თავი - 4
Previous1ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს, უთხრა:
2დაითვალე კეჰათიანები ლევიანებში მათი საგვარეულოების, მათი მამისსახლების მიხედვით,
3ოცდაათი წლიდან მოყოლებული ორმოცდაათ წლამდე, ყველა, ვისაც კი შეუძლია სამსახურში გასვლა, რომ აკეთოს საქმე სადღესასწაულო კარავში.
4ეს არის კეჰათიანთა საქმე სადღესასწაულო კარავში, წმიდათა წმიდაში.
5შევლენ აარონი და მისი შვილები ბანაკის დაძვრისას, ჩამოხსნიან ჩამოსაფარებელს და მით დაფარავენ მოწმობის კიდობანს.
6ზედ დააფენენ თახაშის ტყავის ფარდაგს და ზემოდან გადააფარებენ ლურჯი მატყლის ქსოვილს და გაუყრიან კეტებს.
7დასალაგებელ ტაბლაზე გაშლიან ლურჯი მატყლის ქსოვილს და დააწყობენ მასზე ჯამებს, კოვზებს, საწდეებს და თასებს საღვრელად. მუდმივი პური უნდა ეწყოს მასზე.
8გაშლიან ზედ ჭიაფერ ქსოვილს და გადააფარებენ მას თახაშის ტყავის გადასაფარებელს და გაუყრიან კეტებს.
9აიღებენ ლურჯი მატყლის სამოსელს და დაფარავენ სასანთლეს და მის ლამპრებს, მის მაშებს, აქანდაზებს და ზეთის ყველა ჭურჭელს, რომელსაც მისთვის იყენებენ.
10გამოახვევენ მას და მთელს მის ჭურჭელს თახაშის ტყავის გადასაფარებელში და ტახტრევანზე დადებენ.
11ოქროს სამსხვერპლოზე გაშლიან ლურჯ ქსოვილს და გადააფარებენ მას თახაშის ტყავის გადასაფარებელს, გაუყრიან კეტებს.
12აიღებენ ყველა სამსახურებელ ჭურჭელს, რომელსაც საწმიდარში ხმარობენ, დააწყობენ ლურჯ ქსოვილზე და გადააფარებენ თახაშის ტყავის გადასაფარებელს, გაუყრიან კეტებს.
13ნაცარს მოაშორებენ სამსხვერპლოს და გადააფარებენ მეწამულ ქსოვილს.
14დააწყობენ ზედ ყველა ჭურჭელს, რასაც კი იქ ხმარობენ - აქანდაზებს, ჩანგლებს, ნიჩბებს, სასხურებლებს, სამსხვერპლოს მთელს ჭურჭელს და გადააფარებენ ზედ თახაშის ტყავის გადასაფარებელს, გაუყრიან კეტებს.
15როცა მორჩებიან აარონი და მისი შვილები საწმიდარისა და მთელი მისი ჭურჭლის დაფარვას ბანაკის დაძვრისას, მოვლენ კეჰათიანები მის წასაღებად. ოღონდ არ უნდა მიეკარონ საწმიდარს, რომ არ დაიხოცონ. ეს არის კეჰათიანთა სატარებელი ტვირთი სადღესასწაულო კარვის ჭურჭლიდან.
16ელიაზარს, აარონ მღვდლის ძეს, მინდობილი აქვს სასანთლის ზეთი, სურნელოვანი საკმეველი, მუდმივი შესაწირავი და საცხებელი ზეთი, თვალყური მთელს სავანეზე და ყველაფერზე, რაც მასშია, საწმიდარზე და მთელს მის ჭურჭელზე.
17ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს, უთხრა:
18ნუ გადააშენებთ კეჰათის საგვარეულოთა შტოს ლევიანთა შორის.
19ასე მოიქეცით, რომ ცოცხლები დარჩნენ და არ დაიხოცონ, როცა წმიდათა წმიდას მიუახლოვდებიან. აარონი და მისი შვილები მივიდნენ მათთან და თითოეული თავის საქმეზე და თავის წასაღებ ტვირთთან დააყენონ.
20არ უნდა მივიდნენ საწმიდარის შეფუთვის საყურებლად, თორემ დაიხოცებიან.
21ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
22დაითვალე გერშონიანებიც მათი მამისსახლების და საგვარეულობების მიხედვით.
23ოცდაათი წლიდან მოყოლებული, ორმოცდაათ წლამდე, აღრიცხე ისინი, ყველა, ვისაც სამსახურში ჩადგომა შეუძლია სადღესასწაულო კარვის საქმის საკეთებლად.
24ეს არის გერშონის მოდგმის საგვარეულოთა საშრომელი სამსახურებლად და სატარებლად:
25უნდა ატარონ სავანის კრეტსაბმელები, სადღესასწაულო კარავი და მისი გადასახურავი, თახაშის ტყავის გადასახურავი, ზემოდან რომ აფარია, სადღესასწაულო კარვის შესასვლელის ჩამოსაფარებელი,
26ეზოს ფარდები, ეზოს კარიბჭის ჩამოსაფარებელი, სავანისა და სამსხვერპლოს ირგვლივ რომ არის, მისი საბელები და ყველა მისი სამსახურებელი ნივთი. ყველაფერი, რასაც აკეთებენ და იყენებენ.
27აარონისა და მისი შვილების ბრძანებით უნდა სრულდებოდეს გერშონიანთა ყველა საქმე - ყველაფრის ტარება და ყველაფრის კეთება. მათ ჩააბარე შესანახად ყველაფერი, რაც მათი სატარებელია.
28ეს არის გერშონიანთა საგვარეულოების საქმე სადღესასწაულო კარავში და მათი მოვალეობანი ითამარის, აარონ მღვდლის ძის, ხელმძღვანელობით.
29მერარიანები მათი საგვარეულოებისა და მამისსახლების მიხედვით აღრიცხე.
30ოცდაათი წლიდან მოყოლებული ორმოცდაათ წლამდე აღრიცხე ისინი, ყველა, ვისაც სამსახურში ჩადგომა შეუძლია სადღესასწაულო კარვის საქმის საკეთებლად.
31აი, რისი ტარება ევალებათ მათ (ეს არის მათი საქმე სადღესასწაულო კარვის სამსახურში): სავანის ბოძები, ლარტყები, სვეტები მათი ფეხებითურთ.
32ეზოს სვეტები, ირგვლივ რომ დგას, მათი ფეხებით, პალოებითა და საბელებითურთ, ყველა მათი ნივთი და ყველა მათი სამსახურებელი, სათითაოდ აღრიცხე ყველა ნივთი, რაც სატარებლად ევალებათ.
33ეს არის მერარიანთა საგვარეულოების საქმე სადღესასწაულო კარავში ითამარის, აარონ მღვდლის ძის, ხელმძღვანელობით.
34აღრიცხეს მოსემ, აარონმა და საზოგადოების თავკაცებმა კეჰათიანები მათი საგვარეულოებისა და მამისსახლების მიხედვით.
35ოცდაათი წლიდან მოყოლებული ორმოცდაათ წლამდე, ყველა, ვისაც სამსახურში ჩადგომა შეეძლო სადღესასწაულო კარვის საქმის საკეთებლად.
36აღირიცხა საგვარეულოთა მიხედვით სულ ორი ათას შვიდას ორმოცდაათი კაცი.
37ესენი აღირიცხნენ კეჰათიანთა საგვარეულობებში, ყველა, ვინც სადღესასწაულო კარვის საქმეს აკეთებს, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის სიტყვით და მოსეს ხელმძღვანელობით.
38აღირიცხნენ გერშონიანები მათი საგვარეულობების და მამისსახლების მიხედვით,
39ოცდაათი წლიდან მოყოლებული ორმოცდაათ წლამდე, ყველა, ვისაც კი შეეძლო სამსახურში ჩადგომა სადღესასწაულო კარვის საქმის საკეთებლად.
40აღირიცხა საგვარეულოების მიხედვით და მამისსახლების მიხედვით სულ ორი ათას ექვსას ოცდაათი კაცი.
41ესენი აღირიცხნენ გერშონიანთა საგვარეულოებში, ყველა, ვინც სადღესასწაულო კარვის საქმეს აკეთებს, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის სიტყვით.
42აღირიცხა მერარიანთა საგვარეულოები მათი საგვარეულოების და მამისსახლების მიხედვით,
43ოცდაათი წლიდან მოყოლებული ორმოცდაათ წლამდე, ყველა, ვისაც კი შეეძლო სამსახურში ჩადგომა სადღესასწაულო კარვის საქმის საკეთებლად.
44აღირიცხა მათი საგვარეულოების მიხედვით სულ სამი ათას ორასი კაცი.
45ესენი აღირაცხნენ მერარიანთა საგვარეულოებში, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის სიტყვით და მოსეს ხელმძღვანელობით.
46ყველა აღრიცხული, ვინც აღრიცხეს მოსემ, აარონმა და ისრაელის თავკაცებმა ლევიანებისგან მათი საგვარეულოების და მამისსახლების მიხედვით,
47ოცდაათი წლიდან მოკიდებული ორმოცდაათ წლამდე, ვისაც კი შეეძლო სამსახურში ჩადგომა და სადღესასწაულო კარვის ტარება,
48აღირიცხა სულ რვა ათას ხუთას ოთხმოცი კაცი.
49უფლის ბრძანებით და მოსეს ხელმძღვანელობით მიეჩინა თითოეულს მისი საქმე და მისი სატარებელი ტვირთი და აღირიცხნენ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
Next