Eleos

Contents

თავი - 24

Previous
1დაინახა ბალაამმა, რომ ისრაელის დალოცვა უფალს უნდოდა, და არ შეუდგა წინანდებურად გრძნეულებას, არამედ უდაბნოსკენ იბრუნა პირი.
2გაიხედა ბალაამმა და დაინახა ისრაელი შტოებად დაწყობილი და ღვთის სული გადმოვიდა მასზე.
3წარმოთქვა თავისი იგავი: ნათქვამი ბალაამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალღია კაცისა,
4ნათქვამი ღვთის სიტყვათა გამგონისა, რომელიც ხედავს ხილვებს ყოვლადძლიერისგან; ეცემა, მაგრამ თვალები ღია აქვს.
5რა მშვენიერია შენი კარვები, იაკობ! შენი სადგომები, ისრაელ!
6როგორც გაშლილი ჭალები, როგორც ბაღები მდინარის პირას, როგორც უფლის დარგული ალვები, როგორც წყლისპირა კედრები.
7იდინებს წყალი მისი სარწყულებიდან და მისი თესლი დიდ წყლებში იქნება; აგაგზე უფრო ამაღლდება მისი მეფე და აღზევდება მისი სამეფო.
8ღმერთია მისი გამომყვანებელი ეგვიპტიდან, მარტორქის ძალაა იგი მისთვის; ჭამს მის მტრებს, ძვლებს უმტვრევს და თავისი ისრებით გმირავს.
9ჩაიმუხლა, გაწვა ხვადი ლომივით და ძუ ლომივით, ვინ წამოაგდებს? დალოცვილია შენი დამლოცველი და დაწყევლილია შენი მაწყევარი.
10რისხვით აინთო ბალაკი ბალაამის მიმართ, ხელი ხელს შემოჰკრა და უთხრა ბალაკმა ბალაამს: ჩემი მტრების შესაჩვენებლად დაგიძახე, შენ კი უკვე მესამეჯერ ლოცავ მათ.
11ახლა გაიქეცი შენს ადგილას. ვიფიქრე, პატივს გცემ-მეთქი და, აჰა, დაგიკავა პატივი უფალმა.
12უთხრა ბალაამმა ბალაკს: ხომ ვუთხარი შენს გამოგზავნილ მოციქულებს:
13თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული მთელი თავისი სახლი მომცეს ბალაკმა, მაინც ვერ გადავალ უფლის, ჩემი ღმერთის, ბრძანებას, ვერც კარგს გავაკეთებ, ვერც ცუდს-მეთქი ჩემი ნებით; რასაც უფალი იტყვის, მეც იმას ვიტყვი-მეთქი?
14ახლა მივდივარ ჩემს ხალხთან. მოდი, გაგიცხადებ, რას უზამს ეს ხალხი შენს ხალხს მომავალში.
15და წარმოთქვა თავისი იგავი: ნათქვამი ბალაამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალღია კაცისა;
16ნათქვამი ღვთის სიტყვათა გამგებისა, უზენაესის ზრახვათა შემცნობისა, რომელიც ხედავს ხილვებს ყოვლადძლიერისგან, ეცემა, მაგრამ თვალები ღია აქვს.
17ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა; ვუყურებ მას, მაგრამ არა ახლოდან. ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან და იმართება კვერთხი ისრაელისგან, მოწყლავს მოაბის მთავრებს და გაანადგურებს შეთის მთელს მოდგმას.
18საკუთრება გახდება ედომი, თავისი მტრების საკუთრება გახდება სეყირი, ხოლო ისრაელი გამოაჩენს ძალას.
19დაეპატრონება იაკობისაგანი და გაანადგურებს ქალაქში დარჩენილთ.
20დაინახა ყამალეკი და წარმოთქვა თავისი იგავი: პირველი ხალხია ყამალეკი, მაგრამ საბოლოოდ დაიღუპება.
21დაინახა კენიელები და წარმოთქვა თავისი იგავი: მაგარია შენი სამყოფელი და კლდეზე მოგიწყვია ბუდე.
22თუ გაპარტახდა კაენი, როდემდის ეყოლები ტყვედ აშურს?
23წარმოთქვა თავისი იგავი: ვაი, ვინ იქნება ცოცხალი, როცა ამას მოახდენს ღმერთი?
24მოვლენ ხომალდები ხეთელებისგან და მოთრგუნავენ აშურს, მოთრგუნავენ ყებერს, მაგრამ თავადაც დაიღუპებიან.
25ადგა ბალაამი და წავიდა, დაბრუნდა თავის მხარეში. წავიდა თავისი გზით ბალაკიც.
Next