Eleos

Contents

თავი - 25

Previous
1როდესაც შიტიმში ცხოვრობდა ისრაელი, გარყვნილებას ეწეოდა ერი მოაბელ ქალებთან.
2იწვევდნენ ის ქალები ხალხს თავიანთ ღმერთების დღეობებზე და ჭამდა ხალხი მათ საკლავს და თაყვანს სცემდა მათ ღმერთებს.
3შეეთვისა ისრაელი ბაალ-ფეღორს და რისხვით აინთო უფალი ისრაელის მიმართ.
4უთხრა უფალმა მოსეს: აიღე და ჩამოუკიდე უფალს მზისით ხალხის ყველა თავკაცი და გადავა უფლის რისხვა ისრაელისგან.
5უთხრა მოსემ ისრაელის მსაჯულებს: მოკლას თითოეულმა თავისი კაცები, ვინც კი ბაალ-ფეღორს ან შეთვისებულები.
6აი, მოვიდა ერთ-ერთი ისრაელიანი და მოიყვანა თავის ძმებთან მიდიანელი ქალი მოსეს თვალწინ ისრაელიანთა მთელი საზოგადოების თვალწინ, როცა სადღესასწაულო კარავთან იდგნენ ისინი და ტიროდნენ.
7დაინახა ეს აარონ მღვდლის ძის, ელეაზარის ძემ ფინხასმა, წამოდგა საზოგადოებაში და ხელში შუბი იპყრა.
8შეჰყვა იმ ისრაელიანს ოთახში და უგმირა შუბი ორთავეს - ისრაელიანს და ქალს - მუცელში. და შეწყდა ისრაელიანთა განადგურება.
9გაწყდა განადგურების დროს ოცდაოთხი ათასი კაცი.
10ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
11ფინხასმა, აარონ მღვდლის ძის, ელეაზარის ძემ, აარიდა ჩემი რისხვა ისრაელიანებს, რადგან მათ შორის შური აღეძრა ჩემს გამო, და მე არ გავწყვიტე ისრაელიანები ჩემი შურით.
12ამიტომ უთხარი: აჰა, მე ვაძლევ მას ზავის აღთქმას.
13იყოს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის სამარადისო მღვდლობის აღთქმად იმის სანაცვლოდ, რომ შურით აღივსო თავისი ღმერთის გამო და გამოითხოვა ისრაელის პატიება.
14სახელი მოკლული ისრაელიანისა, რომელიც მოიკლა მიდიანელ ქალთან ერთად, იყო ზიმრი, სალუს ძე, სიმონიანთა მოდგმის თავკაცი.
15სახელი მოკლული მიდიანელი ქალისა იყო ქოზბი, ასული ცურისა, უბოთის მეთაურის. მიდიანის მოდგმისა იყო იგი.
16ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
17ემტერეთ მიდიანელებს და მუსრი ავლეთ,
18რადგან მტრულად მოგექცნენ, როცა გაცთუნეს ფეღორით და ქოზბით, მიდიანელთა თავკაცის ასულით, თავიანთი დით, რომელიც მოიკლა ფეღორის გამო თავსდამტყდარი განადგურების დღეს.
Next