თავი - 27
Previous1გამოვიდნენ ასულნი ცელაფხადისა, ძისა ხეფერისა, ძისა გალაადისა, ძისა მაქორისა, ძისა მენაშესი, მენაშეს, იოსების ძის, საგვარეულოდან (მის ასულებს სახელად ერქვათ: მახლა, ნოა, ხოგდა, მილქა და თირცა),
2და წარუდგნენ მოსეს, ელეაზარ მღვდელს, თავკაცებს და მთელს საზოგადოებას სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, უთხრეს:
3მამაჩვენი უდაბნოში მოკვდა და არ ყოფილა იგი უფლის წინააღმდეგ შეთქმულთა დასში, კორახის დასში, არამედ თავისი ცოდვის გამო მოკვდა და ვაჟები არ ჰყოლია.
4რატომ უნდა გაქრეს მამაჩვენის სახელი მის საგვარეულოდან, იმის გამო, რომ ვაჟი არ ჰყავს? მოგვეცით ჩვენ სამკვიდრო მამაჩვენის ძმებს შორის.
5უფლის წინაშე მიიტანა მოსემ მათი სამართალი.
6ასე უთხრა უფალმა მოსეს:
7მართალს ამბობენ ცელაფხადის ასულნი. უნდა მისცე მათ საკუთარი სამკვიდრო მათი მამის ძმებს შორის, მათზე უნდა გადაიტანო მათი მამის სამკვიდრო.
8ისრაელიანვბს ასე უთხარი: თუ ვინმე მოკვდა და ვაჟი არ დარჩა, მისი სამკვიდრო მის ასულზე გადაიტანეთ.
9თუ ასული არ ჰყავს, მისი სამკვიდრო მის ძმებს მიეცით.
10თუ ძმები არ ჰყავს, მისი სამკვიდრო მამამისის ძმებს მიეცით.
11თუ მამამისს ძმები არ ჰყავს, მიეცით მისი სამკვიდრო მის ახლო ნათესავს მისი საგვარეულოდან, რათა დაესაკუთროს მას. იყოს ეს ისრაელიანთათვის სამართლის წესად, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
12უთხრა უფალმა მოსეს: ადი ამ ყაბარიმის მთაზე და გადახედე ამ ქვეყანას, რომელიც ისრაელიანთათვის მაქვს მიცემული.
13დაინახავ მას და შენც შეერთვი შენს ხალხს, როგორც შენი ძმა, აარონი, შეერთო.
14რადგან ეურჩეთ ჩემს ბრძანებას ცინის უდაბნოში, როცა უთანხმოება ჩამოვარდა საზოგადოებაში, რათა ჩემი სიწმიდე გამოცხადებულიყო მათ თვალწინ, წყლებთან (ეს არის მერიბათ-კადეშის წყლები ცინის უდაბნოში).
15ასე უთხრა მოსემ უფალს:
16დაუდგინოს უფალმა, ყოველი ხორციელის სულთა ღმერთმა, კაცი ამ საზოგადოებას,
17ვინც გამოვა მათ წინაშე და ვინც შევა მათ წინაშე, ვინც გამოიყვანს მათ და ვინც შეიყვანს მათ, რომ არ დაემსგავსოს უფლის საზოგადოება უმწყემსოდ დარჩენილ ფარას.
18უთხრა უფალმა მოსეს: წაიყვანე იესო ნავეს ძე, რომელშიც არის სული, და დაასხი მას ხელი.
19დააყენე იგი ელეაზარ მღვდლის წინაშე და მთელი საზოგადოების წინაშე და დამოძღვრე ყველას თვალწინ.
20უწილადე შენი დიდება, რომ ემორჩილებოდეს მას ისრაელიანთა მთელი საზოგადოება.
21ელეაზარ მღვდელს წარუდგება იგი და გამოიკითხავს მისგან ურიმის სამართალს უფლის წინაშე. მისი ბრძანებით გმოვლენ და მისი ბრძანებით შევლენ ის და მთელი ისრაელობა მასთან ერთად და მთელი საზოგადოება.
22ყველაფერი შეასრულა მოსემ, როგორც უბრძანა მას უფალმა. წაიყვანა იესო და წარუდგინა ელეაზარ მღვდელს და მთელს საზოგადოებას,
23დაასხა მას ხელთ და დამოძღვრა იგი, როგორც ბრძანა უფალმა მოსეს პირით.
Next