თავი - 31
Previous1ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
2იძიე ისრაელიანთა შური მიდიანელებისგან, მერე კი შეერთე შენს ხალხს.
3ასე ელაპარაკა მოსე ხალხს: საბრძოლოდ დარაზმეთ თქვენი ხალხი და დაესხან მიდიანს, რომ უფლის შური მიაგონ მიდიანს.
4ათას-ათასი კაცი თითო შტოდან, ისრაელის ყოველი შტოდან გაგზავნეთ სალაშქროდ.
5გაწვეული იქნა ისრაელის ათასეულებისგან ათასათასი კაცი თითო შტოდან, სულ თორმეტი ათასი სალაშქროდ დარაზმული კაცი.
6გაგზავნა ისინი მოსემ, ათასი კაცი თითო შტოდან, სალაშქროდ, აგრეთვე ფინხასი, ელეაზარ მღვდლის შვილი, სალაშქროდ წმიდა ჭურჭლითა და საყიჟინო საყვირებით ხელში.
7გაილაშქრეს მიდიანზე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს, და დახოცეს ყველა მამრი.
8დახოცილებში იყვნენ მიდიანის მეფეები: ევი, რეკემი, ცური, ხური და რება - ხუთი მიდიანელი მეფე. აგრეთვე მოკლეს მახვილით ბალაამი, ბეყორის ძე.
9ტყვედ წაიყვანეს ისრაელიანებმა მიდიანელი ქალები და ბავშვები და მთელი მათი საქონელი. მოიალაფეს მთელი მათი ქონება და დოვლათი.
10ცეცხლს მისცეს ყველა მათი ქალაქი მათ საზღვრებში და ყველა დაბა.
11აიღეს მთელი ნადავლი და მთელი ნაალაფარი კაციდან პირუტყვამდე.
12მივიდნენ მოსესთან, ელეაზარ მღვდელთან და ისრაელიანთა საზოგადოებასთან ტყვეებით, ნაალაფარითა და ნადავლითურთ, ბანაკში, მოაბის ველზე, იორდანის ნაპირას, იერიქონის პირდაპირ.
13გავიდნენ ბანაკიდან მათ შესახვედრად მოსე, ელეაზარ მღვდელი და საზოგადოების მთელი თავკაცობა.
14განურისხდა მოსე ჯარის. უფროსებს, ათასისთავებს და ასისთავებს, რომლებიც ბრძოლის ველიდან მობრუნდნენ.
15უთხრა მათ მოსემ: ცოცხალი დატოვეთ ყველა ქალი?
16განა მათი მიზეზით არ განუდგნენ ისრაელიანები უფალს, როგორც თქვა ბალაამმა, და გადაამეტეს ფეღორის ცოდვას, რის გამოც მოხდა განადგურება უფლის საზოგადოებაში?
17ახლა გაწყვიტეთ ბავშვებში ყოველი მამროვანი, ყოველი ქალი, რომელსაც შეცნობილი ჰყავს კაცი მამრის საწოლზე, მოკალით.
18ხოლო ყოველი დედროვანი ბავშვებში, რომელსაც არ შეუცვნია მამაკაცი მამრის საწოლზე, ცოცხალი დაიტოვეთ.
19შვიდ დღეს ბანაკის გარეთ დარჩით. ყველანი, ვინც კაცი მოკლა, ან ვინც მოკლულს მიეკარა, მესამე დღეს და მეშვიდე დღეს გაწმიდავდით თქვენ და თქვენი ტყვეები.
20მთელი ტანისამოსი, ტყავის ყოველი ნივთი, ყველაფერი, რაც თხისურისგან არის ნაკეთები და ხის ყოველი ჭურჭელი, უნდა გააწმიდაოთ.
21უთხრა ელეაზარ მღვდელმა მოლაშქრეებს, რომლებიც ომში იყვნენ ნამყოფი: ეს არის რჯულის კანონი, რომელიც ნაანდერძევი აქვს უფალს მოსესთვის.
22ოღონდ ოქრო-ვერცხლი, სპილენძი, რკინა, თუთა და ტყვია,
23ყოველი ნივთი, რომელიც უძლებს ცეცხლს, გაატარეთ ცეცხლში და გაწმინდავდება. გამაწმიდავებელი წყლითაც გააწმიდავეთ. ყველაფერი, რაც ცეცხლს ვერ უძლებს, წყალში გაავლეთ.
24გაირეცხეთ ტანისამოსი მეშვიდე დღეს და გაწმიდავდით. ამის მერე შედით ბანაკში.
25ასე უთხრა უფალმა მოსეს:
26აღრიცხეთ ნადავლი კაციდან პირუტყვამდე შენ, ელეაზარ მღვდელმა და საზოგადოების მამამთავრებმა.
27შუაზე გაუყავი ნადავლი ლაშქრობაში ნამყოფ მეომრებს და მთელს საზოგადოებას.
28გამოართვი უფლისთვის ხარკი ლაშქრობაში ნამყოფ მებრძოლებს თითო სული ხუთასზე - ადამიანიდან და პირუტყვიდან, სახედრებიდან და ცხვრებიდან.
29აიღე ეს მათი ნახევრიდან და მიეცი ელეაზარ მღვდელს საუფლო ძღვენი.
30ისრაელიანთა ნახევრიდან კი აიღე თითო წილი ორმოცდაათზე, ადამიანიდან, პირუტყვიდან, სახედრებიდან, ცხვრებიდან, საქონელიდან და მიეცით ეს ლევიანებს, რომლებიც უფლის კარვის სამსახურს ასრულებენ.
31გააკეთეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
32მოლაშქრეთაგან დატაცებული ნადავლის გარდა იყო ექვსას სამოცდათხუთმეტი ათასი ცხვარი და თხა,
33სამოცდათორმეტი ათასი ხარ-ძროხა,
34სამოცდაერთი ათასი სახედარი.
35ხოლო ქალები, რომელთაც არ ჰყავდათ შეცნობილი მამაკაცი მამრის საწოლზე, სულ იყვნენ ოცდათორმეტი ათასი სული.
36ლაშქარში ნამყოფთა ნახევარი წილი იყო რიცხვით სამასოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი ცხვარი და თხა.
37საუფლო ხარკი ფარიდან იყო ექვსას სამოცდათხუთმეტი;
38ხარ-ძროხა ოცდათექვსმეტი ათასი, ხოლო აქედან საუფლო ხარკი სამოცდათორმეტი.
39სახედარი ოცდაათი ათას ხუთასი, ხოლო აქედან საუფლო ხარკი სამოცდაერთი.
40ადამიანი თექვსმეტი ათასი სული, ხოლო აქედან საუფლო ხარკი ოცდათორმეტი სული.
41ჩააბარა მოსემ ხარკი, საუფლო ძღვენი ელეაზარ მღვდელს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის.
42აგრეთვე ისრაელიანთა კუთვნილი ნახევრიდან, რომელიც ჩამოართვა მოსემ ლაშქარში ნამყოფთ.
43საზოგადოებისათვის განკუთვნილი ნახევარი იყო: სამას ოცდაშვიდი ათას ხუთასი ცხვარი და თხა,
44ოცდათექვსმეტი ათასი ხარ-ძროხა,
45ოცდაათი ათას ხუთასი სახედარი,
46და თექვსმეტი ათასი სული ადამიანი.
47აიღო მოსემ ისრაელიანთათვის განკუთვნილი ნახევრიდან ორმოცდამეათედი წილი - ადამიანი და პირუტყვი - და მისცა ისინი ლევიანებს, უფლის კარვის სამსახურის შემსრულებლებს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის.
48მივიდნენ მოსესთან ლაშქრის ათასეულთა მეთაურები, ათასისთავები და ასისთავები,
49და უთხრეს მოსეს: დაითვალეს შენმა მსახურებმა მეომრები, რომლებიც ჩვენს ხელქვეით არიან, და არცერთი მათგანი არ აკლია.
50შემოგვიწირავს საუფლო შესაწირავი, თითოეულმა რაც იპოვა ოქროს ნივთებიდან - სალტეები და სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები და ყელსაბამები, ჩვენი სულის განსაწმედად უფლის წინაშე.
51ჩაიბარეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა მათგან ოქროულობა, ყველა ის სამკაული.
52მთელი ოქრო, რომელიც ძღვნად მიუტანეს უფალს ათასისთავებმა და ასისთავებმა, იყო სულ თექვსმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი შეკელი.
53მოლაშქრეებს თითოეულს თავისი წილი ჰქონდა დატაცებული.
54მიიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა ოქროულობა ათასისთავებისგან და ასისთავებისგან და შეიტანეს სადღესასწაულო კარავში ისრაელიანთა სამახსოვროდ უფლის წინაშე.
Next