდერძათ უფალმა მოსეს პირით იმ დღიდან, რაც გიანდერძათ უფალმა, და შემდგომ თქვენს თაობებში,
24თუ საზოგადოების უყურადღებობით მოხდება შეცდომა, მთელმა საზოგადოებამ უნდა გაამზადოს ერთი კურატი აღსავლენად, სურნელოვან საკმეველად უფლისათვის და მისი თანმხლები ძღვენი და საღვრელი, წესის თანახმად, და ერთი თხაც ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად.
25შეუნდობს მღვდელი ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას და ეპატიებათ მათ, რადგან შეცდომით იყო მომხდარი ეს და მათ შესწირეს უფალს თავიანთი შეცდომისთვის საცეცხლო მსხვერპლი და ცოდვის გამოსასყიდი.
26ეპატიებათ ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას და მდგმურს, რომელიც თქვენთან დგას, რადგან შეცდომა მოუვიდა მთელს ერს.
27თუ ერთი კაცი შესცოდავს შეცდომით, უნდა მიიტანოს წელგამოვლილი თხა ცოდვის გამოსასყიდად.
28და მღვდელი შეუნდობს შეცდომით შემცოდეს უფლის წინაშე, შეუნდობს და ეპატიება მას.
29როგორც მკვიდრს ისრაელში, ასევე მდგმურს, რომელიც თქვენთან მდგმურობს, ერთი წესი გქონდეთ, როცა შეცდომა მოგივათ.
30თუ ვინმე თავხედურად მოიქცევა, მკვიდრი იქნება თუ მდგმური, უფლის მგმობელია იგი და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
31რადგან არად ჩააგდო უფლის სიტყვა და მისი მცნება დაარღვია, უნდა მოიკვეთოს იგი, დამნაშავეა.
32ერთხელ, როცა ისრაელიანები უდაბნოში იყვნენ, ნახეს კაცი, რომელიც შეშას აგროვებდა შაბათ დღეს.
33მიიყვანეს მპოვნელებმა შეშის შემგროვებელი კაცი მოსესთან და აარონთან, მთელს საზოგადოებასთან
34დაუყენეს ყარაული, რადგან არ იყო გადაწყვეტილი, როგორ უნდა მოჰქცეოდნენ მას.
35უთხრა უფალმა მოსეს: უნდა მოკვდეს ეს კაცი, უნდა ჩაქოლოს იგი მთელმა საზოგადოებამ ბანაკის გარეთ.
36გაიყვანა იგი მთელმა საზოგადოებამ ბანაკს გარეთ და ჩაქოლეს იგი. მოკვდა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
37ასე უთხრა უფალმა მოსეს:
38დაელაპარაკე ისრაელიანებს, უთხარი მათ: გაიკეთონ ფოჩები სამოსლის კიდეებზე და ასე ჰქონდეთ თაობიდან თაობაში. ლურჯი ძაფი გაურიონ კიდურა ფოჩს,
39და გქონდეთ ფოჩში, რომ მისი დანახვისას გაიხსენოთ უფლის ყველა მცნება, შეასრულოთ და არ აჰყვეთ გულსა და თვალს, რომლებიც გზა-კვალს გირევენ თქვენ,
40რათა გახსოვდეთ და ასრულებდეთ ჩემს მცნებებს და წმიდა იყვეთ უფლისათვის.
41მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ თქვენი ღმერთი ვიყო. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
Next