Eleos

Contents

თავი - 5

Previous
1ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
2უბრძანე ისრაელიანებს, გაიყვანონ ბანაკიდან ყველა კეთროვანი, ყველა წიდოვანი და მკვდრისგან გაუწმიდურებული.
3გაიყვანეთ მამროვანიც და მდედროვანიც; ბანაკის გარეთ გაიყვანეთ, რომ არ გააუწმიდურონ თავიანთი ბანაკები, რომელთა შორისაც დავანებული ვარ.
4ასეც მოიქცნენ ისრაელიანები: გაიყვანეს ისინი ბანაკის გარეთ. როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ ისრაელიანები.
5ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
6უთხარი ისრაელიანებს: თუ კაცი ან ქალი ჩაიდენს რაიმე ცოდვას ადამისას, რითაც უღალატებს უფალს და დადანაშაულდება,
7აღიარონ თავიანთი ცოდვა, რაც ჩაიდინეს, მთლიანად ზღონ, რაც დააშავეს, მეათედიც დაუმატონ და მისცენ მას, ვის წინაშეც დანაშაული აქვთ.
8თუ კაცს არა ჰყავს ნათესავი, რომელსაც შეუძლია მისი დანაშაულის ანაზღაურება, დანაშაულის საზღაური უფალზეა, მღვდელზეა, შენდობის ვერძის გარდა, რომლითაც შეუნდობს მას.
9მთელი ძღვენი ისრაელიანთა შეწირულებიდან, რომელიც მღვდელთან მოაქვთ, მას ეკუთვნის.
10ვინმეს მიერ შემოწირული მას ეკუთვნის; რასაც მღვდელს მისცემენ, მღვდელს ეკუთვნის.
11ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
12ელაპარაკე ისრაელიანებს, უთხარი მათ: თუ ვინმეს ცოლი შეცდება, უღალატებს თავის ქმარს,
13ვინმე დაწვება მასთან თესლის მიღვრით და ეს დაფარული იქნება მისი ქმრის თვალთაგან, ქალი კი მალულად წაბილწულია, მაგრამ მოწმე მის წინააღმდეგ არ ყოფილა და არ წაუსწრიათ,
14ქმარს ეჭვი შეიპყრობს და იეჭვიანებს თავის ცოლზე, რომელიც წაბილწულია, ან ეჭვი შეიპყრობს და იეჭვიანებს თავის ცოლზე, რომელიც არ არის წაბილწული,
15მიიყვანოს ქმარმა თავისი ცოლი მღვდელთან და მიიტანოს მისი გულისთვის შესაწირავად მეათედი ეფა ქერის ფქვილი; ზეთი არ დაღვაროს ზედ და არც გუნდრუკი დაადოს, რადგან ეს ეჭვიანობის შესაწირავია, დახსომების შესაწირავი, უკეთურობის დასახსომებელია.
16მიიყვანს ქალს მღვდელი და უფლის წინაშე დააყენებს.
17აიღებს მღვდელი წმიდა წყალს თიხის ჭურჭლით და მიწას სავანის ნიადაგიდან, აიღებს ამას მღვდელი და წყალში ჩაყრის.
18დააყენებს მღვდელი ქალს უფლის წინაშე და თავს გაუშიშვლებს ქალს, მუჭში ჩაუდებს დახსომების შესაწირავს; ეს ეჭვიანობის შესაწირავია. ხოლო მღვდელს ხელში ექნება მწარე წყალი, დამაწყევარი.
19დააფიცებს მღვდელი ქალს და ეტყვის მას: თუ არავინ დაწოლილა შენთან და არ შეცთენილხარ და არ წაბილწულხარ შენი ქმრისთვის, არას გავნებს ეს მწარე წყალი, დამაწყევარი.
20ხოლო თუ უღალატე შენს ქმარს და წაბილწული ხარ, ვინმეა ნაწოლი შენთან ქმრის გარდა,
21დააფიცებს მღვდელი ქალს წყევის ფიცით და ეტყვის მღვდელი ქალს: უფალმა მიგცეს წყევას და ფიცს შენს ხალხში, რომ საზარდული დაგიდნეს და მუცელი გაგისივოს,
22შევიდეს ეს დამაწყევარი წყალი შენს ნაწლავებში, რომ გაგისივდეს მუცელი და დაგიდნეს საშო. იტყვის ქალი: ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად!
23დაწერს მღვდელი ამ წყევლას გრაგნილზე და მწარე წყლით გადარეცხავს.
24დაალევინებს ქალს მწარე წყალს, დამაწყევარს, და შევა მასში დამაწყევარი წყალი გამამწარებლად.
25გამოართმევს მღვდელი ქალს ეჭვიანობის შესაწირავს, შეარხევს ამ შესაწირავს უფლის წინაშე და მიიტანს სამსხვერპლოზე.
26აიღებს მღვდელი პეშვით ამ შესაწირავიდან გამახსენებელ ნაწილს და დაწვავს სამსხვერპლოზე; მერე წყალს დაალევინებს ქალს.
27დაალევინებს წყალს და თუ წაბილწულია და ნაღალატევი აქვს ქმრისათვის, შევა მასში დამაწყევარი წყალი გასამწარებლად და გაუსივდება მუცელი და დაუდნება საშო. შეიქნება ეს ქალი დასაწყევლი თავის ხალხში.
28თუ ქალი არ არის წაბილწული და სუფთა იყო, ვნება არ მოუვა და განაყოფიერების უნარი შერჩება.
29ეს არის ეჭვიანობის რჯული, როცა ქალი უღალატებს თავის ქმარს და წაიბილწება,
30ან როცა ქმარს შეიპყრობს ეჭვიანობის სული და იეჭვიანებს თავის ცოლზე: დააყენოს თავისი ცოლი უფლის წინაშე და მღვდელი მოექცევა მას ამ რჯულის თანახმად.
31ქმარი გათავისულდება დანაშაულისგან და ამ ქალს დაეკისრება დანაშაული.
Next