Eleos

Contents

თავი - 32

Previous
1დიდძალი საქონელი ჰყავდათ რეუბენიანებს და გადიანებს. ნახეს მათ იაყზერისა და გალაადის ქვეყანა და აჰა, საქონლისათვის ყოფილა გამოსადეგი ის ადგილები.
2მივიდნენ გადიანები და რეუბენიანები და ასე უთხრეს მოსეს, ელეაზარ მღვდელს და საზოგადოების თავკაცებს:
3ყატაროთი, დიბონი, იაყზერი, ნიმრა, ხეშბონი, ელყალე, სებამი, ნებო და ბეყონი -
4ქვეყანა, რომელიც შემუსრა უფალმა ისრაელის საზოგადოების წინაშე, გამოსადეგი ყოფილა საქონლისათვის; შენს მორჩილთ კი ჰყავთ საქონელი.
5თქვეს: თუ მადლი გვიპოვნია შენს თვალში, მოეცეს ეს ქვეყანა შენს მორჩილთ საკუთრებად. ნუ გადაგვიყვან იორდანეს გაღმა.
6მიუგო მოსემ გადიანებს და რეუბენიანებს: თქვენი ძმები საბრძოლველად წავლენ, თქვენ კი აქ დარჩებით?
7რისთვის უშლით ისრაელიანებს იმ ქვეყანაში გადასვლას, რომელიც თქვენთვის მოუცია უფალს?
8ასე მოიქცნენ თქვენი მამები, როცა კადეშ-ბარნეადან გავგზავნე ქვეყნის დასაზვერად.
9მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, ნახეს ქვეყანა და დაუშალეს ისრაელიანებს იმ ქვეყანაში შესვლა, რომელიც მათთვის ჰქონდა მიცემული უფალს.
10აღინთო უფლის რისხვა იმ დღეს და ასე დაიფიცა მან:
11აბა, თუ იხილოს ეგვიპტიდან ამოსულმა ამ კაცებმა, ოცი წლიდან მოყოლებული, ის მიწა, რომლის მიცემასაც შევპირდი ფიცით აბრაამს, ისაკს და იაკობს, რადგან არ მომდევენ მე,
12გარდა ქალებ იეფუნეს ძისა, კენიზელისა და იესო ნავეს ძისა, რადგან ისინი მისდევენ უფალს.
13აღინთო უფლის რისხვა ისრაელის მიმართ და ახეტიალებდა მათ უდაბნოში ორმოც წელს, ვიდრე არ გადავიდა მთელი თაობა, რომელიც ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში.
14აჰა, ახლა თქვენ აღმდგარხართ თქვენი მამა-პაპის ნაცვლად, ცოდვილთა ნაშობნო, რათა კიდევ უფრო იმატოს უფლის რისხვამ ისრაელის მიმართ.
15თუ მისგან მოიქცევით, კიდევ მიატოვებს მას უდაბნოში და დაღუპავთ მთელს ამ ხალხს.
16მიადგნენ მას და უთხრეს: ფარეხები ავიშენოთ ჯოგისთვის აქ და ქალაქები ბავშვებისთვის.
17თავად ჩვენ დარაზმულნი წავუძღვებით წინ ისრაელიანებს, ვიდრე თავ-თავიანთ ადგილებამდე არ მივიყვანთ მათ, ჩვენი ბავშვები კი გამაგრებულ ქალაქებში დარჩებიან, რომ არაფერი ევნოთ ქვეყნის მკვიდრთაგან.
18არ დავბრუნდებით სახლებში, ვიდრე არ დაიმკვიდრებს თითოეული ისრაელიანი თავის სამკვიდროს.
19რადგან არ დავიმკვიდრებთ მათთან ერთად იორდანეს გაღმა და იქით, რადგან იორდანეს გამოღმა, აღმოსავლეთის შეგხვდება სამკვიდრო.
20უთხრა მათ მოსემ: თუ ასე მოიქცევით, თუ შეიჭურვებით საომრად უფლის წინაშე,
21და შეჭურვილი გადავა თითოეული თქვენგანი იორდანეს გაღმა უფლის წინაშე, ვიდრე არ აყრის უფალი თავის მტრებს თავის წინაშე,
22და არ დაემორჩილება ქვეყანა უფალს, მერე გაბრუნდებით და უბრალონი იქნებით უფალთან და ისრაელთან, თქვენი საკუთრება გახდება ეს ქვეყანა უფლის წინაშე.
23თუ ასე არ მოიქცევით, შესცოდავთ უფალს და დაიმსახურებთ სასჯელს, რომელიც გეწევათ თქვენ.
24აიშენეთ ქალაქები თქვენი ბავშვებისათვის და ფარეხები ცხვრისათვის. რაც თქვენი ბაგეებიდან გამოვა, ის აკეთეთ.
25ასე უთხრეს გადიანებმა და რეუბენიანებმა მოსეს: ისე მოიქცევიან შენი მორჩილნი, როგორც ჩვენი ბატონი ბრძანებს.
26ჩვენი ბავშვები, ჩვენი ცოლები, ჩვენი საქონელი და მთელი ჩვენი პირუტყვი დარჩებიან აქ, გალაადის ქალაქებში.
27შენი მორჩილნი კი, ყველანი სალაშქროდ დარაზმული გავლენ უფლის წინაშე საბრძოლველად, როგორც ჩვენი ბატონი ამბობს.
28უბრძანა მათზე მოსემ ელეაზარ მღვდელს, იესო ნავეს ძეს და ისრაელიანების შტოთა მამამთავრებს.
29უთხრა მათ მოსემ: თუ გადავლენ გადიანები და რეუბენიანები თქვენთან ერთად იორდანეს გაღმა საომრად დარაზმულნი უფლის წინაშე, და დამორჩილდება ის ქვეყანა თქვენს წინაშე, მიეცით მათ გალაადის ქვეყანა საკუთრებად.
30თუ არ გადავლენ დარაზმულნი თქვენთან ერთად, მაშინ თქვენს შორის მიიღებენ წილს ქანაანის ქვეყანაში.
31პასუხად მიუგეს გადიანებმა და რეუბენიანებმა: როგორც უფალმა უთხრა შენს მორჩილთ, ისე მოვიქცევით.
32ჩვენ გავალთ დარაზმულნი უფლის წინაშე ქანაანის ქვეყანაში, სამკვიდრო კი იორდანეს გამოღმა გვექნება.
33და მისცა მოსემ მათ - გადიანებს, რეუბენიანებს და მენაშეს, იოსების ძის, ნახევარ შტოს სიხონ ამორეველთა მეფის სამეფო, ბაშანის მეფის, ყოგის, სამეფო, ქვეყანა თავისი ქალაქებითა და სანახებითურთ, ქვეყნის ქალაქები ირგვლივ.
34ააშენეს გადიანებმა დიბონი, ყატაროთი და ყაროერი,
35ყატაროთ-შოფანი, იაყზერი და იაგბეჰა,
36ბეთ-ნიმრა, ბეთ-ჰარანი, გამაგრებული ქალაქები და ფარეხები ცხვრისათვის.
37რეუბენიანებმა ააშენეს ხეშბონი, ელყალე, კირიათაიმი,
38ნებო, ბაალ-მეყონი, რომელთაც სახელი შეეცვალათ, და სიბმა; დაარქვეს სახელები ქალაქებს, რომლებიც მათ ააშენეს.
39წავიდნენ მაქირ მენაშეს ძეს შთამომავალნი გალაადში, აიღეს იგი და განდევნეს იქ მცხოვრები ამორეველნი.
40მისცა მოსემ გალაადი მაქირ მენაშეს ძეს და ის დასახლდა იქ.
41იაირ მენაშეს ძე კი წავიდა და აიღო მათი სოფლები და დაარქვა მათ იაირის სოფლები.
42ნობახი წავიდა და აიღო კენათი თავის დაბა-სოფლებიანად და დაარქვა მას თავისი სახელი: ნობახი.
Next