Eleos

Contents

თავი - 28

Previous
1ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
2უბრძანე ისრაელიანებს და უთხარი მათ: გახსოვდეთ, თავის დროზე შემომწიროთ საჩემო შესაწირავი, საჩემო პური, ჩემი საცეცხლო მსხვერპლისთვის, საჩემო კეთილსურნელება.
3უთხარი მათ: აი, საცეცხლო მსხვერპლი, რომელიც უნდა შესწიროთ უფალს: ორი წელგამოვლილი საღი ცხვარი დღეში, მუდმივი აღსავლენი მსხვერპლი.
4ერთი ცხვარი დილით შესწირე, მეორე ცხვარი საღამოხანს შესწირე.
5საძღვნოდ - ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, ჰინის მეოთხედ სუფთა ზეთში აზელილი.
6მუდმივი აღსავლენი მსხვერპლი, რომელიც შეწირული იყო სინაის მთაზე კეთილსურნელებისთვის, საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის.
7საღვრელად ჰინის მეოთხედი თითო ცხვარზე, განწმედილ ადგილზე დაუღვარე უფალს საღვრელი ზედაშე.
8მეორე ცხვარი საღამოხანს შესწირე: დილანდელი ძღვენითა და საღვრელითურთ შესწირე საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფალს.
9შაბათ დღეს ორი წელგამოვლილი საღი ცხვარი და საძღვნოდ ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, და მისი საღვრელი.
10ეს არის საშაბათო აღსავლენი შაბათობით მუდმივი აღსავლენისა და მისი საღვრელის გარდა.
11ყოველი თვის დასაწყისში შესწირეთ აღსავლენად უფალს: ორი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი წელგამოვლილი საღი ცხვარი.
12საძღვნოდ ეფის სამი მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, თითო კურატზე და ეფის ორი მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, თითო ვერძზე.
13საძღვნოდ ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, თითო ცხვარზე. აღსავლენი, კეთილსურნელება, საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის.
14მათი საღვრელი-ჰინის ნახევარი კურატზე, ჰინის მესამედი ვერძზე, ჰინის მეოთხედი ცხვარზე. აი, ეს არის საახალმთვარეო აღსავლენი მსხვერპლი წელიწადის ყოველ თვეს.
15ერთი ვაცი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად უფალს; მუდმივ აღსავლენ მსხვერპლის გარდა შესწირე მის საღვრელთან ერთად.
16პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს, უფლის პასექია.
17ამ თვის მეთხუთმეტე დღეს დღესასწაულია: შვიდ დღეს ხმიადები უნდა იჭამოს.
18პირველ დღეს წმიდა უქმეა: არაფერი საქმე არ უნდა აკეთოთ.
19შესწირეთ უფალს საცეცხლო აღსავლენი მსხვერპლი: ორი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი წელგამოვლილი, საღები უნდა გყავდეთ.
20მათთან ერთად შესწირეთ ძღვენი: გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, ეფის სამი მეათედი კურატზე და ეფის ორი მეათედი ვერძზე.
21ეფის მეათედი შესწირეთ თითო ცხვარზე იმ შვიდთაგან.
22ერთი ვაცი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, რათა მიგეტეოთ.
23გარდა დილის აღსავლენი მსხვერპლისა, რომელიც მუდმივი აღსავლენი მსხვერპლია, შესწირეთ ესენი.
24ასე გააკეთეთ ყოველდღე შვიდღეულში: პური, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელება შესწირეთ საღვრელთან ერთად, გარდა აღსავლენი მსხვერპლისა.
25მეშვიდე დღეს წმიდა უქმობა გქონდეთ: არაფერი საქმე არ აკეთოთ.
26პირველნაყოფობის დღეს, როცა ახალი ძღვენი მიგაქვთ უფლისათვის, თქვენს შვიდღეულებში, წმიდა უქმობა გქონდეთ: არაფერი საქმე არ აკეთოთ.
27შესწირეთ უფალს აღსავლნი კეთილსურნელებისთვის: ორი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი ორწლიანი ცხვარი,
28საძღვნოდ მათთვის: გამტკიცული ფქვილი, ზეთში არეული, ეფის სამი მეათედი თითო კურატზე, ორი მეათედი თითო ვერძზე.
29ეფის მეათედი თითო ცხვარზე იმ შვიდ ცხვართაგან,
30ერთიც ვაცი თქვენი მიტევებისთვის.
31გარდა მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა და მისი ძღვენისა, შესწირეთ ესენი - საღი უნდა გყავდეთ - მათთვის განკუთვნილი საღვრელთან ერთად.
Next