თავი - 6
Previous1ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
2ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: თუ კაცმა ან ქალმა აღთქმა დადო, რომ უფლის მოწმიდარი გახდება,
3ღვინისგან და სასმელისგან უნდა იწმიდოს, არც ღვინის ძმარი და არც თაფლუჭის ძმარი არ დალიოს, არც ყურძნის წვენი არ დალიოს, არც ახლადმოკრეფილი ყურძენი და არც ჩამიჩი არ ჭამოს.
4თვისი მოწმიდარობის მთელს დროს ყურძნისაგან დამზადებული არაფერი ჭამოს, წიპწიდან კანამდე.
5მოწმიდარობის აღთქმის მთელს დროს სამართებელი არ უნდა შეეხოს მის თავს; ვიდრე არ გაუვა უფლის მოწმიდარობის ვადა, წმიდაა იგი. თმა უნდა მოიზარდოს თავზე.
6უფლის მოწმიდარობის მთელს დროს მკვდარს არ უნდა მიეკაროს.
7არ უნდა გაუწმიდურდეს მამის, დედის, ძმის და დის გამო, მათ გამოც კი მათი სიკვდილის დროს, რადგან მისი ღმერთის მოწმიდარობაა მის თავზე.
8თავისი მოწმიდარობის მთელ დროს უფლის წმიდაა ის.
9თუ მოულოდნელად, უცაბედად შეესწრო ვინმეს სიკვდილს და იგი წაიბილწავს სამოწმიდარო თავს, უნდა მოიპარსოს თავი. თავისი განწმედის დღეს, მეშვიდე დღეს მოიპარსოს იგი.
10მერვე დღეს კი ორი გვრიტი ან ორი მტრედის ხუნდი მიუტანოს მღვდელს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
11გაამზადებს მღვდელი ერთს ცოდვისათვის, მეორეს აღსავლენად და განწმედს მას მკვდრის შეხების ცოდვისაგან, და განათლავს მის თავს ამ დღეს.
12უნდა განუახლოს უფალს თავისი მოწმიდარობის დღეები და მიუტანოს წელგამოვლილი ცხვარი დანაშაულისთვის. წინა დღეები დაკარგულია, რადგან წაბილწა თავისი მოწმიდარობა.
13ეს არის მოწმიდარის რჯული: როცა გაუვა მოწმიდარობის ვადა, მიიყვანენ მას სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან;
14შესწირავს უფალს წელგამოვლილ, საღ ცხვარს აღსადგენად, ერთ წელგამოვლილ დედალ ცხვარს ცოდვისათვის და ერთ საღ ჭედილას სამადლობელ მსხვერპლად,
15ერთ კალათა გამტკიცული ფქვილის ხმიადს, ზეთში მოზელილ ნამცხვრებს, ზეთწაცხებულ უსაფუვრო ლავაშებს მათი ძღვენითა და საღვრელით.
16მიიტანს მღვდელი უფლის წინაშე და გაამზადებს ცოდვისათვის და აღსავლენად.
17ხოლო ჭედილას გაამზადებს სამადლობელ, მსხვერპლად უფლისათვის ერთი კალათა ხმიადითურთ და გაამზადებს მღვდელი მათ ძღვენს და საღვრელს.
18გადაიპარსავს მოწმიდარი სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან თავის სამოწმიდარო თავს, აიღებს თავისი სამოწმიდარო თავის თმას და ჩააგდებს ცეცხლში, სამადლობელი მსხვერპლის ქვეშ რომ არის.
19აიღებს მღვდელი ჭედილას მოხარშულ ბეჭს, ერთ უსაფუარო ნამცხვარს კალათიდან, ერთ უსაფუვრო კვერს და ხელზე დაუდებს მოწმიდარს მას შემდეგ, რაც ის მოიპარსავს თავის მოწმიდარობას.
20შეარხევს მათ მღვდელი შერხევით უფლის წინაშე - ეს არის სიწმიდე მღვდლისთვის, გარდა შესარხევი მკერდისა და აღსამართი ბეჭისა: ამის შემდეგ შეეძლება მოწმიდარს ღვინის სმა.
21ეს არის რჯული მოწმიდარისა, რომელმაც აღთქმა დადო, და მისი შესაწირავისა უფლისადმი თავისი მოწმიდარობისთვის, იმის გარდა, რაზეც ხელი მიუწვდება. რა აღთქმაც აქვს დადებული, უნდა შეასრულოს მოწმიდარობის რჯულს ზევით.
22ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
23უთხარი აარონს და მის შვილებს: ასე აკურთხეთ ისრაელიანები, უთხარით მათ:
24უფალმა გაკურთხოს და დაგიფაროს.
25უფალმა მოგანათოს თვისი სახე და შეგიწყალოს,
26უფალმა მოგაპყრას თავისი სახე და სიმრთელე მოგცეს.
27დასდონ ჩემი სახელი ისრაელიანებზე და მე ვაკურთხებ მათ.
Next