თავი - 16
Previous1ადგნენ კორახი, ძე იცჰარისა, კეჰათის ძისა, ლევიანი, დათანი და აბირამი, ელიაბის ძენი, ონი ფელეთის ძე - რეუბენიანები,
2და წარუდგნენ მოსეს; მათთან იყო ასორმოცდაათი ისრაელიანი, საზოგადოების თავკაცნი, საკრებულოს წევრები, სახელოვანი კაცები.
3შეითქვნენ მოსეს და აარონის წინააღმდეგ და უთხრეს მათ: გეყოფათ! წმიდაა ერთიანად მთელი საზოგადოება და უფალი არის მათ შორის. რატომ აღზევდით უფლის კრებულზე?
4გაიგონა მოსემ და პირქვე დაემხო.
5ასე ელაპარაკა კორახს და მთელს მის დასს: ხვალ გამოაცხადებს უფალი, ვინ არის მისი და ვინ არის წმიდა, რათა დაიახლოვოს იგი; ვისაც აირჩევს, იმას დაიახლოვებს.
6ასე მოიქეცით: აიღეთ საცეცხლურები კორახმა და მთელმა მისმა დასმა.
7ჩადევით მასში ცეცხლი და ზედ დააყარეთ საკმეველი ხვალ უფლის წინაშე. ვისაც უფალი გამოარჩევს, ის იქნება წმიდა. გეყოფათ, ლევიანებო!
8უთხრა მოსემ კორახს: მისმინეთ, ლევიანებო!
9ნუთუ გეცოტავებათ, ისრაელის ღმერთმა რომ გამოგყოთ ისრაელის საზოგადოებიდან და დაგიახლოვათ, რათა შეგესრულებინათ საუფლო კარვის სამსახური და მდგარიყავით საზოგადოების წინაშე მისდა სამსახურად?
10დაგიახლოვათ შენ და მთელი შენი საძმო, ლევიანები, შენთან ერთად. ახლა მღვდლობასაც ესწრაფით?
11ამისთვის შეითქვით შენ და მთელი შენი დასი უფლის წინააღმდეგ? აარონმა რაღა დაგიშავა, რომ უჩივით?
12დაიბარა მოსემ დათანი და აბირამი, ელიაბის ძენი. მათ კი თქვეს: არ მოვალთ.
13ნუთუ არა კმარა, რძითა და თაფლით მდინარი ქვეყნიდან რომ ამოგვიყვანე უდაბნოში მოსაკლავად? ახლა გინდა გაგვიბატონდე? ჰო, გაგვიბატონდე კიდეც?
14არც რძითა და თაფლით მდინარ ქვეყანაში მიგიყვანივართ, არც ყანები და ვენახები მოგიცია ჩვენთვის. თვალები გინდა დაუბრმაო ამ ხალხს? არ წამოვალთ.
15დიდად გაჯავრდა მოსე და უთხრა უფალს: ნუ მიხედავ მათ ძღვენს. ერთი ვირიც არ წამირთმევია მათთვის, ერთი მათგანისთვისაც არ მიწყენინებია.
16უთხრა მოსემ კორახს: შენ და მთელი შენი დასი უფლის წინაშე გამოცხადდებით ხვალ - შენ, ისინი და აარონი.
17აიღეთ თითოეულმა თქვენ-თქვენი საცეცხლურები, საკმეველი ჩადეთ მასში და მიიტანეთ უფლის წინაშე თქვენ-თქვენი საცეცხლურები, ასორმოცდაათი საცეცხლური; შენ და აარონმა თქვენ-თქვენი საცეცხლურები.
18აიღო თითოეულმა თავისი საცეცხლური, დაანთეს მასში ცეცხლი, ზედ საკმეველი დააყარეს და წარდგნენ სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან; მოსე და აარონიც იქ იყვნენ.
19შეკრიბა კორახმა მათ წინააღმდეგ მთელი საზოგადოება სადღესასწაულო კარვის წინ და გამოეცხადა უფლის დიდება მთელს საზოგადოებას.
20ასე ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს:
21გამოეყავით ამ საზოგადოებას და ერთ წამში მოვსპობ მათ.
22პირქვე დაემხვნენ და თქვეს: ღმერთო, ყოველი ხორციელის სულთა უფალო! ერთმა კაცმა სცოდა და მთელს საზოგადოებაზე მრისხანებ?
23ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
24ასე ელაპარაკე საზოგადოებას: განერიდონ ყოველის მხრიდან დათანისა და კორახის სადგომს.
25ადგა მოსე და წავიდა დათანთან და აბირამთან, თან გაჰყვა ისრაელის უხუცესობა.
26ასე ელაპარაკა საზოგადოებას: განერიდეთ ამ ბოროტი ხალხის კარვებს, მათსას ნურაფერს მიეკარებით, მათი ცოდვების თანაზიარი რომ არ გახდეთ.
27განერიდნენ ყოველი მხრიდან კორახის, დათანისა და აბირამის სადგომებს; დათანი და აბირამი კი გამოსულიყვნენ და თავ-თავისი კარვების შესასვლელთან იდგნენ - ცოლებით, შვილებითა და ჩვილი ბავშვებითურთ.
28თქვა მოსემ: ამით გაიგებთ, რომ უფალმა გამომგზავნა მთელი ამ საქმის აღსასრულებლად, რომ ჩემი ნება არ ყოფილა.
29თუ ჩვეულებრივი სიკვდილით დაიხოცებიან ესენი და ჩვეულებრივი ბედი ეწევათ მათ, არ ვყოფილვარ უფლის გამოგზავნილი.
30თუ არნახულ რასმე ჩაიდენს უფალი, მიწა დ პირს დააღებს შთანთქავს მათ და მთელს მის საბადებელს, და ცოცხლივ ჩავლენ ქვესკნელში, იცოდეთ, უფალი დაუგმია ამ ხალხს.
31დაამთავრა თუ არა ამ სიტყვების თქმა, გაიპო მიწა მათ ქვეშ.
32დააღო მიწამ პირი და შთანთქა ისინი, მათი სახლები, კორახის მთელი ხალხი და მთელი მისი ქონება.
33ცოცხლივ ჩაცვივდნენ ყველანი ქვესკნელში და გადაეფარა მათ მიწა. ასე გადაშენდნენ კრებულიდან.
34მთელი ისრაელი, რომელიც იდგა შორიახლო, გაიქცა მათ ყვირილზე, იფიქრეს, ჩვენც არ ჩაგვყლაპოსო მიწამ.
35გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ორმოცდაათი კაცი, საკმევლის შემწირველი. თავი 17
Next