Eleos

Contents

თავი - 30

Previous
1გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს ყველაფერი ისე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
2ასე ელაპარაკა მოსე ისრაელიანების შტოთა მეთაურებს: აჰა, რაც ბრძანა უფალმა:
3ვინც აღთქმას მისცემს უფალს ან ფიცით დაიფიცებს, რასმე აღუკვეთს თავისთავს, არ უნდა შეშალოს თავისი სიტყვა, ყველაფერი უნდა შეასრულოს, რაც მისი ბაგეებიდან არის გამოსული.
4თუ ქალი ვინმე აღთქმას მისცემს უფალს და რასმე აღიკვეთს მამისეულ სახლში სიყმაწვილისას,
5მამამისიც გაიგებს მის აღთქმას და აღკვეთას, რაც მან თავის თავს აღუკვეთა, და არაფერს ეტყვის, უნდა შესრულდეს ყველა აღთქმა და აღკვეთა, რაც თავის თავს აღუკვეთა ქალმა.
6თუ დაუშლის მამამისი, როცა გაიგებს, არ უნდა შესრულდეს არცერთი მისი აღთქმა და აღკვეთა, რაც თავის თავს აღუკვეთა ქალმა, და უფალი აპატიებს მას, რადგან მამამისმა დაუშალა.
7გათხოვებისას, თუ აღთქმები დარჩება მასზე ან წამოცდენილი სიტყვა, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს,
8გაიგებს მისი ქმარი და, როცა გაიგებს, არაფერს იტყვის, უნდა შესრულდეს მისი აღთქმები და აღკვეთები, რაც თავის თავს აღუკვეთა.
9თუ ქმარი გაიგებს და დაუშლის, შეუძლია გააუქმოს მისი აღთქმა, რომელიც მასზეა, და წამოცდენილი სიტყვა, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს, და უფალი აპატიებს.
10ქვრივის ან ქმარგაყრილის აღთქმა და ყოველი აღკვეთა, რითაც რაიმე აღკვეთილი აქვს თავისი თავისთვის, უნდა შესრულდეს მასზე.
11თუ ქმრის სახლში დადებს აღთქმას ან რასმე აღუკვეთს თავის თავს ფიცით,
12გაიგებს ქმარი, არაფერს ეტყვის და არ დაუშლის, უნდა შესრულდეს ყველა მისი აღთქმა და ყველა აღკვეთა, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს.
13თუ ქმარი გაუუქმებს ყველაფერს ამას, როცა გაიგებს, მაშინ ყოველი მისი ნათქვამი, აღთქმა თუ აღკვეთა, არ შესრულდება, რადგან ქმრის გაუქმებულია და უფალი აპატიებს მას.
14ყოველ აღთქმას და აღკვეთის ყოველ ფიცს თავის დასაოკებლად ქმარი დაამტკიცებს და ქმარი გააუქმებს.
15თუ ქმარმა არაფერი უთხრა მას, დაუმტკიცებია ყოველი მისი აღთქმა და ყოველი აღკვეთა, რაც მასზეა, რაკი არაფერი თქვა, როცა გაიგო.
16თუ გაიგებს და მერე გააუქმებს, მასზე იქნება ქალის ცოდვა.
17ეს წესებია, რომლებიც უბრძანა უფალმა მოსეს ცოლ-ქმრისათვის, მამისა და მისი ქალიშვილისათვის, ყმაწვილობისას მამამისის სახლში.
Next