თავი - 17
Previous1ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
2უთხარი ელეაზარ აარონის ძეს, მღვდელს: აკრიფოს საცეცხლურები ნახანძრალში, ცეცხლი კი მოაშორე აქედან, რადგან განწმედილი არიან.
3ხოლო იმათი საცეცხლურებისგან, რომელიც თავის ცოდვას შეეწირა, ფურცლები გაგლინეთ სამსხვერპლოს მოსაჭედავად. რადგან უფლის წინაშე ჰქონდათ მოტანილი და განიწმიდნენ. ნიშნად ჰქონდეთ ეს ისრაელიანებს.
4აიღო ელეაზარ მღვდელმა სპილენძის საცეცხლურები, რომლებიც დამწვრებს ჰქონდათ მიტანილი, და გაგლინეს მათგან ფურცლები სამსხვერპლოს მოსაჭედავად.
5რათა ახსოვდეთ ისრაელიანებს, რომ უცხო კაცმა, ვინც აარონის შთამომავალი არ არის, არ დაიწყოს უფლის წინაშე საკმევლის კმევა და არ ეწიოს კორახისა და მისი დასის ბედი, როგორც ეუბნებოდა მას უფალი მოსეს პირით.
6აუჯანყდა მეორე დღეს ისრაელიანთა მთელი საზოგადოება მოსეს და აარონს, და თქვეს: თქვენ გაწყვიტეთ უფლის ერი.
7როცა შეითქვა საზოგადოება მოსესა და აარონის წინააღმდეგ, მიტრიალდნენ სადღესასწაულო კარვისკენ და, აჰა, დაფარა იგი ღრუბელმა და გამოჩნდა უფლის დიდება.
8მივიდნენ მოსე და აარონი სადღესასწაულო კარვის წინ.
9ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
10გაერიდეთ ამ საზოგადოებას და მე ერთ წამში გადავბუგავ მათ. პირქვე დაემხვნენ ისინი.
11უთხრა მოსემ აარონს: აიღე საცეცხლური და ჩადე მასში ცეცხლი სამსხვერპლოდან, ჩაყარე საკმეველი, საჩქაროდ წაიღე საზოგადოებასთან და განწმიდე ისინი, რადგან რისხვა გამოვიდა უფლისაგან და იწყება მუსრვა.
12აიღო აარონმა საცეცხლური, როგორც თქვა მოსემ, მიაშურა კრებულს და, აჰა, დაიწყო მუსრვა ხალხში. ჩაყარა საკმეველი და განწმიდა ხალხი.
13დადგა იგი დახოცილთა და ცოცხალთა შორის და შეწყდა მუსვრა.
14გაწყდა მუსვრის დროს თოთხმეტი ათას შვიდასი კაცი, კორახის მიზეზით დახოცილთა გარდა.
15დაბრუნდა აარონი მოსესთან სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, როცა შეწყდა მუსვრა.
16ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
17დაელაპარაკე ისრაელიანებს და გამოართვი მათ კვერთხები - თითო კვერთხი თითოეულ შტოს, ყოველ თავკაცს მამისსახლის მიხედვით თორმეტი კვერთხი, ყოველ კვერთხს თავისი პატრონის სახელი დააწერე.
18აარონის სახელი ლევიანთა კვერთხს დააწერე, რადგან ერთი კვერთხი ეკუთვნის მათი მამისსახლის თავკაცს.
19დააწყვე ისინი სადღესასწაულო კარავში აღთქმის კიდობნის წინ, სადაც გეცხადებით თქვენ.
20ვისაც მე გამოვარჩევ, მისი კვერთხი აყვავდება და ჩავახრჩობ ისრაელიანთა ჯანყს, რომ აჯანყებულან თქვენს წინააღმდეგ.
21დაელაპარაკა მოსე ისრაელიანებს და მისცა მას ყველა თავკაცმა კვერთხი, თითო კვერთხი თითოეულმა თავკაცმა, მამისსახლის მიხედვით თორმეტი კვერთხი, აარონის კვერთხიც ერია მათ კვერთხებში.
22დააწყო მოსემ კვერთხები უფლის წინაშე აღთქმის კარავში.
23მეორე დღეს, როცა მოსე შევიდა აღთქმის კარავში, აჰა, აყვავდა აარონის კვერთხი, ლევის სახლიდან, აყვავდა, გაიფურჩქნა ყვავილი და დამწიფდა ნუში.
24გამოუტანა მოსემ ყველა კვერთხი უფლისაგან ისრაელიანებს, დაინახეს და აიღო თითოეულმა თავისი კვერთხი.
25უთხრა უფალმა მოსეს: დააბრუნე აარონის კვერთხი აღთქმის კიდობნის წინაშე შესანახად, რათა იყოს იგი სასწაულად ურჩთათვის, რომ შეწყდეს მათი ჯანყი ჩემს წინააღმდეგ და არ დაიხოცონ.
26ასეც მოიქცა მოსე; როგორც უფალმა უბრძანა, ისე გააკეთა მოსემ.
27ასე უთხრეს ისრაელიანებმა მოსეს: აჰა, ვიხოცებით, ვიღუპებით, ყველანი ვიღუპებით.
28ვინც კი უფლის კარავთან მიდის ახლოს, კვდება. ნუთუ ყველანი დასაღუპად ვართ განწირული?
Next