თავი - 3
Previous1ეს იყო აარონისა და მოსეს შთამომავლობა იმხანად, როცა უფალი ელაპარაკებოდა მოსეს სინაის მთაზე;
2ესენია აარონიანთა სახელები: პირმშო, ნადაბი, აბიჰუ, ელიაზარი და ითამარი.
3ესენია აარონიანთა სახელები, ცხებული მღვდლებისა, რომლებიც სამღვდლოდ აკურთხა მან.
4დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ უფლის წინაშე, რადგან უცხო ცეცხლი მიიტანეს უფლის წინაშე სინაის უდაბნოში; შვილები არ ჰყოლიათ მათ. მღვდლობდნენ ელიაზარი და ითამარი თავიანთი მამის, აარონის გვერდით.
5ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
6მოიყვანე ლევის შტო და დააყენე აარონ მღვდლის წინაშე, რათა ემსახურონ მას.
7შეასრულონ მოვალეობა მისადმი და მთელი საზოგადოებისადმი სადღესასწაულო კარვის წინ, რათა სრულდებოდეს სავანის სამსახური.
8დაიცვან სადღესასაწულო კარვის მთელი ჭურჭელი და მოვალეობა ისრაელიანთადმი, რათა სრულდებოდეს სავანის სამსახური.
9ჩააბარე ლევიანები აარონს და მის შვილებს; მას უნდა ჰყავდეთ ისინი ჩაბარებულნი ისრაელიანთაგან.
10დაავალე აარონს და მის შვილებს, გასწიონ მღვდლობა; გარეშე, ვინც მიეკარება, მოკვდება.
11ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
12აჰა, ავიყვანე ლევიანები ისრაელიანთა შორის ნაცვლად ყოველი პირმშოსი, საშოს გამხსნელისა ისრაელიანთაგან. ჩემები არიან ლევიანები,
13რადგან ჩემია ყველა პირმშო. იმ დღეს, როცა დავხოცე ყველა პირმშო ეგვიპტელთა ქვეყანაში, ჩემთვის განვიკუთვნე ყოველი პირმშო ისრაელში ადამიანიდან პირუტყვამდე; ჩემები არიან. მე ვარ უფალი.
14ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში და უთხრა:
15აღრიცხე ლევიანები მათი მამისსახლების და საგვარეულოების მიხედვით; ყოველი მამროვანი ერთი თვიდან მოყოლებული აღრიცხე.
16აღრიცხა ისინი მოსემ უფლის სიტყვისამებრ, როგორც ებრძანა.
17ესენი იყვნენ ლევიანები სახელდებით: გერშონი, კეჰათი და მერარი;
18ესენია გერშონიანთა სახელები მათი საგვარეულოების მიხედვით: ლიბნი და შიმყი.
19კაჰათიანთა - მათი საგვარეულოების მიხედვით: აბრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.
20მერარიანთა - მათი საგვარეულოების მიხედვით: მახლი და მუში. ესენია ლევიანთა საგვარეულოებები მამისსახლთა მიხედვით.
21გერშონიდან მოდის ლიბნის საგვარეულო და მიმეის საგვარეულო; ესენია გერშონიანთა საგვარეულოები.
22ყველა აღრიცხული მამროვანი, ერთი თვიდან მოყოლებული სულ იყო შვიდი ათას ხუთასი.
23გერშონიანთა საგვარეულოებმა სავანის უკან დასავლეთით უნდა დაიბანაკონ.
24გერშონიანთა მამისსახლის თავკაცი - ელიასაფ ლაელის ძე.
25გერშონიანებს სადღესასწაულო კარავში ებარათ: სავანე მისი გადასახურავითურთ და ფარდა, სადღესასწაუღო კარავში შესასვლელი.
26ეზოს კრეტსაბმელები, სავანისა და სამსხვერპლოს გარშემო მდებარე ეზოს შესასვლელის ფარდა, მისი ბაგირები და მთელი მისი აღჭურვილობა.
27კეჰათიდან მოდის აბრამის საგვარეულო, იცჰარის სგვარეულო, ხებრონის საგვარეულო და ყუზიელის საგვარეულო. ესენია კეჰათის საგვარეულოები.
28რიცხვი ყველა მამროვანისა ერთი თვიდან მოყოლებული იყო რვა ათას ექვსასი, საწმიდარის სამსახურის აღმსრულებელნი.
29კეჰათიანთა საგვარეულოებები სავანის გვერდით უნდა დაბანაკდნენ, სამხრეთის მხარეს.
30კეჰათიანთა მამისსახლის თავკაცი იყო ელიცაფან ყუზიელის ძე.
31მათ ებარათ კიდობანი, ტაბლა, სასანთლე, სამსხვერპლოები და წმიდა ჭურჭლები, მსახურების დროს გამოსაყენებელი, ფარდა და მთელი ჩემი მოწყობილობა.
32ლევიანთა თავკაცების თავკაცი იყო ელიაზარი, აარონ მღვდლის შვილი; მინდობილი ჰქონდა ზედამხედველობა მათზე, ვინც საწმიდარს ემსახურებოდა.
33მერარიდან მოდის მახლის საგვარეულო და მუშის საგვარეულო. ესენია მერარის საგვარეულობები.
34რიცხვი ყველა მამროვანისა, ერთი თვიდან მოყოლებული, იყო ექვსი ათას ორასი.
35მერარის საგვარეულოს მამისსახლის თავკაცი იყო ცურიელ აბახაილის ძე. სავანის გვერდით უნდა დაიბანაკონ მათ, ჩრდილოეთის მხარეს.
36მერარიანებს ებარათ სავანის ძელები, მისი ლარტყები, სვეტები ფეხებითურთ, მთელი მისი აღჭურვილობა და მთელი მისი მოწყობილობა.
37ეზოს სვეტები ირგვლივ მათი ფეხებითურთ, პალოები და ბაგირები.
38სავანის წინ, აღმოსავლეთით, სადღესასწაულო კარვის წინ აღმოსავლეთით დაიბანაკებენ მოსე და აარონი თავისი შვილებითურთ, რომელთაც ევალებათ საწმიდარის დაცვა ისრაელიანთა შორის. გარეშე, ვინც კი მიუახლოვდება, მოკვდება.
39ყველა აღრიცხული ლევიანი, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის სიტყვისამებრ მათი საგვარეულობების მიხედვით, ყოველი მამროვანი ერთი თვიდან მოყოლებული, სულ იყო ოცდაორი ათასი.
40უთხრა უფალმა მოსეს: აღრიცხე ყველა პირმშო მამროვანი ისრაელიანთა შორის, ერთი თვიდან მოყოლებული, და აღნუსხე მათი სახელები.
41განმიკუთვნე ლევიანები (მე ვარ უფალი) ყველა პირმშოს ნაცვლად ისრაელიანებში და ლევიანთა პირუტყვი ყველა პირველმოგებულის ნაცვლად ისრაელიანების პირუტყვში.
42აღრიცხა მოსემ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფლისაგან, ყოველი პირმშო ისრაელიანებში.
43ყველა პირმშო მამროვანი სახელთა რიცხვის მიხედვით, ერთი თვიდან მოყოლებული, იყო სულ ოცდაორი ათას ორასსამოცდაცამეტი.
44ასე ელაპარაკა უფალი მოსეს.
45აიყვანე ლევიანები ყველა პირმშოს ნაცვლად ისრაელიანთაგან და ლევიანთა პირუტყვი მათი პირუტყვის ნაცვლად. ჩემი არიან ლევიანები. მე ვარ უფალი.
46იმ ორას სამოცდაცამეტი კაცის გამოსასყიდად, რომ მეტობენ ლევიანებს ისრაელიანთა პირმშოები,
47აიღე ხუთ-ხუთი შეკელი კაცზე, საწმიდარის შეკელით აიღე (ოცი გერაა შეკელში),
48და ჩააბარე ვერცხლი აარონს და მის შვილებს ზედმეტის გამოსასყიდად.
49აიღო მოსემ გამოსასყიდი ვერცხლი ზედმეტთაგან ლევიანთა გამოსასყიდად.
50ისრაელიანთა პირმშოთაგან აიღო ათას სამას სამოცდახუთი შეკელი ვერცხლი, საწმიდარის შეკელის მიხედვით.
51ჩააბარა მოსემ გამოსყიდულთა ვერცხლი აარონს და მის შვილებს უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
Next