Eleos

Contents

თავი - 8

Previous
1ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
2ელაპარაკე აარონს და უთხარი: როცა ლამპარს აანთებ, სასანთლის წინა მხარეს შვიდი ლამპარი უნდა ენთებოდეს.
3ასე გააკეთა აარონმა: სასანთლის წინა მხარეს აანთო ლამპრები, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
4ასეთი ნაკეთობის იყო სასანთლე: ნაჭედი ოქროსი იყო, ზროდან ყვავილებამდე ნაჭედი იყო იგი; იმ სახის გააკეთა სასანთლე, როგორც უფალმა ახილვინა მოსეს.
5ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
6გამოიყვანე ლევიანები ისრაელიანთაგან და გააწმიდავე ისინი.
7ასე მოიქეცი მათ გასაწმიდავებლად: ასხურე მათ ცოდვის წარმხოცელი წყალი, გაიპარსონ მთელი ტანი, გაირეცხონ შესამოსელი და გაწმიდავდებიან.
8აიყვანონ კურატი და მისი ძღვენი: შესაწირავი - ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილი და მეორე კურატი ცოდვისათვის.
9მიიყვანე ლევიანები სადღესასწაულო კარვის წინ და შეკრიბე ისრაელიანთა მთელი საზოგადოება.
10მიიყვანე ლევიანები უფლის წინაშე და დაასხან ხელი ისრაელიანებმა ლევიანებს.
11ხოლო აარონმა აღუსრულოს შერხევის წესი ლევიანებს უფლის წინაშე ისრაელიანთაგან, რათა იტვირთონ მათ უფლის სამსახური.
12ლევიანებმა ხელი დაასხან კურატებს; შენ კი გაამზადე ერთი კურატი ცოდვისათვის, მეორე - აღსავლენად უფლისათვის, რათა მიუტევო ლევიანებს.
13დააყენე ლევიანები აარონის წინ და მისი შვილების წინ; აღასრულე მათზე შერხევის წესი უფლისათვის;
14გამოჰყავი ლევიანები ისრაელიანთაგან, რათა ჩემი იყვნენ ლევიანები.
15მხოლოდ მას შემდეგ ჩადგებიან ლევიანები სადღესასწაულო კარვის სამსახურში, როცა გააწმიდავებ მათ და აღასრულებ მათზე შერხევის წესს.
16რადგან ჩემთვის არიან ისინი შემოწირულნი ისრაელიანთაგან. ყოველი საშოს გამღების, ისრაელიანთა ყოველი პირმშოს ნაცვლად ვიღებ მათ ჩემთვის.
17რადგან ჩემია ყოველი პირმშო ისრაელიანებში, ადამიანიც და პირუტყვიც. იმ დღეს, როცა გავწყვიტე ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ჩემთვის შემოვიწირე ისინი
18და ავიყვანე ლევიანები ისრაელიანთა ყოველი პირმშოს ნაცვლად,
19ჩავაბარე ლევიანები ისრაელიანთაგან აარონს და მის შვილებს, რათა შეასრულონ ისრაელიანთა სამსახური სადღესასწაულო კარავში, რათა მიუტეონ ისრაელიანებს, რომ არ მოხდეს ისრაელიანებში ზიანი, როცა კი საწმიდარს მიეკარებიან ისრაელიანები.
20ისე მოექცნენ მოსე, აარონი და ისრაელიანთა მთელი საზოგადოება ლევიანებს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს ლევიანთა გამო. ასე მოექცნენ მათ ისრაელიანები.
21გაწმიდავდნენ ლევიანები და გაირეცხეს შესამოსელი; აღასრულა აარონმა მათზე შერხევის წესი უფლის წინაშე და მიუტევა, რათა გაეწმიდავებინა ისინი.
22ამის შემდეგ შეუდგნენ ლევიანები სამსახურს სადღესასწაულო კარავში აარონის წინაშე და მისი შვილების წინაშე. როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის ლევიანთა გამო, ისე მოექცნენ ისინი მათ.
23ასე ელაპარაკა უფალი მოსეს.
24ეს არის ლევიანთა წესი: ოცი წლიდან მოყოლებული უნდა შეუდგნენ სადღესასწაულო კარვის სამსახურს,
25ორმოცდაათი წლის შემდეგ უნდა შეწყვიტონ სამსახური და აღარ იმსახურონ.
26მხოლოდ დაეხმარონ თავიანთ თანამოძმეებს სადღესასწაულო კარვის დაცვაში, მაგრამ სამსახურს ნუღარ გასწევენ. ასეთი მოვალეობა დაუწესე ლევიანებს.
Next