თავი - 18
Previous1უთხრა უფალმა აარონს: შენ და შენმა შვილებმა და შენმა მამისსახლმა შენთან ერთად უნდა იკისროთ დანაშაული საწმიდარში; შენ და შენმა შვილებმა შენთან ერთად უნდა იკისრონ დანაშაული თქვენს მღვდლობაში.
2შენი მოძმეები, ლევიანთა შტო, მამაშენის ტომი, შენ წაიყვანე, თქვენთან იყვნენ განუყრელად და გემსახურონ. შენ და შენი შვილები კი შენთან ერთად აღთქმის კარვის წინ უნდა იყოთ.
3აღასრულონ მოვალეობა შენს მიმართ და მთელი კარვის მიმართ, ოღონდ არ მიეკარონ საწმიდარის ჭურჭელს და სამსხვერპლოს, თორემ ისინიც დაიხოცებიან და თქვენც.
4შენთან უნდა იყვნენ განუყრელად და ასრულებდნენ მოვალეობას სადღესასწაულო კარვის მიმართ, კარვის მთელს სამსახურს. უცხო კაცი არ უნდა მოგეკაროთ.
5შეასრულეთ საწმიდარის წესი და სამსხვერპლოს წესი, რომ რისხვა აღარ დაატყდეთ ისრაელიანებს.
6აჰა, მე გამოვარჩიე თქვენი მოძმეები - ლევიანები ისრაელიანთაგან, თქვენთვის არიან ისინი მოძღვნილნი საუფლოდ, რათა გასწიონ სადღესასწაულო კარვის სამსახური.
7შენ და შენმა შვილებმა კი აღასრულეთ მღვდლობის წესი სამსხვერპლოსთან და ფარდის უკან, და იმსახურეთ. მღვდლობის სამსახური მომინიჭებია თქვენთვის. თუ უცხო ვინმე შეუდგება სამსახურს, უნდა მოკვდეს.
8ელაპარაკა უფალი აარონს: აჰა, გავალებ ჩემთვის შემოწირული ღალისათვის ყურისგდებას; ისრაელიანთა მთელს შემოწირულობას გაძლევ წილად შენ და შენს შვილებს სამარადისო წესით.
9აი, რა გეკუთვნის წმიდათა წმიდადან, საცეცხლო მსხვერპლიდან: ყოველი მათი შესაწირავი და ყოველი მათი ძღვენი, ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდი ყოველი მსხვერპლი, რასაც მე მიხდიან, წმიდათა წმიდაა შენთვის და შენი შვილებისათვის.
10წმიდათა წმიდაში ჭამეთ იგი, მხოლოდ მამაკაცებმა ჭამონ, წმიდა უნდა იყოს თქვენთვის.
11აი, რა გეკუთვნის მათი ღალის ძღვენიდან: ისრაელიანთა მთელი შემოწირულობა შენთვის და შენი შვილებისთვის მომიცია სამარადისო წესით. ყოველმა გაწმიდავებულმა შენს სახლში ჭამოს იგი.
12საუკეთესო ზეთი, საუკეთესო ღვინო და პური, მათი ღალა, რაც უფალთან მიაქვს, შენთვის მომიცია.
13მათი მიწის ყოველი პირველმოწეული ნაყოფი, რომელიც უფალთან მიაქვთ, შენ გეკუთვნის. ყოველმა გაწმიდავებულმა შენს სახლში ჭამოს იგი.
14ყოველი დარისხებული ისრაელში შენ გეკუთვნის.
15ყოველი ხორციელის პირველნაშობი, რომელსაც უფალს მიართმევენ, ადამიანი იქნება თუ პირუტყვი, შენ გეკუთვნის. ოღონდ ადამიანის პირმშო გამოისყიდე და უწმიდური პირუტყვის პირველნაშობიც გამოისყიდე.
16მათი გამოსასყიდია: ერთი თვის შემდეგ გადაიხადე დაახლოებით ხუთი შეკელი ვერცხლი, საწმიდარის შეკელით, ანუ ოცი გერა.
17მხოლოდ ძროხის პირველმოგებულზე ან ცხვრის პირველმოგებულზე და თხის პირველმოგებულზე ნუ გადაიხდი გამოსასყიდს: წმიდა არიან. მათი სისხლი სამსხვერპლოს უნდა ასხურო, ხოლო ცხიმი უნდა აკმიო კეთილსურნელებად უფლისათვის.
18მათი ხორცი შენ გეკუთვნის, ისევე როგორც მისართმეველი მკერდი და მარჯვენა ბეჭი გეკუთვნის შენ.
19მთელი წმიდა ღალა, რომელსაც ისრაელიანები უხდიან უფალს, შენთვის, შენი ვაჟებისა და ქალიშვილებისთვის მომიცია, სამარადისო წესით. ეს არის სამარადისო აღთქმა მარილისა უფლის წინაშე შენთვისა და შენი შთამომავლობისათვის.
20უთხრა უფალმა აარონს: მათ ქვეყანაში ვერაფერს დაიმკვიდრებ და არ გექნება წილი მათ შორის. მე ვარ შენი წილი და შენი სამკვიდრო ისრაელიანთა შორის.
21ლევიანებს კი, აჰა, მივეცი სამკვიდროდ ყველაფრის მეათედი, რაც ისრაელშია, მათი სამსახურის სანაცვლოდ, რასაც სადღესასწაულო კარავთან ასრულებენ.
22აღარ მიუახლიავდნენ ისრაელიანები სადღესასწაულო კარავს, რომ მომაკვდინებელი ცოდვა არ დაიდონ.
23თავად ლევიანებმა შეასრულონ სადღესასწაულო კარვის სამსახური და თავადვე იტვირთონ მათი ცოდვა. სამარადისო წესია ეს თქვენს თაობებში. ისრაელიანთა შორის ვერ დაიმკვიდრებენ სამკვიდროს,
24რადგან ლევიანებს სამკვიდროდ ისრაელიანთა მეათედი მივეცი, რომელსაც ღალად უხდიან უფალს; ამიტომ ვუთხარი მათ: ისრაელიანთა შორის ვერ დაიმკვიდრებთ-მეთქი სამკვიდროს.
25ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
26დაელაპარაკე ლევიანებს, უთხარი: როცა ისრაელიანთაგან აიღებთ მეათედს, რომელიც თქვენთვის მაქვს მათგან მოცემული თქვენს სამკვიდროდ, უფალს გადაუხადეთ მისგან ღალა - მეათედი მეათედიდან.
27კალოს პურად და საწნახელის წვენად ჩაგეთვლებათ თქვენი ღალა.
28ასე, თქვენც გადაუხდით ღალას უფალს იმ მეათედიდან, რასაც ისრაელიანები მოგცემენ; მისგან გადაუხდით საუფლო ღალას აარონ მღვდელს.
29ყველაფრიდან, რასაც მოგიძღვნიან, უნდა გადაიხადოთ საუფლო ღალა, ყოველივე საუკეთესოდან ურჩეულესი ნაწილი.
30უთხარი მათ: საუკეთესოს რომ გადაიხდით ღალად, კალოს შემოსავლად და საწნახლის შემოსავლად ჩაეთვლებათ ლევიანებს.
31ყველგან ჭამეთ იგი თქვენ და თქვენმა საგვარეულომ, რადგან ეს არის გასამრჯელო სადღესასწაულო კარავში თქვენი სამსახურისთვის.
32არ დაგედებათ ცოდვა, როცა მისგან საუკეთეს გადაიხდით ღალად, არ წაბილწავთ ისრაელიანთაგან შემოწირულს და არ მოკვდებით.
Next